მთავარი,სიახლეები

მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მარტო დარჩენილი პატიმრის მეუღლე

13.03.2018 • 2099
მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მარტო დარჩენილი პატიმრის მეუღლე

170-ლარიანი სოციალური დახმარებით ცოტა შეშა იყიდა, თავად დაჩეხა. როცა სითბო შემოაკლდათ, თხილი გასხლა და წვრილი ტოტებით ათბობდა ღუმელს მთელი ზამთარი. ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე ცხოვრობს ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მეორე სართულზე წვიმასა და თოვლში დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩამოდის.

ნესტიან პირველ სართულზე ცხოვრებისგან ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ, პატარებმა ანთება დაძლიეს, მაგრამ დედას ნესტისგან მუდმივად სტკივა ფეხები. ასე ცხოვრობს პატიმრის მეუღლე, 33 წლის მარიამი (სახელი შეცვლილია) ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში.

მარიამის მუღლე 2017 წლის ივნისში დააკავეს. საპატიმროში ორი წელი უნდა გაატაროს, გათავისუფლების შემდეგ კი 3-წლიანი პირობითი სასჯელის მოხდა მოუწევს.

მცირეწლოვან ბავშვებთან მარტო დარჩენილი პატიმრის მეუღლეს სახელმწიფო ყოველთვიურად 170 ლარით ეხმარება. მარიამს სოციალური დახმარების გარდა სხვა შემოსავალი არ აქვს. ბავშვებს ვერავის უტოვებს და უმუშევარია. სოფლის სხვა მცხოვრებლების მსგავსად მცირე ნაკვეთზე ცოტა თხილი აქვს გაშენებული, ყოველწლიურად 3 დიდ და 2 პატარა ტომარას კრეფს – სულ ეს არის მთელი მოსავალი. თუმცა წელს ფაროსანასთან ერთად ნაყოფი მეზობლების პირუტყვმა გაანადგურა, დაზიანებულმა ღობემ პლანტაცია ღორებისგან ვერ დაიცვა და შედეგად მარიამს თხილის მოსავალი მთლიანად გაუნადგურდა.

„მაქსიმალური დახმარება რაც მეზობლებისა და ახლობლებისგან შეიძლება მივიღო, შეშის დაჩეხვაა, ზამთარში. ყველას ვებრალები და მამხნევებენ: ახალგაზრდა ხარ, მოულოდნელობებისგან არავინაა დაცულიო. ვგრძნობ მორალურ მხარდაჭერას ახლობლებისგან, მაგრამ ფინანსურად ვერავინ გვეხმარება, ვის რა აქვს სოფელში? ძალიან გვიჭირს, ბავშვებს ბევრი სჭირდებათ, ხანდახან ფულის სესხება და ნაწილ-ნაწილ გასტუმრება მიწევს, სხვანაირად რას ვიზამდი, არ ვიცი. მცირეწლოვან ბავშვებს ვერ ვტოვებ, ამიტომ შინ, საკუთარ ეზოში მირჩევნია თხილის პლანტაციას მოვუარო“, – გვიყვება მარიამი.

დემოკრატიის ინსტიტუტის „ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და პატიმართა ოჯახების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ოჯახს ეზოს ღობე გამოუცვალეს. ეს ნიშნავს, რომ მარიამი მომავალ წელს თხილის მოსავალს შეინარჩუნებს. მას პროექტის შესახებ პატიმარმა მეუღლემ უამბო, რომელიც გათავისუფლების შემდეგ შესაძლოა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამებში ჩაერთოს, თუკი შესაბამის ინიციატივებს გამოიჩენს.

პატიმრის მეუღლემ დაზიანებული სახურავის შესაკეთებლად თხოვნით მიმართა სოფლის გამგეობას. მარიამს უთხრეს, რომ უამრავ სხვა ადამიანს აქვს სახლის სახურავი დაზიანებული, რომელთა მდგომარეობაც გაცილებით უფრო მძიმეა. დაჰპირდნენ, რომ მივიდოდნენ და სიტუაციას შეისწავლიდნენ, თუმცა გამგეობიდან მარიამისა და მისი მცირეწლოვანი ბავშვების ამბავი ამის შემდეგ არავის უკითხავს.

პატიმრის მეუღლე ამბობს, რომ მას არ აქვს იგივე ფსიქოლოგიური წნეხი, რისი გადატანაც ხშირად უწევთ პატიმრების ოჯახის წევრებს:

„არავისგან მიგრძნია, რომ რახან მეუღლე პატიმარი მყავს, ეს სირცხვილია. ყველა მამხნევებს და მამშვიდებს. სოფელში ყველა ყველას ახლობელია და ერთმანეთის მდგომარეობას ადამიანურად იზიარებენ, ბავშვებმაც იციან, რომ მამა დროებით ცხოვრობს სხვაგან და მალე ისევ მათთან დაბრუნდება, ეგუებიან რეალობას. მონატრებით, რა თქმა უნდა, სულ ენატრებათ და ერთსა და იმავე კითხვას მისვამენ ყოველდღე: „მამა როდის დაბრუნდება?“.

მარიამის მცირეწლოვანი ბავშვები „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მიერ პატიმართა ოჯახის წევრებისთვის ორგანიზებულ გასართობ ღონისძიებაშიც მონაწილეობენ. პატიმრის მეუღლე მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიებები ამსუბუქებს ოჯახების მდგომარეობას და აგრძნობინებს, რომ ისინი პრობლემებთან მარტო არ არიან.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: