ვინ მიიღებს თავშესაფარს ევროპაში

ათასობით ადამიანი საქართველოდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფრის სტატუსის მიღებას ცდილობს. სტატისტიკის მიხედვით, ძალიან მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებენ თავშესაფარს. ევროპაში თავშესაფრის მიღება რომ რთულია, კარგად იციან ქართველებმა, რომლებიც ახლა ევროპაში თავშესაფრის მიმღებთა რიგში დგანან. თითოეულ მათგანს სჯერა, რომ ევროპის რომელიმე ქვეყანაში დარჩენას მაინც შეძლებს.

თავშესაფრის მაძიებელთა სიმრავლემ ევროპის ქვეყნებში კრიმინალის მაჩვენებელიც გაზარდა. ქართველი მიგრანტების მიმართ ამ მხრივ ყველაზე მკაფიო და კრიტიკული განცხადებები ბოლო დროს გერმანიაში გაკეთდა. რამდენიმე დღის წინ გერმანიის მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი, კრისტიან კლოსი, შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს. „არსებულ ტენდენციაში უნდა მოხდეს სწრაფი და მდგრადი ცვლილებები“, – თქვა ქრისტიან კლოსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ვიცი, მაინც მოვახერხებ დარჩენას… ასე ფიქრობს აქ ყველა“

„საქართველოდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წამოვედი, მაქ მკურნალობას არ ჰქონდა შედეგი. სრულიად სხვა მეთოდით გავდივარ აქ მკურნალობის კურსს,“ – გვიყვება სალომე [სტატიაში სახელები შეცვლილია]. იგი ერთ-ერთია საქართველოდან წასულ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ თავშესაფარს საფრანგეთის ხელისუფლებისგან ითხოვს.

თავშესაფარში მცხოვრებ ადამიანებს „ბათუმელები“ სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა.

სალომე: „ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თავშესაფარს ვერავინ მიიღებს და ასე შემდეგ. სინამდვილე არის ის, რომ აქ ჩამოსული უკან აღარავინ ბრუნდება. მე ივნისში მივმართე განცხადებით ოფრას [ორგანიზაცია, რომელიც თავშესაფრის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს საფრანგეთში. ამის შემდეგ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. ავტ.] ჩემი განცხადების განხილვა ჯერ არ დასრულებულა. სასამართლო თუ უარს იტყვის, იმ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეგიძლია და ასე შემდეგ. ეს პროცესი ზოგჯერ სამი წელი გრძელდება. ამასობაში ადამიანები შოულობენ სამსახურს, კონტრაქტს არ უფორმებენ, მაგრამ მუშაობენ და ახერხებენ დარჩენას, როგორც არალეგალები. როცა შვილი სკოლაში დადის, მით უმეტეს ვეღარ გიშვებენ უკან. თავშესაფარში ვინც ცხოვრობს, სხვადასხვა მიზეზს გეტყვიან, რატომაც არიან აქ. რეალური მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არის გაჭირვება, რასაც ისინი საქართველოდან გამოექცნენ…“

გერმანიაში ერთ-ერთი თავშესაფრის სამრეცხაო. ეთერ თურაძის ფოტო. 2016 წელი

სტატუსის მინიჭების მსურველს მიმღები ქვეყანა თავდაპირველად თავშესაფარში ათავსებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირი თავშესაფრის სტატუსის მქონეა. სტატუსის მისაღებად კონკრეტული მიზეზია საჭირო, მაგალითად, დევნა პოლიტიკური შეხედულებების, რელიგიური მრწამსის ან სექსუალური ორიენტაციის გამო. აპლიკანტმა უნდა დაუდასტუროს ევროპულ სახელმწიფოს, რომ იგი სამშობლოში საკუთარი უფლებების დაცვას ვერ ახერხებს და ემუქრება საფრთხე.

„გასაუბრებაზე როცა ვიყავი, ყველაფერი მკითხეს დეტალურად. მოგონილი მიზეზით ვერაფერს გახდები, ვერ მიიღებ თავშესაფრის სტატუსს,“ – ამბობს სალომე.

სტატუსის მინიჭების შემთხვევაში პირი თავისუფლად ირჩევს საცხოვრებელ ადგილს, მაგალითად, საფრანგეთში და სარგებლობს სოციალური შეღავათებით.

სოციალური პაკეტით ადამიანები სარგებლობენ სტატუსის მინიჭებამდეც. მათ თავშესაფარში ათავსებენ. სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა, წესით, 6 თვეში უნდა დასრულდეს.

„თავშესაფარი შეიძლება იყოს ცალკე შენობა, სადაც ყველა ადამიანი ერთად ცხოვრობს, ვინც სტატუსის მინიჭებას ელოდება, ან ცალკე ბინა, რომლის თანხასაც სახელმწიფო იხდის,“ – გვიყვება სალომე. – „თავშესაფარში ერთ ოთახში ორი ან სამი ადამიანი ცხოვრობს. თითოეულ ოთახს თავისი სველი წერტილი აქვს. პირველ სართულზე სოციალები არიან… „სოციალი“ ნიშნავს სოციალურ მუშაკს, რომელიც თითოეულ პირს თავისი ჰყავს, მაშინვე გინიშნავენ, როგორც კი განცხადებას დაწერ და ანაბეჭდს აბარებ. სოციალი გეხმარება საბუთების მოწესრიგებაში, საჩივრების დაწერაში, ასევე გაკავშირებს ორგანიზაციებთან, ვისაც აქვთ უფასო საკვები და ტანსაცმელი. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც სოციალები ითხოვენ, არის ის, რომ სტუმრების აყვანა შენს ოთახში არ შეგიძლია. სტუმარი შეგიძლია მიიღო ცალკე ოთახში. ამას გარდა, ყოველდღიურად გერიცხება 3,70-6,80 ევრომდე. თანხა მერყეობს საჭიროებიდან გამომდინარე. თავშესაფარში მყოფ ადამიანს აქვს სპეციალური დოკუმენტი. ამით უფასო მგზავრობას ვახერხებთ“.

რას აპირებთ იმ შემთხვევაში, თუკი საბოლოოდ მაინც ვერ მიიღებთ სტატუსს? – სალომე დაუფიქრებლად მპასუხობს, რომ ევროპის სხვა ქვეყანაში გადავა და იქ მოითხოვს თავშესაფარს.

თეა: დაახლოებით სამი თვე ქუჩაში ვიყავით მე და ჩემი შეყვარებული

„ჩვენ აგვისტოში ჩამოვედით სტრასბურგში,“ – გვესაუბრება თეა, რომელიც სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენს და მეგობარ გოგოსთან ერთად ითხოვს თავშესაფარს.

„აქ ძალიან ბევრი ბანაკია. მგონი, თავშესაფრის მაძიებელი ფრანგზე მეტია… თავიდან მოგვცეს თავშესაფარი, სადაც ვიყავით იმ პირობით, რომ მხოლოდ ღამის გათევა შეგვეძლო. ადრე დილით ბანაკი უნდა დაგეტოვებინა. რაღაც პერიოდის შემდეგ ამ თავშესაფარზეც უარი გვითხრეს. დაახლოებით სამი თვე ვიყავით გარეთ. ენის შესწავლაც ვერ მოვახერხეთ, რომ სადმე გვემუშავა… მატარებლის სადგურში ვჩერდებოდით. შუაღამისას, როცა ისიც იკეტებოდა, გარეთ ვიყავით.

ჩემს შეყვარებულს ფილტვების ანთება დაემართა. კარგი ისაა, რომ როგორც კი ანაბეჭდს აბარებ და თავშესაფარს ითხოვ, მაშინვე 100-პროცენტიანი დაზღვევით სარგებლობ. ექიმებმა დაგვიწერეს დასკვნა, რომ ჩვენი ქუჩაში დარჩენა არ შეიძლებოდა. მაგის მერე ცოტა ხანი ისევ ბანაკში ვიყავით და მერე სტრასბურგთან ახლოს ერთ ქალაქში, სასტუმროს ნომერი გვიქირავეს. ახლა აქ ვართ.

თავშესაფარი გერმანიაში. ეთერ თურაძის ფოტო. 2016 წელი

ჩემს შეკითხვაზე, როგორ მოახერხეთ თავის გატანა? – თეას ეცინება. „მაინც იმაზე უკეთესად ვარ, ვიდრე საქართველოში… სოციალურ შემწეობას თვეში 370 ევროს ვიღებდით მე და ჩემი შეყვარებული. ამ ფასად აქ ნორმალური კვებაა შესაძლებელი. ახლა, როცა ცალკე ბინაში ვცხოვრობთ, სადღაც 300 ევროს ვიღებთ. დღეს, მაგალითად, სტომატოლოგთან ვიყავი. ჯანმრთელობის დაზღვევა სტომატოლოგთან ვიზიტსაც სრულად აფინანსებს“.

თეას თქმით, კარგად არ არიან, მაგრამ არ შიათ: „რაც მთავარია, იმის არ გვეშინია, რომ ვინმე შეიძლება თავს დაგვესხას მარტო იმიტომ, რომ ერთმანეთი გვიყვარს. აქ არავის აინტერესებს ის, რომ გოგოებს გვიყვარს ერთმანეთი“.

გასაუბრებაზე უკვე იყო თეა და ოფრას პასუხს მარტის ბოლოს ელოდება: „ერთი ადამიანი ესაუბრება ყველას და გარეთ ათეულობით ადამიანია რიგში. შეხვედრას ესწრება შენი სოციალი და თარჯიმანიც… თუ ადამიანი ადრე გამოვიდა, ყველამ იცის, რომ არ გაუმართლა. რიგში მყოფებმა იციან, რომ ოფრას ინსპექტორი დეტალურად ეძიება ყველაფერს. რაიმეს დამალვას აზრი არ აქვს. შეიძლება ისეთი რამ გითხრან, შენც გაგიკვირდეს…

ჩვენთან გასაუბრება ორსაათ-ნახევარს გაგრძელდა. მოლოდინი მაინც არ მაქვს, რომ თავშესაფრის სტატუსს მივიღებთ, მაგრამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში. მინდა, ვიქორწინო ჩემს შეყვარებულზე. ეს საქართველოში ვერ წარმომიდგენია. ამიტომაც არ დავბრუნდები.“

რას აკეთებს ხელისუფლება – კითხვებს მთავრობა უპასუხოდ ტოვებს
  

„გერმანია არსებული სამართლებრივი ჩარჩოების გამოყენებით რამდენიმე წლით აუკრძალავს შენგენის ზონაში შესვლას იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე,“ – ეს ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩომ 5 მარტს გაავრცელა. განცხადებაში ასევე წერია: „აუცილებელია, არსებულ ტენდენციაში მოხდეს სწრაფი და მდგრადი ცვლილებები, რათა გამყარდეს 2017 წლის მარტში ძალაში შესული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისათვის“.

6 მარტს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი, კრისტიან კლოსი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში ელჩი – ანეტ გიუნთერი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

„ვიზიარებთ აზრს, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უნდა იქნეს შენარჩუნებული. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყოთ მოქალაქეთა უვიზო გადაადგილება, ხოლო მეორე მხრივ, მოვახდინოთ გადაადგილების და თავშესაფრის უფლების ბოროტად გამოყენების პრევენცია,“ – უთხრა ქრისტიან კლოსმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახიძემაც. მან თქვა, რომ ქართული მხარე განიხილავს საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებისა და გვარის შეცვლის პროცედურების გართულებას. დეტალებზე ნინო ჯავახაძეს არ უსაუბრია.

კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველო ვითარების შესაცვლელად, რაც თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდას და კრიმინალს უკავშირდება? – მთავრობაში ამ თემაზე საუბარი არ სურთ. „ბათუმელებმა“ კითხვებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. პრესსამსახურების თხოვნის შემდეგ, ჩვენ კითხვები ამ უწყებებს წერილობითაც გავუგზავნეთ. მთავრობაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ მოისურვეს.

6 მარტს გერმანიის ოფიციალურ პოზიციას მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი გამოეხმაურა. მაგალითად, თეა წულუკიანი. მან პრობლემიდან გამოსავალზე საუბრის ნაცვლად, არჩია მისალმებოდა შედეგს, რასაც გერმანული მხარე აანონსებს.

„მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე, რადგან არ არსებობს ამის საფუძველი. ჩვენ ყველას გვევალება დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობებისთვის ის, რაც არის ისტორიული შედეგი, რასაც  თითოეულმა ჩვენგანმა ერთად მივაღწიეთ. ეს არის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თავშესაფრის მაძიებლები საქართველოდან და გაზრდილი კრიმინალი ევროპაში

„ქართველები გერმანიაში ქმნიან ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს“, – ამ შინაარსის სტატიები გერმანულ მედიაში ხშირად იბეჭდება. გერმანულმა რადიომ, wdr.de-მა (საზოგადოებრივი მაუწყებელი) პოლიციის ინფორმაციის საფუძველზე დაწერა, რომ დევნილთა ბანაკიდან გამომდინარე, რეგიონში მკვეთრად გაიზარდა დანაშაულის სტატისტიკა. დევნილთა ბანაკებში კი ცხოვრობს გაურკვეველი პერსპექტივის ბევრი დევნილი, მათ შორის, საქართველოდან.

ოფიციალური ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის დაწესებამდე პერიოდთან შედარებით, თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა: მხოლოდ 2018 წლის იანვარში საქართველოს შვიდასზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი.

თებერვლის დასაწყისში ქართველი ემიგრანტების მხრიდან კრიმინალის მატებაზე საუბარი გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაიწყეს. 8 თებერვალს გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალის რეგიონის მინისტრმა განაცხადა, რომ  განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხს.

9 თებერვალს, საქართველოს მთავრობა სხდომაზე გამოეხმაურა ამ საკითხს. მთავრობის წევრებმა თქვეს, რომ „დიდი ყურადღებით ეკიდებიან პარტნიორი ქვეყნების წუხილს და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ, როგორც კანონმდებლობის გამკაცრების, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებისა და ქვეყნის მასშტაბით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოების მიმართულებით“.

“საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე, რომელთა შედეგად, შემოღებული იქნება მთელი რიგი პრევენციული ზომებისა, მათ შორის ისეთი, როგორიცაა რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებზე დაკისრება; გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება და ა.შ. აღნიშნული ცვლილებები მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება წარდგენილი,“ – აღნიშნა 9 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

9 თებერვლიდან დღემდე საზოგადოებას არც საკანონმდებლო ცვლილება უნახავს და არც კონკრეტული ნაბიჯები, რაც საქართველოს მთავრობამ გადადგა პრობლემის მოსაგვარებლად.

ვინ მიიღო თავშესაფარი ევროპაში ვიზალიბერალიზაციის შემდეგ
 

გასულ წელს საქართველოდან ევროპის ქვეყნებს თავშესაფრის მისაღებად 11 569 ადამიანმა მიმართა. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ [2017 წლის თებერვალი] საქართველოდან ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა დაახლოებით 35 პროცენტით გაიზარდა. 

რაც შეეხება განაცხადების დაკმაყოფილების სტატისტიკას, ის საკმაოდ დაბალია. მაგალითად, 2017 წლის დეკემბერში საქართველოს მხოლოდ 13-მა მოქალაქემ მიიღო თავშესაფრის სტატუსი ევროპაში, ხუთს სუბსიდიით დაეხმარნენ.

გერმანიაში საქართველოდან ყველაზე მეტი ადამიანი ჩადის თავშესაფრის საძიებლად. ევროსტატის ცნობით, 2016 წლის აპრილ-დეკემბერში გერმანიაშ საქართველოდან 3050 განაცხადი შევიდა თავშესაფრის მოთხოვნით, ხოლო  2017 წლის აპრილ-დეკემბერში – 2780.

გასულ წელს საქართველოდან 1180 მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი საფრანგეთში. 2016 წელს საფრანგეთს 680-მა საქართველოს მოქალაქემ მიმართა.

თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ იმატა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, 2016 წლის აპრილ-დეკემბერში იტალიას თავშესაფრის თხოვნით საქართველოს მოქალაქეებმა 160-ჯერ მიმართეს,  2017 წლის ანალოგიურ პერიოდში – 440-ჯერ.

დეტალური ინფორმაცია ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის თხოვნის შესახებ იხილეთ აქ

„რეალურად თავშესაფრის სტატუსის მიღება არის იშვიათი და ეს არის ძალიან რთული პროცედურა,“ – ამბობს ვანო ჩხიკვაძე, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში. მას ვკითხეთ, ვის მისცეს თავშესაფრის სტატუსი ევროპის ქვეყნებში.

„ეს ინფორმაცია მიიჩნევა პერსონალურ ინფორმაციად და იგი არ არის საჯარო. ალბათ ოფიციალურ სტრუქტურებს აქვთ ეს ინფორმაცია. ცნობილია ის, რომ თუკი ვერ დაადასტურებს მოქალაქე, რომ მისი უფლების დაცვა საქართველოში შეუძლებელია და ელოდება საფრთხე, ვერ მიიღებს თავშესაფარს,“ – გვითხრა ვანო ჩხიკვაძემ.

ოფიციალური სტატისტიკით ასევე არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანი დაბრუნდა საქართველოში, ვისაც თავშესაფრის სტატუსის მიღებაზე ევროპის ქვეყნებში უარი უთხრეს.

გამოსავალი – ექსპერტის პოზიცია
 

„გამოსავალი იქნება უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ასევე თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადებების შემჭიდროვებულ ვადებში განხილვა,“ – მიიჩნევს სპეციალისტი ევროინტეგრაციის საკითხებში ვანო ჩხიკვაძე. ის ყურადღებას ამახვილებს ისლანდიაზე, რომელმაც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეს საქართველოდან თავშესაფრის სტატუსს ვერ მიიღებს. ამ ცვლილების შემდეგ, ისლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან განულდა.

„თავშესაფრის მაძიებელთა ზრდა არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს პრობლემა ჰქონდა ალბანეთს, ესტონეთს უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ. პრობლემა მოგვარდა, როცა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიიღეს ამ ქვეყნებმა,“ – გვითხრა ვანო ჩხიკვაძემ.

რატომ არ ანიჭებენ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს? – ექსპერტი განმარტავს, რომ ამას ერთიანი პოლიტიკური მიდგომა სჭირდება „და რაც მთავარია – ვითარების პოზიტიური შეფასება. თუ გაუარესდება საქართველოში, მაგალითად, მდგომარეობა უმცირესობების თემაზე, რა თქმა უნდა, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს არ მოგვანიჭებენ. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ძირითადი მიმართულებებით მართლაც გაუმჯობესდა ვითარება. მაგალითად, ვიზალიბერალიზაციის ბოლო პროგრეს ანგარიშში წერია, რომ უნდა გაუმჯობესდეს დაცვის მექანიზმები, იგივე „ანტიდისკრიმნაციული კანონის“ აღსრულება. უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი არ უნდა ქმნიდეს რისკს დემოკრატიული განვითარებისთვის. ამ სტატუსის შემდეგაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს თავშესაფრის სტატუსი ევროპის რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაოდ აღიარებული და გახმაურებული შემთხვევა…

ვიცით ყველამ, რომ ევროპაში თავშესაფრის მიმზიდველობა არის სოციალური მდგომარეობიდან თავის დაღწევა, ანუ იქაური სოციალური პაკეტი აქაურ ხელფასზე მაინც მეტია. მოკლე დროში სოციალური მდგომარეობა ვერ შეიცვლება, ამიტომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი ყველაზე მოკლე დროში მოაგვარებს პრობლემას,“ – აღნიშნვს ვანო ჩხიკვაძე.

სპეციალისტი ასევე მიიჩნევს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდება, თუკი ევროპის ქვეყნები მაქსიმალურად მოკლე ვადაში განიხილავენ თავშესაფრის მთხოვნელთა განცხადებებს. „რაც უფრო დიდი ხანი გაქვს, მეტად არის შესაძლებლობა, იქ რაღაც სამუშაო იშოვო და დარჩე, როგორც არალეგალი,“ – დასძენს ვანო ჩხიკვაძე.

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს კონკრეტულად გერმანიისგან?

ვანო ჩხიკვაძე: გერმანიაში საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შენგენის ზონაში შეზღუდვაზე იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც თავშესაფარზე უარს ეტყვიან. საუბარია გერმანიიდან ევროპის სხვა ქვეყანაში შესვლაზე. თუკი არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, შესაძლოა, ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდეს. ჩემი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე, რასაც აპირებს, ეს არის საინფორმაციო კამპანია და პოლიციის ატაშეების დანიშვნა, რომლებიც ევროპის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, ადგილზე მოაგროვებენ ინფორმაციას და მიაწვდიან საქართველოს ხელისუფლებას.

დროში გაიწელება ეს საკითხი, მაგრამ ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გერმანიის მიზანი მარტო ჩვენი შეშინებაა. თუკი ეს მდგომარეობა კრიტიკულ წერტილამდე მივიდა, შეიძლება შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ პირველი ქვეყანა, რომელზეც ეს ამოქმედდება. ეს რომ მოხდეს, ამას ექნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც და იგი აისახება საქართველოს შესახებ ზოგად განწყობებზე.“


მასალა მომზადებულია პროექტის – „მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში “ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
პროექტი დაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი