ორი ქვეყნის შვილები – ბათუმელი ებრაელები საქართველოსა და ისრაელში

„იერუსალიმში ცხოვრებისას სულ ბათუმი მენატრებოდა. ახალ ბულვარში მინდოდა წასვლა და სეირნობა. საქართველოში როგორც კი ჩამოვედი და ბათუმში ჩამომიყვანეს, მაშინვე მოვითხოვე, ახალ ბულვარში წამიყვანეთ-მეთქი,“ – ამბობს 11 წლის ანასტასია მიხელაშვილი (მიხაელი), რომელსაც ორ ქვეყანაში უწევს ცხოვრება.

ანასტასია ორ წელზე ცოტა მეტის იყო, როდესაც საცხოვრებლად ისრაელში წაიყვანეს. ბაღში იარა იერუსალიმში და ახლა განათლებას ივრითზე იღებს. ბილინგუალია. ლაპარაკობს ივრითზე, რუსულ და ქართულ ენებზე. სწავლობს არაბულს და ინგლისურს.

„ივრითზე ვსწავლობ, გვასწავლიან ასევე არაბულს, რადგან არაბები ჩვენთან ომში არიან და თუ რამე მოხდა ჩვენ უნდა ვიცოდეთ არაბული. პირველ ადგილზე სკოლაში ყურადღება ეთმობა ენებს. მაღალ კლასებში უნდა ვისწავლოთ იაპონური და ესპანური. ჩვენთან, ისრაელში პირველ კლასში პირველი რასაც გვასწავლიან არის ის, რომ თუ დედ-მამამ გცემა, მაშინვე უნდა დარეკო პოლიციაში. ჩვენთან, იერუსალიმში ქუჩაში ბევრი პოლიციელია. მიდიხარ შენთვის, შეიძლება გაგაჩერონ და გკითხონ საიდან ხარ? ვინ ხარ? დედაშენი გცემს? მამაშენი გცემს? ასე მეკითხებიან. მაღიზიანებს ეს და დიდად არ მომწონს.

ისრაელში გადასვლით ძალიან შემეცვალა ცხოვრება. რვა წელია იქ ვარ. პირველ კლასიდან ყველა გეკითხება, საიდან ხარ, ვინ ხარ, რა გვარის ხარ. ჩვენ მასწავლებლებს და სკოლებს უფრო უყვართ ებრაელები. მე ცოტა მიჭირდა თავიდან, იმიტომ რომ მე ქრისტიანი ვარ და ეგენი ებრაელები არიან. ქრისტიანები და ებრაელები არც ისე კარგად არიან,“ – იხსენებს ანასტასია.

მესამე წელია ზაფხულის არდადეგებს საქართველოში ბებოსთან ატარებს. ამბობს, რომ საქართველოში ყოფნისას ივრითზე საუბარი ენატრება, ისრაელში კი ქართული ხმის გაგონება უნდა.

„როცა იერუსალიმში დავბრუნდები, რა მომენატრება და ხალხის დამოკიდებულება. აქ ყოველდღე მეუბნება ვიღაც – გამარჯობა, როგორ ხარ. იქ არავის აინტერესებს როგორ ვგრძნობ თავს.   ჩემ საუკეთესო მეგობარ გოგოს ჰქვია ადი. იქ ყველა დამოკიდებულია ტელეფონზე.  თუ მე და ჩემი მეგობარი გვერდიგვერდ ვზივართ, მარტო ტელეფონებში ვთამაშობთ ან ვლაპარაკობთ. აქ ასე არაა. აქაურ მეგობრებთან მგელობანას და დამალობანას ვთამაშობ. მეხმარებიან ქართული უფრო კარგად ვისწავლო, ტელეფონი არც მახსოვს ხოლმე“.

ანასტასია მიხელაშვილი

ანასტასიას თქმით, იერუსალიმში ცხოვრების მიუხედავად, დედა ცდილობს ქართული ტრადიციები შეუნარჩუნოს.

„მაგალითად ისრაელში ახალი წელი არის სექტემბერში. ეს დღე ჩვენთვის ჩვულებრივი დღეა. ახალ წელს 1 იანვარს აღვნიშნავთ, როგორც ქართველები. ქრისტიანი ვარ, მაგრამ შაბათს ვლოცულობ. ისრაელში პარასკევს მზის ჩასვლის შემდეგ შაბათის მზის ჩასვლამდე უქმეა. ჩემი ჩვევები არც აქ დამივიწყებია, შაბათს სანთელს ვანთებ და ვლოცულობ“.

მიუხედავად მისი ახლანდელი საცხოვრებელი ადგილისა, საკუთარ მომავალს ვერც ისრაელში ხედავს და ვერც საქართველოში.

„მე ვხედავ ჩემს მომავალს ნიუ იორკში. ჩემი ოცნებაა გამოვიდე მოდელი. მაგრამ თუ მოდელი ვერ გამოვედი, გამოვალ თარჯიმანი. ძალიან ადვილად ვსწავლობ ენებს, რამდენიმე ენა ვიცი უკვე. მხატვრულ წიგნებს რუსულად ვკითხულობ. „რომეო და ჯულიეტა“ მიყვარს.  სკოლაში გვეუბნებიან, რომ ყველა გოგო უნდა წავიდეს ჯარში, რომ გოგოებმა თავიანთი თავი თვითონ უნდა დაიცვან. მე არ მინდა ჯარში წასვლა, მაგრამ ჩემს მეგობრებს უნდათ. ალბათ წავლენ კიდეც,“- ამბობს ანასტასია.

ანასტასიამ თავისი პირველი სამსახური, როგორც თარჯიმანმა, „ბათუმელებს“ გაუწია. მარშუტკაში, რომლითაც დანიშნულების ადგილას წავედით პატარა მოუსვენარი გოგო არავის დარჩენია შეუმჩნეველი. ყველას გააგებინა, იცით ჩემგან ინტერვიუ აიღეს, მალე დაიბეჭდება და პოპულარული გავხდებიო. მერე გადაწყვიტა თავის სასურველი პროფესიებისთვის  ჟურნალისტობაც მიემატებინა, მგზავრებს ჩამოუარა და ექსპრომტად ინტერვიუებიც ჩაწერა.

ანასტასია ერთადერთი ქართველი ებრაელი არაა, ვისი ოჯახიც ისრაელში წავიდა, მათ შორის იყო 18 წლის მეგი აფხაზავა. მისი დედა ებრაელია. თვითონაც. მეცხრე კლასში იყო, როცა სასწავლებლად ისრაელში წავიდა, სკოლა იქ დაამთავრა, ივრითი ისწავლა, საქართველოში დაბრუნდა და სწავლა ბათუმის საზღვაო აკადემიაში გააგრძელა. „ბათუმი არის ჩემი სამშობლო“, – ამბობს მეგი.

„ნავსადგურის მენეჯმენტის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ოთხი წელი  ვსწავლობდი ისრაელში, ნეთანიაში. მეცხრე კლასიდან წავედი, თუმცა სწავლის დამთავრების შემდეგ აღარ მომინდა იქ დარჩენა. დედაჩემი ებრაელია, მამაჩემი ქართველი. ქართულ-ებრაული ტრადიციები ერთადაა ჩვენს ოჯახში შერწყმული. მაგალითად, ახალ წელს ჩვეულებრივადაც აღვნიშნავთ – პირველ იანვარს და სექტემბერშიც, როცა ებრაული ახალი წელი დგება. როდესაც ვსწავლობდი, მქონდა სასწავლო ვიზა. ახლაც თავისუფლად შემიძლია გადასვლა, მაგრამ ისრაელში ალბათ არ დავბრუნდები“, – ამბობს მეგი აფხაზავა.

ბათუმის სინაგოგა

ბათუმის სინაგოგა

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მუდმივად ცხოვრობს  1 405 ებრაელი, მათ შორის 71 – ბათუმში. ბათუმში ებრაელები, ძირითადად, რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ გამოჩნდნენ.  დავით იაკობაშვილის ბაბუა 1921 წელს ჩამოვიდა ბათუმში ქუთაისიდან.

„იმის მერე ცხოვრობდნენ ბათუმში. აქ დაიბადა მამაჩემი და მეც. ისრაელში ერთხელ ვიყავი მხოლოდ. ჩემი დის შვილისშვილის ქორწილში. განცდა მქონდა როგორც ყველა ქართველს. ჩავფრინდები, დამაბრუნებენ უკან თუ შემიშვებენ? მე ეროვნება პასპორტში არ მიწერია, ჰოდა, ეგენი გხვდებიან როგორც საქართველოს მოქალაქეს. ჩავედი, შემეკითხნენ, გავეცი პასუხები, მითხრეს მობრძანდითო, ვიყავი ორი კვირა და დავბრუნდი უკან. არ მდომებია არასდროს დიდი ხნით დარჩენა,“ – ამბობს დავით იაკობაშვილი.

დავითს სხვა ებრაელებთან ერთად პარასკევ საღამოს, ლოცვის წინ, სინაგოგაში შევხვდი. ებრაელები ათი ადამიანის შეკრებას ელოდებოდნენ იმისთვის, რომ ლოცვა დაეწყოთ.

„ადამიანს ყოველთვის შეუძლია ილოცოს, მაგრამ სრულყოფილად რომ ილოცოს, მინიმუმ უნდა შეგროვდეს  10 მამაკაცი. როცა 10 კაცი არ გროვდება, სრულყოფილი რიტუალი არ ტარდება,“ –  მიხსნის დავითი.

ემილ კრუპნიკი, ებრაელთა დიასპორის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სინაგოგაში ებრაელები ძირითადად შაბათს და დღესასწაულებზე დადიან. ასევე ხშირად აკითხავენ ბათუმის სინაგოგას ის ტურისტული ჯგუფები, რომლებიც ისრაელიდან ჩამოდიან.

„თემი დაკავებულია რელიგიური, განათლებისა და ქველმოქმედების საკითხებით. დიდი ყურადღება ეთმობა ტრადიციებსა და ებრაელი ხალხის ისტორიას. ასევე საქართველოს ისტორიას, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ გვქონდა ებრაული სკოლა, სადაც ბავშვები დადიოდნენ – 30-40 ბავშვი. ორი ჯგუფი გვყავს მოსწავლეების, უფროსები და უმცროსები, ისინი სწავლობენ ივრითს, ისტორიას, თორას… ახლა არდადეგებია, მაგრამ საქმე ის არის, რომ გარკვეული ფინანსური შეფერხება აქვს სკოლას. თუმცა, ვფიქრობ, ამ პრობლემას ჩვენი მეგობრების,  სპონსორების დახმარებით გადავჭრით“.

სინაგოგასთან არსებობდა სასადილო, სადაც ნებისმიერ ებრაელს შეეძლო მისვლა და სადილის მირთმევა. თუმცა ახლა სასადილო დაკეტილია. დახმარების პროგრამები, რომლითაც ებრაულ თემს ეხმარებოდნენ კი შეჩერებული.

„ფინანსურ სირთულეებთან დაკავშირებით, რომელიც არამარტო საქართველოშია, სასადილო ჩანაცვლდა იმით, რომ თითქმის ყველა ებრაელი, რომელმაც მიაღწია საპენსიო ასაკს და მათი სოციალური მდგომარეობის გამო ვერ მუშაობენ,  დახმარებას იღებს პროდუქტებით. აქ კეთდებოდა ადრე სადილი და აქ მოდიოდნენ, ახლა კი სახლში იღებენ სხვადასხვა პროდუქტს და იმას ამზადებენ, რაც მათ სურთ. თემის ბაზაზე არის საქველმოქმედო ცენტრი, ადრე ფოთსა და ბათუმში ცალკე იყო, ახლა გააერთიანეს ეს ცენტრები. ისინი ეხმარებიან მატერალურად იმ ადამიანებს, რომლებიც ფინანსურ სიდუხჭირეში ცხოვრობენ, იღებენ წამლებს, პროდუქტებს, გათბობის საშუალებებს და ა.შ.,“ – ამბობს ემილ კრუპნიკი.

 

 

logo11
მასალა მომზადებულია პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
პროექტი დაფინანსებულია ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ.
სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი