გთხოვთ, მომათავსეთ თავშესაფარში!

22 მოხუცი ქობულეთში და 15 ბათუმში თავშესაფარს ითხოვს. ეს ქალაქები არ არის გამონაკლისი, სადაც მოხუცები თავშესაფრის რიგში დგანან. ჩვენს ქვეყანაში მათი რაოდენობა ზუსტად არავის დაუთვლია. „სადღაც 100-მდე მოხუცი იქნება რიგში,“ – გვიპასუხეს სოციალური მომსახურების სააგენტოში კითხვაზე: რამდენ მოხუცს სჭირდება თავშესაფარი?

ქობულეთში თავშესაფარი არ არსებობს, თუმცა გამგეობაში პასუხი აქვთ – რამდენიმე მოხუცს შევთავაზეთ ბათუმის თავშესაფარი და უარი გვითხრესო. საუბარია ღამის თავშესაფარზე, სადაც მოხუცს საღამოს 8 საათზე შეუძლია მისვლა და ადრე დილით უნდა წავიდეს სადმე – დღისით თავშესაფარი დაკეტილია. ბათუმის სათნოების სახლთან კი, სადაც დღისით და ღამითაც შეიძლება დარჩენა, მოხუცების რიგია. იციან, რომ მათი ადგილი შიგნით მაშინ იქნება, როცა თავშესაფარში ვინმე მოკვდება.

მოხუცები სხვადასხვა პრობლემით აღმოჩნდნენ თავშესაფრის კართან – უსახლკაროა, მომვლელი არავინ ჰყავს, ძალადობის მსხვერპლია და შვილს ვერ უჩივლა, გაცლა ამჯობინა, ან კიდევ: „ვის რაში ვჭირდები? ზედმეტი ვარ“. თითოეული მათგანი გეტყვით, რომ ძალიან მძიმე იყო ხელი მოეწერათ განცხადებაზე, რომელიც ასეთი შაბლონით სრულდება: „გთხოვთ, მომათავსეთ თავშესაფარში!“

„ახსნა სჭირდება, რატომ მინდა თავშესაფარში?“

„ახსნა სჭირდება, რატომ მინდა თავშესაფარში?“ – მკითხა მან და ჭაღარა თმის ხვეულებში შეასრიალა ხელი. 75 წლის გული ღვინჯილია ქობულეთში ცხოვრობს ქალიშვილთან, სიძესთან და შვილიშვილებთან ერთად. ოჯახი სოციალურად დაუცველია. გულის ქალიშვილი თურქეთში მუშაობს. სიძე ხანდახან მუშაობს, როცა რამე გამოჩნდებაო, ამბობს გული. შვილიშვილები სკოლაში დადიან. გული პენსიას ვერ იღებს, რადგან ბანკის ვალი აქვს.

გულიკო ღვინჯილია. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

„ჩემმა სიძემ წამიყვანა და რაღაცას კი მოვაწერე ხელი, შვილივით ვენდობი, ხომ არ გადავამოწმებდი? თავისებური ხასიათი აქვს, მისებურად უნდა ყველაფერი. არც ვიცი, რაში დაიხარჯა ის ფული. მერე პენსიიდან რომ აღარაფერი დარჩა, მივედი ბანკში ამბის მოსაკითხად. მითხრეს, სესხი გქონიათო. 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება, მერე ხომ აღარ იქნება? დავა და ჩხუბი არ შემიძლია… არ ვერევი მე ოჯახის საქმეებში. ოჯახი ჯახია, ჯახიო, დედა ამბობდა. მართლა ასე ყოფილა,“ – ამბობს ის და თვალებში ეტყობა, რომ ამ თემაზე საუბარი აღარ სურს. რამდენიმე წამით ფანჯრისკენ აპარებს მზერას და დასძენს:

„იცით, მე მუსიკა მიყვარს. ბავშვობიდან მიყვარდა. გულჩათხრობილი ვიყავი, აქამდე გულში ვიკლავდი ყველაფერს. ვფიქრობდი, ღირსი ვარ ალბათ-მეთქი. ბავშვობიდან ვუკრავდი ფანდურზე, ჩონგურზე, პიანინოზე, გიტარაზეც ვთამაშობ… სახლში მაშინ ვუკრავ, როცა მარტო ვრჩები,“ – მიყვება ის.

გული ღვინჯილია თავის სიყვარულზეც გვიყვება. ამბობს, რომ მეხუთე კლასის მოსწავლე იყო, როცა დანიშნეს და შეუყვარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ გული მუსიკალურზე აპირებდა ჩაბარებას და მოულოდნელად ოჯახმა მისი გათხოვება სხვა ბიჭზე გადაწყვიტა.

„ვისზეც ბავშვობიდან დანიშნული ვიყავი, ჯარში იყო, ციმბირში, ვერაფერი გავაპროტესტე. ის ჯარიდან გამოიქცა და ჩამოვიდა, როგორც კი ჩემი ამბავი გაიგო. სოხუმელი იყო… სოხუმში დაუკავებიათ. მოუყოლია ყველაფერი მილიციისთვის, ასე და ასე, ქალი მიყვარსო და ის კიდევ გაათხოვესო. ჰოდა, დაგვიბარეს ყველა დაკითხვაზე, თუ ამბობს ეს კაცი მართალსო… ერთი კვირა „გაუბახტში“ ამყოფეს. მერე წერილი მისწერა დედაჩემს, შვილიანიც რომ იყოს, მაინც დავიბრუნებო. მე წალენჯიხაში ვიყავი უკვე, სოფელ ჯვარში. წლების მერე სიმღერის ხმა შემომესმა სოფელში. მივხვდი, ის დაბრუნებულიყო ჯარიდან. გარეთ გასვლა ვერ გავბედე. ის არ დაქორწინებულა. მერე გავიგე, რომ მოკვდა.

ქობულეთში ვმუშაობდი საკონსერვოში და აქ მომცეს ბინა. ჩემი ბინაა, ახლა სადაც ვცხოვრობ, მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა… ოჯახში რომ ვთქვი, თავშესაფარში უნდა წავიდე-მეთქი, შვილიშვილმა გააპროტესტა, ბებია, გინდა საქვეყნოდ თავი მოგვჭრაო? ვუთხარი, რომ მე წავალ, თქვენ იქნებით ტკბილად და ბედნიერად-მეთქი.“

„ამ ზამთარსაც კატები გამათბობენ, ალბათ“

„მე იულია ჟუკოვა ვარ, გენერლის გვარი მაქვს,“ – მითხრა მან, გაიღიმა და ოთახში შემიპატიჟა. ის უსახლკაროა. 79 წლის იულია ქობულეთში სხვისი სახლის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს იმ პირობით, რომ საკუთრებას ყურადღებას მიაქცევს.

დიდი სახლის ერთ პატარა ოთახში დგას იულიას მაგიდა, სადაც წიგნები ალაგია, კარადა და საწოლი. იატაკი ამოყრილია და ნესტის მძაფრი სუნი იგრძნობა. ირგვლივ ყველაფერს გახუნებულია. იულია გამუდმებით იღიმის და მარწმუნებს, რომ დაღვრემილი ადამიანი, მით უმეტეს მოხუცი, არავის უნდა.

იულია მაგიდაზე მიმობნეულ წიგნებს და ჟურნალებს თავს უყრის, თან ემოციურად მიყვება, მიხარია, რომ მოხვედით, ადამიანებთან საუბარი მომნატრებია და აი, თქვენც გამოჩნდითო.

„პეტერბურგის ბლოკადის დროს ჩამომიყვანეს რუსეთიდან ბათუმში, ძალიან პატარა ვიყავი, არაფერი მახსოვს, არც მშობლები მახსოვს… დიდი ხანი ბათუმში ვმუშაობდი სხვადასხვა რესტორანში მიმტანად, „სალხინოში“ ვიყავი ბევრი წელი, საუკეთესო იყო ის წლები. მერე ქობულეთში წამოვედი და ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე ვცხოვრობდი. ეზოებს ვალაგებდი, ვხვეტავდი. იმ დასახლებიდან გამოგვიშვეს და ქუჩაში დავრჩი ისევ. მას შემდეგ აქ ვარ, უკვე შვიდი წელია. სოციალურ დახმარებას მაძლევენ, მაგრამ არაფერში მყოფნის. წიგნები მიყვარს და მაგით ვიქცევ თავს. წამლები მჭირდება, გასულ წელს მანქანა დამეჯახა ქუჩაში. არც გაუჩერებია მძღოლს მანქანა, ისე მიმატოვა. მას შემდეგ სულ მტკივა ეს მხარი,“ – თქვა მან, მხარზე მიიდო ხელი და სახე შეეჭმუხნა, მერე დასძინა: „ჩემი ერთადერთი შვილიც ავტოავარიაში დაიღუპა. ამაზე ლაპარაკი არ მინდა… სხვა არავინ მყავს. სამი კატა მყავს და ისინი მათბობენ. ამ ზამთარსაც კატები გამათბობენ, ალბათ.“

იულია ჟუკოვა. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

„ყველას ვუთხარი, რომ უკვე მოვკვდი“

მეათე წელია 65 წლის ნათელა გოგიბერიძეს ეტლის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია. მას სხვადასხვა მძიმე დაავადება აწუხებს. შინ მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს, რომელიც მარტოხელა დედაა. შვილი არსად მუშაობს, რადგან დედას მუდმივად სჭირდება მოვლა. დაახლოებით ერთი წლის წინ ოჯახს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს.

„მე როგორი გოგო ვიყავი იცით? თითის წვერებზე ვდგებოდი, ძალიან მაგრად ვცეკვავდი, ვმღეროდი,“ – დაიწყო მან, როცა ჯერ სტუმრების გამოჩენა იხარა, შვილმა საწოლიდან ეტლში გადმოიყვანა და ჩვენთან მოვიდა. მან სევდიანი მზერა გამისწორა და განაგრძო:

„მეურნეობაში ვმუშაობდი, ტვირთს ვეზიდებოდი, ძალიან მძიმე იყო, იმიტომ გავწყდი წელში… მეუღლე მძღოლი იყო, გარდაიცვალა. მანამდე გათხოვილი ვიყავი და იმ ოჯახშიც შემეძინა ერთი ბიჭი. ის თურქეთში დადის, იქ მუშაობს სეზონურად და ამით ირჩენს თავს. ხანდახან გამოივლის, როგორ ხარ დედიო, მეტყვის და წავა,“ – მიყვება ნათელა გოგიბერიძე. დაჟინებით მთხოვს სასწრაფოს ექიმებზე დაწერეთ რამე კარგიო. ესენი არიან ჩემი მომკითხავები, დღეში სამჯერ რომ დავურეკო, სამივეჯერ მოვლენო. ტელეფონის ხსენებაზე ეღიმება და ერთ ისტორიას იხსენებს.

„ერთხელ ძალიან მოვიწყინე და ჩემი ძმის ოჯახში დავრეკე. რძალმა მიპასუხა, ვერ მიცნო ტელეფონში, რომელი ხარ, რომელი ხარო, ამოიჩემა. ვუთხარი, ნათელას მეზობელი ვარ, მოკვდა ნათელა და რატომ არ მოდიხართ სატირალში, სად ხართ-მეთქი. უიო, უიმეო, იკივლა რძალმა, საწყალი ნათელაი მომკვდარაო… გავხალისდი. მერე მეორე ძმასაც დავურეკე და იგივე ვუთხარი. ყველას ჩამოვურეკე და ვუთხარი, რომ უკვე მოვკვდი… მეორე დილას რიგი იდგა ჩემს სადარბაზოსთან. აღარ მელაპარაკებიან, ასე როგორ მოგვატყუეო. აბა, ისე არ მოდიხართ, მომენატრეთ და რა მექნა-მეთქი, ვუსაყვედურე მეც… მას მერე მიმალავენ ტელეფონს“.

ნათელა გოგიბერიძე. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

როდის ითხოვენ მოხუცები თავშესაფარს

სახლში არ დაგვხვდა გულიკო ჩარკვიანი. „მისი სახლი“ ქობულეთის სადგურთან ახლოს, „უსინათლოთა კავშირის“ ერთი მიტოვებული შენობაა, სადაც არც წყალია, არც ელექტროენერგია, ჩამოქცევის პირასაა სახურავი და იატაკიც. აქ ცხოვრობს 65 წლის გულიკო ჩარკვიანიო, გვითხრა „ღირსეული სიბერის“ კოორდინატორმა მარინა ჟღენტმა. მისი თქმით, გულიკო ყოველდღე მუშაობს, ტვირთსაც ეზიდება, ან შეკვეთით ვინმეს ბაღს ამუშავებს.

„თავშესაფრის სერვისი არ არსებობს და უკვე 22 განცხადებაა. წარმოიდგინეთ, სერვისი რომ არსებობდეს, რამდენი იქნება,“ – გვითხრა ნანა კალანდაძემ, ორგანიზაცია „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელმა. ეს ორგანიზაცია ქობულეთში წლების განმავლობაში ხანდაზმულების უფლებებისთვის მუშაობს. ნანა კალანდაძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ მენტალიტეტის გათვალისწინებით მოხუცები მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს ითხოვენ თავშესაფარს.

მოხუცები წერილებს „ღირსეულ სიბერეში“ წერენ. აქ გვიყვებიან, რომ გამგეობაში არ ატოვებინებენ წერილს და ჩვენთან აგზავნიან. წერილები საბოლოოდ ისევ გამგეობამდე მიდის, თუმცა ამას შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია.

„ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა მოხუცს დაწერილი განცხადება უკან გაუტანია, რადგან შვილმა ამის შესახებ გაიგო და თავშესაფარი იუკადრისა. ხშირად მოხუცებზე ძალადობენ, მაგრამ მათ ამის შესახებ საუბარი არ სურთ. ეს პრობლემაა, რომელსაც ყურადღების მიქცევა უნდა,“ – გვიყვება „ღირსეული სიბერის“ კოორდინატორი, მარინა ჟღენტი. მას თითოეული მოხუცის ისტორია ზეპირად ახსოვს, ვისთანაც უმუშავია 2007 წლიდან დღემდე. ფიქრობს, ქობულეთში თავშესაფარი თუ იარსებებს, მინიმუმ 50 მოხუცი იქ მუდმივად იქნება.

„ზაფხულში შვილიშვილმა მოიყვანა ბებია და აქ დატოვა, მეც ქუჩაში ვარ და რა ვქნაო. მათ სახლი იპოთეკით ჰქონდათ დატვირთული, გაუყიდეს და ახლობელთან ცხოვრობდნენ… მოხუცმა დროებით ურეხის თავშესაფარს შეაფარა თავი, ვიდრე ბათუმის სათნოების სახლში ადგილი გამოჩნდებოდა. იყო მოხუცი, რომელიც გვიყვებოდა, რომ ბალიშით ცდილობდა სიძე მის გაგუდვას. შვილი საზღვარგარეთ იმყოფებოდა და როცა გაიგო, რომ დედა თავშესაფარს ითხოვდა, გაღიზიანდა. მოხუცმა ძალადობაც უარყო,“ – იხსენებს მარინა ჟღენტი.

„ღირსეული სიბერის“ მონაცემების საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ქობულეთის მუნიციპალიტეტს პეტიციით მიმართა – თავშესაფრის მოწყობის მოთხოვნით.

„ღირსეულ სიბერეში“ გასული წლის ბოლოს თავშესაფრის პრობლემაზე მათ მიერ მომზადებული ვიდეოსიუჟეტიც გვაჩვენეს. სიუჟეტში გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი – ხათუნა მამასახლისი ამბობს, რომ იმ დროისთვის 10 მოხუცის შესახებ შევიდა ინფორმაცია გამგეობაში. დადგინდა, რომ ორი მოხუცი იყო მხოლოდ უსახლკარო, მოხუცებს ღამის თავშესაფარი შევთავაზეთ, მაგრამ უარი მივიღეთო.

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ქობულეთის გამგეობის პოზიცია

„იმ ეტაპზე არ იყო იმის აუცილებლობა, რომ სასწრაფოდ თავშესაფრის მშენებლობაზე ყოფილიყო საუბარი,“ – გვითხრა ხათუნა მამასახლისმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა. მას ვკითხეთ, რის გამო დათანხმდებოდა მოხუცი ბათუმის ღამის თავშესაფარში მოთავსებას, რომელიც მან დღისით უნდა დატოვოს. გარდა ამისა, ამ თავშესაფარში ყოფნის მაქსიმალური ვადა სამი თვეა.

„წლების წინანდელ ამბავს ახლა რატომ მეკითხებით? ცხელ კვალზე რაც შევძელით, ეს იყო. გამზადებული თავშესაფარი ხომ არ გვქონდა? ჩვენ ეს სერვისი არ გვქონდა და გამოსავლის ძებნაში ვნახეთ ეს. ჩვენთვის არ უთქვამთ, რომ ეს თავშესაფარი დასატოვებელი იქნებოდა. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ მე თუ თავშესაფარი არ მექნებოდა, დავთანხმდებოდი გამგეობის შეთავაზებას,“ – დასძენს ხათუნა მამასახლისი.

სად არიან ახლა ის მოხუცები, რომლებსაც ქობულეთის გამგეობამ გასული წლის დეკემბერში ბათუმის ღამის თავშესაფარი შესთავაზა? – ხათუნა მამასახლისის ინფორმაციით, ისინი ახლობლებთან არიან.

„ჩვენ მოვიკვლიეთ ინფორმაცია და ღმერთს მადლობა, არ აღმოჩნდა არც ერთი ისეთი მოხუცი, რომელიც ქუჩაშია და ღამის გასათევი არ აქვს. ბაზარს ვსწავლობთ და ამის შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება,“ – აღნიშნა ხათუნა მამასახლისმა. იგი 2014 წლიდან არის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი.

„კარგით რა, იმდენი პრობლემა იყო, ყველაფერს სამი წლის განმავლობაში ვერ მოვაგვარებდი, კარგად იცით თავშესაფარს რამდენი რაღაც სჭირდება,“ – ასე გვიპასუხა ქობულეთის ყოფილმა გამგებელმა, სულხან ევგენიძემ კითხვაზე: რატომ ვერ მოხერხდა თავშესაფრის მოწყობა ქობულეთში.

დათვალა თუ არა გამგებელმა, რამდენი თანხა დასჭირდება თავშესაფრის მოწყობას და რატომ არ დაინტერესდა გამგეობა იმ მოხუცებით, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ? – სულხან ევგენიძემ ჩვენს კითხვებს ერთი და იგივე პასუხი გასცა: „ხათუნა მამასახლისი გაგცემთ პასუხს“.

„მე პირადად დავკავდები ამ საკითხით“, – ამბობს ქობულეთის ახალი მერი, მირიან ქათამაძე. წინასაარჩევნოდ იგი „ღირსეული სიბერის“ წევრებს შეხვდა და მოხუცების ისტორიებსაც გაეცნო. ახალი მერი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამის გაჩენამდე, საკითხის დეტალურად შესწავლაა საჭირო.

მირიან ქათამაძე: „გასარკვევია, არიან თუ არა ეს მოხუცები რეგისტრირებული ქობულეთში, არიან თუ არა ნამდვილად მზრუნველობას მოკლებულები. პირველ რიგში, საცხოვრისის პრობლემა უნდა იდგეს. შესაძლებელია, ადვოკატირების პრობლემაა და არა საცხოვრისის. ამიტომ ეს საკითხები კომპლექსურად უნდა იქნას შესწავლილი და განხილული.“

შენობა, სადაც 65 წლის გულიკო ჩარკვიანი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ბათუმის მერია: ჩვენ ყველა მოხუცი დავაკმაყოფილეთ

„ამ დროისთვის 15 მოხუცი ელის თავშესაფარში ადგილის გათავისუფლებას… ადგილი გათავისუფლდება, როცა ვინმე გარდაიცვლება,“ – ამბობს იოანე ბარამიძე, წმინდა ეკატერინეს სახელობის ბათუმის `სავანის“ ხელმძღვანელი. სავანეში სულ 122 მოხუცის ადგილია. „სავანეს“ 276 ათასი ლარით საპატრიარქო აფინანსებს, 803 ათასით – ბათუმის მერია.

იოანე ბარამიძის თქმით, მოხუცებს შორის ზოგი¬ერთი უსახლკაროა, რადგან ბინა იპოთეკით ჰქონდათ დატვირთული და სესხის დაფარვა ვერ მოახერხეს, ზოგიერთს კი მომვლელი არავინ ჰყავს.

„სავანის“ ხელმძღვანელობისგან განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ბათუმის მერიაში. აქ გვითხრეს, რომ თავშესაფრის მოთხოვნით მერიას წელს სულ შვიდმა მოხუცმა მიმართა და შვიდივე დააკმაყოფილეს.

„ჩვენ ყველა მოხუცი დავაკმაყოფილეთ. ეს ინფორმაცია მე არ მაქვს, რომ ვინმე რიგშია. შესაძლოა ერთი და ორი კვირა ვინმე ელოდეს ადგილის გამოთავისუფლებას, მაგრამ ჩვენთვის სხვებს არ მოუმართავთ… გიდასტურებთ, რომ ხშირად არის მოთხოვნა თავშესაფარზე და ამიტომაც გადაწყვიტა მერიამ, რომ ახალი თავშესაფარი მოაწყოს, პროექტი უკვე არსებობს, მაგრამ მის განხორციელებას დაახლოებით 2 მილიონი სჭირდება. რატომ არ გამოიყო ამისთვის დაფინანსება, არ ვიცი, ეს ფინანსისტებს უნდა ჰკითხოთ,“ – გვითხრა გოჩა ჯიბლაძემ, ბათუმის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ.

თავშესაფრის საჭიროება შესაძლოა აღარ ჰქონდეთ იმ მოხუცებს, რომლებსაც სახლი აქვთ, მაგრამ მომვლელი არ ჰყავთ. ბათუმის მერიამ „შინმოვლის პროგრამის“ დაფინანსება 2017 წელს 54 ათას ლარამდე შეამცირა. შინმოვლა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანების მოვლას ადგილზე გულისხმობს ექიმებისა და ექთნების ჩართულობით. 2016 წელს ამ პროგრამისთვის ბათუმის მერიამ 79 920 ლარი დახარჯა.

შინმოვლას წელს, მემორანდუმის საფუძველზე, საქველმოქმედო ფონდი „კარიტასი“ ახორციელებს, რომელიც ექიმებისა და ექთნების ვიზიტს თავად აფინანსებს, მერია მედიკამენტებსა და ჰიგიენურ ნივთებს ყიდულობს. მერიაში არ მიიჩნევენ, რომ მინიმუმ იგივე დაფინანსება ამ პროგრამისთვის უნდა დარჩენილიყო და სხვა მოხუცებიც ჩართულიყვნენ პროგრამაში. შინმოვლის პროგრამით ბათუმში სულ 90 ადამიანი სარგებლობს. მერიაში სჯერათ, რომ ბათუმში 90-ზე მეტ მოხუცს ეს პროგრამა არ სჭირდება.

„ამას ვანგარიშობთ შემოსული განცხადებების საფუძველზე, ვინც მოგვმართავს,“ – განმარტავს გოჩა ჯიბლაძე. მას ჯანიკო სარჯველაძის ისტორიაც გავახსენეთ, რომელიც წლის დასაწყისში საკუთარ ბინაში შვილთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს რამდენიმე დღის შემდეგ.

გოჩა ჯიბლაძე: „რატომაა ყველა პრეტენზია ჩვენთან? შინმოვლა ვერ წყვეტს ყველა საკითხს… ჯანიკო სარჯველაძე იღებდა ყველა დახმარებას. შინმოვლაში არ იყო ჩართული, ასეა, მაგრამ არ მოუმართავს ამ ქალბატონს ჩვენთვის.“

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

სახელმწიფო: გააკეთონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავშესაფარი

„მოაწყონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავშესაფარი, თუკი ამის აუცილებლობა არსებობს“, – ეს ამირან დათეშიძემ გვითხრა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსმა.

საქართველოში სულ ორი თავშესაფარია – თბილისსა და ქუთაისში, თუმცა ამ თავშესაფრებში ბოლო ორი წელია მოხუცებს აღარ იღებენ. სახელმწიფომ გადაწყვიტა პანსიონატის ტიპის თავშესაფრები ოჯახური ტიპის პატარა თავშესაფრებით ჩაანაცვლოს – ე.წ. სათემო ორგანიზაციებით.

იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით „სათემო ორგანიზაციას“ მოაწყობს, სახელმწიფო თითოეულ მოხუცს დღე-ღამეში 16 ლარს ჩაურიცხავს. თავშესაფარში მოხუცების მაქსიმალური რაოდენობა 24-ს არ უნდა აჭარბებდეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში სულ ასეთი 10 სათემო ორგანიზაციაა, დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ერთი – ანასეულში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. პროგრამა ქვეყნის მასშტაბით ჯამში 250 შშმ პირის და ხანდაზმულის დაფინანსებას ითვალისწინებს.

სათემო ორგანიზაციაში, პირველ რიგში, მიიღება ის მოხუცი და შშმ პირი, რომელიც უსახლკაროა, ან შრომისუნარიანი ოჯახის წევრი არ ჰყავს. სურვილის შემთხვევაში, ბენეფიციარმა წერილობით სოციალური მომსახურების სააგენტოს, ან მის რომელიმე ფილიალს უნდა მიმართოს. საკითხის შესწავლის შემდეგ, მოხუცებს რიგში ხვდებიან. მათ აქვთ არჩევანი, მოხვდნენ იმ ქალაქის სათემო ორგანიზაციის თავშესაფარში, სადაც სურთ, მაგრამ სააგენტოში ადასტურებენ, რომ ამ დროისთვის არსებულ თავშესაფრებში რეალურად თავისუფალი ადგილი არსად არის.

რამდენად არის საკმარისი 16 ლარი ერთი მოხუცის მოვლისთვის და ხომ არ არის მწირი დაფინანსება იმის მიზეზი, რომ აჭარაში, ან სხვა რეგიონში არასამთავრობო სექტორს მსგავსი ოჯახური ტიპის თავშესაფრის მოწყობის სურვილი არ გაუჩნდა? – ამირან დათეშიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საკმარისია 16 ლარი და ამ კუთხით სხვა ქალაქების თავშესაფრების ხელმძღვანელებს მოთხოვნა არ დაუყენებიათ.

„რა თქმა უნდა, 16 ლარი საკმარისი არ არის,“ – ერთნაირი ფრაზებით გვიპასუხეს დაფინანსების სიმცირეზე მოქმედი სათემო ორგანიზაციების თავშესაფრების – „ანასეულის“ და „ბასილიადას“ დირექტორებმა. მათი თქმით, რომ არა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა, სახელმწიფოს დაფინანსებით რთული იქნებოდა თავშესაფრის შენახვა. ამ თავშესაფრებში ასევე გვითხრეს, რომ არაერთხელ დასვეს დაფინანსების გაზრდის აუცილებლობის საკითხი სააგენტოში.

ქეთევან გელაშვილი, „ბასილიადას“ ხელმძღვანელი: „ჩვენ თავშესაფარი 2013 წელს მოვაწყვეთ თბილისში. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ხანდაზმულებზე ზრუნვა მნიშვნელოვანი მგონია. რომ არა ჩემი ეს სურვილი, რეალურად ძალიან რთულია მოხუცები ღირსეულ პირობებში ამყოფო არსებული დაფინანსებით. მოთხოვნა არის ძალიან დიდი. დღეში მინიმუმ სამი ადამიანი მირეკავს“.

მარინა თოფურია, „ანასეულის“ ხელმძღვანელი: „ყოველდღე გვირეკავენ ადამიანები, მოთხოვნა ძალიან დიდია. ამჟამად ორი მოხუცია ჩვენთან აჭარიდან. რამდენია რიგში, ეს ჩვენ არ ვიცით. ჩვენთან პირდაპირ მოჰყავთ აღრიცხვაზე მყოფი მოხუცი, როცა ვინმე გარდაიცვლება. ჩემი გათვლებით რეალურად 28 ლარი სჭირდება მოხუცის მოვლას და არა 16 ლარი… ჩვენ გავარემონტეთ ძველი ბაღის შენობა და იჯარის თანხას ახლაც ვუხდით მუნიციპალიტეტს. თავიდან და ახლაც გვეხმარებიან დონორი ორგანიზაციები.“

„დაბერების“ პოლიტიკა

„მოსახლეობის დაბერების საკითხი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დემოგრაფიული დინამიკა მზარდ გავლენას ახდენს ქვეყნისა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ სექტორებზე) და გრძელვადიან პერიოდში შეიცავს რისკებს სახელმწიფო ფინანსებისთვის,“ – ვკითხულობთ მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციაში, რომელიც პარლამენტმა გასული წლის მაისში მიიღო. კონცეფციის მიხედვით, სახელმწიფოს დაბერების საკითხებზე სამოქმედო გეგმა 2016 წლის აგვისტოში უნდა დამტკიცებულიყო. გეგმა პარლამენტმა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს დაამტკიცა.

„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესი შეფერხებულია, რაც უარყოფითად აისახება ხანდაზმულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე… სათანადოდ არ ხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა საჭიროებების შესწავლა და მათი ინტერესების გათვალისწინებით მიზნობრივი პროგრამების გათვალისწინება,“ – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.

სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ამირან დათეშიძე კი ირწმუნება, რომ გეგმა სრულდება. მისი აზრით, მუნიციპალიტეტებმა უნდა შეისწავლონ ხანდაზმულების საჭიროებები და შესაბამისი მიზნობრივი პროგრამები განახორციელონ.

„დაბერების საკითხზე კონცეფცია არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ სრულიად მოუმზადებელია სისტემა,“ – ასე აფასებს არსებულ რეალობას უჩა ვახანია, კოალიციის „შინმოვლა საქართველოში“ ხელმძღვანელი. მას ევროპული პრაქტიკის შესახებ ვესაუბრეთ.

„ევროპული მიდგომის მიხედვით, თავშესაფარი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რა თქმა უნდა, მაგრამ თავშესაფარი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში – რაც არ უნდა კარგი პირობები იყოს იქ, თავშესაფარში ყოფნა არის მოხუცისთვის ერთგვარი სტრესი. მთავარი მიდგომა არის ის, რომ ხანდაზმული იყოს ღირსეულ პირობებში“, – გვიყვება უჩა ვახანია:

„ევროპის ქვეყნებში არსებობს უძლურების სხვადასხვა ხარისხი. ესენია: დაბანა, ჩაცმა, გადაადგილება, კვება, ტუალეტში წასვლა და გამონაყოფების კონტროლი. ეს ფასდება ქულებით და ენიჭება გარკვეული კატეგორია. ამის შემდეგ მოხუცს გამოეყოფა თანხა. ბინაზე მოვლის შემთხვევაში ეს არის 300-დან 1200 ევრომდე. მაგალითად, ჰოლანდია მკაცრად აკონტროლებს, რამდენად იხარჯება ეს თანხა მოხუცის მოვლისთვის. თუ დღეში ორიდან სამ საათამდე სჭირდება მოვლა, მაშინ ის უნდა გადაიყვანონ ე.წ. მოვლის სახლში. აქ მინიმალური ფასი 110 ევროა დღე-ღამეში, შვეიცარიაში 165 ფრანკია მინიმალური. მოვლის ხარჯები სხვადასხვა სახელმწიფო ფონდიდან ფინანსდება და არაფერს ხარჯავს მოხუცი. არსებობს თანადაფინანსების მოდელებიც, სპეციალური დაზღვევა არსებობს, ხელფასიდან 1,7 პროცენტს იხდიან დაქირავებული და დამქირავებელი ერთად და მოვლის სახლის გარკვეულ საფასურს ეს ფონდი აფინანსებს.“

დაბერების საკითხებზე ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ნახავთ პროგნოზსაც, რამდენად გაიზრდება პრობლემა 2030 წელს:

მოსახლეობის დაბერება საქართველოში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. 2010 წელს 4.4 მილიონი ადამიანიდან 14 პროცენტზე მეტი იყო 65 და 65 წელზე მეტი ასაკის, ხოლო 1/3 – 50 და 50 წელზე მეტი ასაკის. მოსალოდნელია, რომ 2030 წელს ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 21 და 40 პროცენტამდე გაიზრდება. 2010 წლის მონაცემებით საქართველოში დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქალების შემთხვევაში 78 წელი იყო, მამაკაცების კი – 71. 2030 წელს ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წლამდე გაიზრდება, ხოლო მამაკაცების – 73 წლამდე.

„ასეთ ყოფას დიდხანს ვეღარ გავუძლებ“

თუკი „ღირსეული სიბერის“ ოფისში შეივლით, იქ ნახავთ საქაღალდეს, სადაც მოხუცების ხელით შევსებულ წერილებს ინახავენ.

„მოგახსენებთ, რომ ბედის უკუღმართობის გამო და თავს დატეხილი ტრაგედიებით დავრჩი სულ მარტო, დავკარგე საცხოვრებელი, უფრო სწორად, გამომაძევეს. რამდენიმე წელია ხან სად ვარ შეფარებული, ხან – სად. ამჟამად ღამეს ვათევ დროებით ფარდულში. ჩემი ცხოვრება გაუსაძლისია. უკვე ასაკიც დამჩემდა. მუშაობა აღარ შემიძლია, პენსიას ვიღებ, მაგრამ ვარ ნახევრად მშიერი, გამომწყვდეული სადგომში, სადაც საქონელსაც არ ამყოფებს კაცი. ერთადერთი გამოსავალი თავშესაფარია, თუ არადა, ასეთ ყოფას მე დიდხანს ვეღარ გავუძლებ. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულმოწყალება“.

„ვარ მარტოხელა, ჯანმრთელობა შერყეული მაქვს, ჯერ ასაკის გამო პენსიას ვერ ვიღებ, თავის გამოსაკვებად დროებითი სამუშაოს შესრულებაც არ შემიძლია. არავინ მყავს ხელშემწყობი, ვარ უმწეო მდგომარეობაში, ყოველგვარ მზრუნველობას მოკლებული. ჩემთვის არავის სცალია, ვისაც არ მივმართე, მხოლოდ დაპირებებით მისტუმრებენ. გთხოვთ, მიშუამდგომლოთ და იქნებ მომიხერხოთ უმწეოთა თავშესაფარში მოთავსება, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ყველა იმედი ამოწურული მაქვს. იმედი მაქვს, ჩემს გაჭირვებას გულთან ახლოს მიიტანთ და უყურადღებოდ არ დამტოვებთ…“

და კიდევ ერთი მოხუცის წერილი, სადაც მხოლოდ ერთი ფრაზა წერია: „გთხოვთ, მომათავსეთ თავშესაფარში!“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი