მთავარი,სიახლეები

„ხელისუფლება იმდენს გიბედავს, რამდენის უფლებასაც აძლევ“ – დისკუსია სახანძრო უსაფრთხოებაზე

09.12.2017 • 2790
„ხელისუფლება იმდენს გიბედავს, რამდენის უფლებასაც აძლევ“ – დისკუსია სახანძრო უსაფრთხოებაზე

„ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარსა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დღეს, 9 დეკემბერს, ბათუმის დემოკრატიის სკოლაში დისკუსია გაიმართა. დისკუსიაზე მოწვეული იყო ბათუმის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე, არქიტექტორი გია რამიშვილი, საზოგადოება „ბათომის“ წარმომადგენელი შოთა გუჯაბიძე და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

არქიტექტორმა გია რამიშვილმა ისაუბრა ქალაქში უსაფრთხოების პრობლემაზე, რომლის დაცვაც კანონის დონეზე მშენებლებს არ მოეთხოვებათ.

„აქამდე უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება ჯერ საპროექტო დოკუმენტაციაში ხდებოდა, შემდეგ შენობის ექსპლოატაციაში მიღება ხდებოდა კომისიის მიერ, სადაც ათეული ადამიანი შედიოდა სპეციალობების მიხედვით და ექსპლუატაციის შემდეგაც ხორციელდებოდა ზედამხედველობის მონიტორინგი, ტექნიკური პირობების დაცვაზე“, – ამბობს ის.  მისი თქმით, დღეს ეს სისტემა მოშლილია და 2005 წლის შემდეგ ამ ყველაფერმა სრულიად სხვა სახე მიიღო.

გია რამიშვილის თქმით, სპეციალისტები ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა პრობლემა სისტემურია, გადაწყვეტილება არის პოლიტიკური.

„გაუქმდა სახელმწიფო ექსპერტიზა, შემდეგ კი სახელმწიფომ ვალდებულებები მოუხსნა ნებართვის გამცემ ორგანოებს. დღეს უკვე ბარდება შენობის მხოლოდ არქიტექტურული ნაწილი, მაგრამ სახანძრო უსაფრთხოების პროექტი აღარ დგება. ადრე კი ხანძარსაწინააღმდეგო პაკეტი ცალკე იკვრებოდა.

გარდა უსაფრთხოებისა, მშენებლობის დროს მივიწყებულია სანდასუფთავების და ეკოლოგიის საკითხებიც. საბოლოდ კი მივედით იმ მდგომარეობამდე, როდესაც გაურკვეველი გახდა, ვის, როდის, რატომ უნდა ენახა სამშენებლო დოკუმენტაცია“, – ამბობს რამიშვილი.

მისი თქმით, ეს ყველაფერი გაკეთდა ინვესტორებისთვის, რომ მათთვის ადვილი პირობები შეექმნათ და უფლება მიეცათ, თავიანთი სტანდარტები გაეფორმებინათ. არსებობს საერთაშორისო სამშენებლო კოდი, რომელიც საქართველომ, უბრალოდ, გადმოიტანა ქართულად 2009 წელს. დარეგისტრირდა ქართულ სტანდარტადაც, მაგრამ უცნაური გამონაკლისით, რომლითაც ალბათ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, სადაც ერთდროულად მოქმედებდა საერთაშორისო სტანდარტებიც, საბჭოთა ნორმებიც, რომლებიც მოქმედებდნენ 1930 წლამდე და  50-მდე განვითარებული ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტებიც. ამას მოყვა განმარტება, რომ  თუკი რომელიმე მენაშენე აირჩევდა რომელიმე ქვეყნის სტანდარტს, ის იყო ვალდებული გადმოეთარგმნა ამ ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტი  და უნდა მიეტანა დასარეგისტრირებლად. ამასაც ფორმალური სახე ჰქონდა და ასეთ შეტივტივებულ მდგომარეობაში ვიყავით წლების განმავლობაში“.

2016 წლის იანვარში  საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების წესს, რომელიც  გია რამიშვილის თქმით, პრაქტიკულად იგივე საერთაშორისო ნორმებია, რომელებიც 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. „თუმცა, ეს არ არის გარანტია, რომ ასპროცენტიანად ვიქნებით დაცული, მაგრამ უკვე გარკვეულწილად გაიწერა პასუხისმგებლობა, თუნდაც ნებართვის გამცემზე, მაგრამ სრულიად გაურკვეველია რა მოხდება ნებართვის გაცემის შემდეგ. ტექნიკური რეგლამენტი გულისხმობს ისეთი მაკონტროლებელი ორგანოს არსებობას, რომელიც  პასუხისმგებელი იქნება შენობის ტექნიკური უსაფრთხოების დაცვაზე“.

არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ირაკლი ახალაძის თქმით, 2009 წლიდან დაჩქარებულია ნებართვის გაცემა, რასაც პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა.

„ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა წყლისა და კანალიზაციის ტექნიკური პირობებიც კი არ ჰქონიათ მშენებლებს, ვერ აცნობიერებდა დეველოპერი შემდგომ პასუხისმგებლობას და, შესაბამისად, ვეღარ ხდებოდა შუქის, წყლისა და კანალიზაციის  ცენტრალურ ქსელებთან ჩართვა. ეს იწვევდა ბევრ პრობლემას. რამაც მიგვიყვანა ბევრ პრობლემამდე, მათ შორის  სახანძრო უსაფრთხოების პრობლემამდე“.

რაც შეეხება „ლეოგრანდის“ საკითხს, ირაკლი ახალაძის თქმით, ნებართვა 2012 წელს იყო გაცემული იმ დადგენილებით, რომელიც არ ითვალისწინებდა  სახანძრო უსაფრთხოების პროექტის არსებობას და ვალდებულებას. „შესაბამისად, ექსპლოტაციაში მიღების დროსაც მოთხოვნილი იყო მხოლოდ წყლის, კანალიზაციისა და ლიფტების ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა“, – განაცხადა მან.

საზოგადოება „ბათომის“ წარმომადგენლის, შოთა გუჯაბიძის შეფასებით, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებლობა ძალიან ბევრ უწყებას ეკისრება, მით უმეტეს „ლეოგრანდის“ ტრაგედიის შემდეგ, ამიტომ  მსგავსი დისკუსიები კარგია მომხდარის გასაანალიზებლად.

„პირველი რიგის პრობლემაა ის, რომ მშენებლებს განუსაზღვრელი უფლებები აქვთ მინიჭებული სახელმწიფოსგან, როცა ნებისმიერი მშენებლობა შეგეძლო ყოველგვარი რეგულაციების გარეშე.

დისკუსია სახანძრო და სამშენებლო უსაფრთხოების თემაზე

როცა მოხდა საშინელება, მაშინ დავინახეთ სახანძრო უსაფრთხოების აუცილებლობა. ეჭვი მაქვს, რომ ეს ამბავიც მალე მიწყნარდება და შედეგი არ იქნება ისეთი, როგორიც გვინდა. ამიტომ სამოქალაქო აქტივობას ეკისრება ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან ხელისუფლება იმდენს გიბედავს, რამდენის უფლებასაც აძლევ“, – ამბობს გუჯაბიძე.

ისი თქმით, ბაქოს ქუჩა, სადაც „ლეოგრანდი“ მდებარეობს, ისტორიული განაშენიანების ზონაა, რომელიც სრულიად ხელყოფილია.

„იმის გამო, რომ ეს ისტორიული განაშენიანებაა, საერთოდ არ უნდა აშენებულიყო 24-სართულიანი შენობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ ყველანაირი ნორმები დავარღვიეთ“.

შოთა გუჯაბიძის თქმით, ე.წ. ზონალურმა საბჭომ გასცა სწორედ ამ შენობის აშენების ნებართვა. „ეს ქაოსი აწყობს ხელისუფლებას და ინვესტორს, მაგრამ საბოლოოდ აგებს ქალაქი. სწორედ ეს არის ხელისუფლების ნაკლი, რომ ქალაქი ისე შენდება, სადაც აბსოლუტურად უგულებელყოფილია ადამიანი. ქობულეთშიც მოხდა საშინელი ტრაგედია და რა შეიცვალა? არც არაფერი. ეს პროცესი არ დასრულდება, თუ არ მოხდება ამ პროცესის შეკავება“, – ამბობს ის.

დისკუსიის მონაწილე, იურისტი მალხაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ  უსაფრთხოების საკითხში არა მარტო სახელმწიფოს როლი უნდა გაიზარდოს. „ყველა ბრენდს თავისი სტანდარტები აქვს და საქმიანი რეპუტაცია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის არ დაუშვებს  სტანდარტების დაუცველობას, ამას სახელმწიფოსთან შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს შეხება. ამიტომ, თვითრეგულაციების როლიც მნიშვნელოვანია. პროფესიული თვითრეგულაციებიც უნდა არსებობდეს, რომელიც სახელმწიფოს თავისთავად დაეხმარება, მაგრამ პასუხისმგებლობა ექნება მშენებელსაც.

ჩემი სადარბაზოც ამოშენებულია და იქ რომ რაიმე მოხდეს, არ ვიცი რას გავაკეთებთ. სამაგიეროდ,  გვერდით სადარბაზოში ეს ნორმა დაცულია. ამიტომ „ამხანაგობების“, ჩვენი  ინდივიდუალური პასუხისმგებლობაც ხომ არის, რომ  უსაფრთხოების ნორმები დავიცვათ“, – ამბობს ის.

მოქალაქე ზეინაბ დიასამიძის აზრით, ამ დისკუსიაზე ის პირები უნდა ყოფილიყვნენ მოწვეული, ვისაც საზოგადოების კითხვებზე პასუხის გაცემა შეეძლოთ.

„საშინელი ტრაგედია მოხდა, ამიტომ აქ ხელისუფლების წარმომადგენლები, ზედამხედველობის სამსახურის, მერიის წარმომადგენლები, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, „ენერგო-პროს“ წარმომადგენლები უნდა მოსულიყვნენ, ვისაც აქვს ვალდებულება პასუხი გასცეს ჩვენს კითხვებს. მათ შორის უნდა ყოფილიყო „ლეოგრანდის“ ტექნიკური ზედამხედველობის წარმომადგენელი, რომელსაც შახტების სარქველები უნდა ჩაეკეტა,  კვამლი რომ არ გავრცელებულიყო სხვა სართულებზე.

ამაზე გვინდა პასუხების მიღება, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა თავის მოქალაქეებთან საუბარი. თუ არ შეეჩვია ხელისუფლება ჩვენთან საუბარს, ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერი. ჯერ შეიქმნება საზოგადოებრივი მოძრაობა – „საზოგადოება ითხოვს პასუხს“ და მერე „საზოგადოება ბრალს სდებს“.

ზეინაბ დიასამიძის აზრით, ბათუმი თვითმკვლელების ქალაქია, რადგან სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან დარღვევებით მიმდინარეობს მშენებლობა. „რა მიშენება და დაშენება ხდება ბათუმში, ამაზე პასუხს ვინ აგებს? ჩვენ ყველა პოტენციური მსხვერპლი ვართ“, – განაცხადა მან.

 

ნინო ტავლალაშვილის თქმით, სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული როგორც საცხოვრებელ სახლებში, ასევე საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.

ირაკლი ჯიჯავაძის თქმით, კი აუცილებელია სამოქალაქო თავდაცვის სწავლება სკოლებში, რომ ადამიანებმა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ კრიტიკულ ვითარებაში.

გოჩა სურგულაძის აზრით კი, აუცილებელია საზოგადოებრივი წინააღმდეგობების გაძლიერება, რადგან სახელმწიფოს დონეზე მოხდეს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა ქვეყანაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: