ხულომ არარსებული მეტროს გადასახადი გააუქმა

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 9 მარტს, მეტროსა და აეროპორტის დასუფთავების მოსაკრებელი გააუქმა. ხულოს მუნიციპალიტეტი მაღალმთიანი რეგიონია და იქ მეტროსადგურები საერთოდ არ არის. ხულოში არც აეროპორტია.

როგორც ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ დიმიტრაძე „ბათუმელებთან“ საუბარში განმარტავს, მეტროს გადასახადის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს დადგენილებაში დაუდევრობით მოხვდა.

„ეს საკრებულოს ტექნიკური პერსონალის დაუდევრობის ბრალი იყო, რადგან  დოკუმენტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე იყო გატანილი, არ იყო ატვირთული საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე და მაცნეს მიეწოდა არა დამუშავებული დოკუმენტი, არამედ პირველადი,“-ამბობს დიმიტრაძე.

„იმედია, ამით დასრულდება გაუგებრობა,“-ამბობს ის.

მეტროს გადასახადი, დიმიტრაძის თქმით, თვეში 6 ლარია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com