დღეს საბჭო თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობაზე იმსჯელებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, 4 მაისს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭო აჭარის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის, თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში „ევექსის“ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღეს საბჭო სამინისტროში ოთხ საათზე შეიკრიბება.

კონკრეტულად რა საკითხებს განიხილავს საბჭო, ამის შესახებ სააგენტოში ინფორმაცია არ გაამხილეს, თუმცა გვითხრეს, რომ საბჭოზე გასულ საკითხებზე გადაწყვეტილებები დღესვე გახდება ცნობილი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საბჭოს სხდომას თემურ გაბაიძის ოჯახის წევრები დაესწრებიან.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში ჰქონდა დასკვნა იმის შესახებ, თუ რა დარღვევები გამოიკვეთა პაციენტის სამედიცინო ისტორიაში, თუმცა საკითხზე საბჭოს, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს, ამ დრომდე არ უმსჯელია.

ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭოში რომ მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა ჭიანურდება, ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშშიცაა აღნიშნული. 

თემურ გაბაიძე გასულ წელს, კუროტ „გოდერძიზე“ დაშავდა და დაშავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი სამედიცინო ისტორია საქართველოს სამედიცინო საქმიანობის სააგენტომ გარდაცვლილის ოჯახის მიმართვის საფუძველზე შეისწავლა და რამდენიმე დარღვევა დაადგინა.

კერძოდ:

სწორი დიაგნოზი დაისვა დაგვიანებით, ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებები კი არაადეკვატური იყო.

ოპერაციისას, ანესთეზიის დროს, დაშვებული იყო შეცდომა და გამოყენებული იყო მინიმალურ დოზაზე ნაკლები პრეპარატი, ასევე ოპერაცია მიმდინარეობდა არასაკმარისი ანალგეზიის პირობებში.

არ ჩატარებულა ინფექციონისტის კონსულტაცია და ანტიკონვულსური (გვერდითი მოვლენები) თერაპია დაინიშნა არაადეკვატური სქემით და ა.შ.

სამედიცინო საქმიანობის სააგენტომ პროფესიული განვითარების საბჭოს სამი ექიმის [შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმი, ხათუნა გელაშვილი, შპს „უნიმედი აჭარას“ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმები: გიორგი კავთელაძე და მაია მამისაიშვილი] პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე მიმართა.

_____________

ამავე თემაზე: 

მინისტრის კომენტარი თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობაზე

თემურ გაბაიძის დაღუპვიდან 14 თვე გავიდა, საბჭოს კი ექიმების პასუხისმგებლობაზე არ უმსჯელია 

ევექსის ექიმების პასუხისმგებლობა თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში – სააგენტოს დასკვნა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com