ბათუმში ტრეფიკინგში ბრალდებულმა მიმალვა შეძლო, მას პროკურატურა ეძებს

ტრეფიკინგში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გ.ს.-მ უზბეკეთიდან მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში მ.ხ. მსხვერპლმა იცოდა, რომ ის რესტორანში მიმტანად იმუშავებდა.

„გ.ს.-მ საქართველოში ჩამოსული მ.ხ. საცხოვრებლად მოათავსა ქ.ბათუმში, დროებით ნაქირავებ სახლში, რის შემდეგ ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, ფიზიკური ანგარიშსწორებით, ცემით, მუქარით, იძულებით მოახდინა მისი გადაბირება და პროსტიტუციაში ჩაბმა. 2018 წლის 4 თებერვლიდან 11 მარტამდე, სექსუალურ ექსპლუატაციის მიზნით, გ.ს.-ს დაზარალებული სისტემატიურად გადაჰყავდა ბათუმში და ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბში, რესტორანსა და სასტუმროში, ახორციელებდა მის სექსუალურ ექსპლუატაციას, ხოლო გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალის წარდგენამდე გ.ს. მიიმალა. გუშინ, 3 მაისს, ბრალდებულის დასაკავებლად ძებნა გამოცხადდა.

გ.ს.-ს გამოძიება ტრეფიკინგში ადანაშაულებს, რაც ჩადენილია დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სასჯელი 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი