რატომ შეიძლება იყოს გასაიდუმლოებული საზოგადოებრივი სიკეთე

„წიაღისეული ეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს, ეს საზოგადოებრივი სიკეთეა… როგორ შეიძლება საზოგადოებრივი სიკეთე ეკუთვნოდეს ხალხს და ხალხს არ ჰქონდეს ინფორმაცია სიკეთეზე?“ – ეს შეკითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ დაუსვა. სასამართლო „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელს განიხილავს.

თავდაპირველად სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაიწყო. დღეიდან განხილვას პლენუმი გააგრძელებს, რომელმაც უნდა თქვას – არის თუ არა ინფორმაცია ბუნებრივი წიაღისეულის შესახებ საიდუმლო.

„მწვანე ალტერნატივამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა “საყდრისის საქმეზე” კომპანია “არემჯი გოლდმა” ინფორმაცია წიაღისეულის შესახებ არ გასცა. “მწვანე ალტერნატივას” სარჩელი არ დააკმაყოფილეს საერთო სასამართლოებმა – საკუთრების დაცვისა და კონკურენციის დაცვის მოტივით.

„მწვანე ალტერნატივა“ წიაღის შესახებ საქართველოს კანონის იმ ნაწილის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს, სადაც წერია: „სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში დაცული ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგების და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების, ან პარამეტრების შესახებ, არ არის საჯარო“.

„სადავო ნორმა ბუნდოვანია. ასევე ტერმინი „საინფორმაციო ფონდი“ არ არის განმარტებული კანონმდებლობაში,“ – მიიჩნევს მოსარჩელის ინტერესების დამცველი, ვახუშტი მენაბდე. მისი განმარტებით, შეუძლებელია საკუთრების უფლება ვრცელდებოდეს წიაღისეულზე.

„არსებობს ასეთი გამოთქმა: მიწაში გინდა ოქრო იყოს, გინდა ქვაო,” – მიმართა ვახუშტი მენაბდემ მოსამართლეებს და დაამატა: „ასე საზოგადოებრივი სიკეთის ცნება დაკარგავს აზრს… თუ საზოგადოება არ ფლობს ინფორმაციას საზოგადოებრივ სიკეთეზე, მაშინ ის აღარაა საზოგადოებრივი სიკეთე.”

„წიაღისეული არის საზოგადოებრივი სიკეთე, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ინფორმაციის დამუშავება წიაღისეულის შესახებ არ ხდება სახელმწიფოს მიერ,“ – ამბობს პარლამენტის იურისტი გიორგი ჩიფჩიური. მისი თქმით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არსებულ ნორმას გააუქმებს, ინვესტორი ინტერესს დაკარგავს და წიაღისეულის შესახებ ინფორმაციის დამუშავებაზე ფულს აღარ დახარჯავს.

„ეს არის სპეციალური ინფორმაცია, რომელიც არის სასყიდლით მოპოვებული. ის ბუნებაში ობიექტურად არ არსებობს და მისი მოპოვება არის დაკავშირებული საკმაოდ დიდ თანხებთან. ამ ინფორმაციის მოპოვება ათასობით, ზოგჯერ კი მილიონი ლარი ჯდება. შესაბამისად, ის წარმოადგენს ამ ინფორმაციის მომპოვებლის საკუთრების უფლებას. თუ ამ ინფორმაციის უფასოდ მოპოვება იქნება შესაძლებელი, ეს ღირებულებას გამოაცლის ამ სასყიდლით მოპოვებულ ინფორმაციას,“ – უთხრა გიორგი ჩიფჩიურმა „ბათუმელებს“.

პარლამენტის იურისტი ხაზს უსვამს მეწარმეობის კონსტიტუციით დაცულ უფლებას და კონკურენციის პრინციპს. მისი აზრით, თუკი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, მაშინ კონკურენციის პრინციპი ვეღარ იმუშავებს და მეწარმე ამ ინფორმაციის მოპოვებას სახელმწიფოს მოსთხოვს.

„სახელმწიფო ამ ინფორმაციას არ ამუშავებს და ასე ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში. მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოიპოვებდა ინფორმაციას სახელმწიფო…. ტრაგედიის შექმნა იმისგან, რომ წიაღისეულის შესახებ ინფორმაცია არავის აქვს, არ არის სწორი, რადგან ინფორმაცია მიეწოდება ხელისუფლებას, რომელსაც საზოგადოება ირჩევს. საზოგადოებას ამ ინფორმაციის გამოთხოვა არ შეუძლია, რადგან, როგორც აღვნიშნე, ის არაა ჩვეულებრივი ინფორმაცია,“ – დასძინა გიორგი ჩიფჩიურმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი