ბათუმის მერია ყინულის სასახლის ტერიტორიას საკუთრებაში აჭარის მთავრობას გადასცემს

ტერიტორიას, სადაც ბათუმის ყინულის სასახლე მდებარეობს, მათუმის მერია საკუთრებაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადასცემს. ქონების უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი 15 თებერვალს სხდომაზე ბათუმის საკრებულომ უნდა განიხილოს.

მერიის ინფორმაციით, ბათუმში, ლ. ასათიანის N27-ში მდებარე 7832,9 კვ/მ საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობებიდან, ნაგებობა N3 [მცირე ზომის სპორტული დარბაზი] ამ მომენტისთვის არის გამოთავისუფლებული. კერძოდ, მოხსნილია აეროპნევმატური მემბრანა და დარბაზიდან მერიის საწყობში გატანილია ინვენტარი.

აჭარის მთავრობა არსებული ყინულის სასახლის ტერიტორიაზე ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის აშენებას გეგმავს. შესაბამისი განკარგულების პროექტში აღნიშნულია, რომ ყინულის არენის მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ის სარგებლობაში გადაეცემა ა[ა]იპ „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრს.“

არსებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბრამდე ამ ტერიტორიაზე აშენდება მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი, რომელშიც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება. საჭადრაკო ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი, ეს დარბაზი გადაკეთდება ყინულის არენად. დღეს არსებული ყინულის სასახლე კი დაიშლება. პარალელურად აშენდება საცურაო აუზიც.

ამავე თემაზე:

20 მილიონ დოლარად ბათუმში ყინულის ახალი არენა და საცურაო აუზი შენდება

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com