მთიანი აჭარა

ღია წერილი ხულოს გამგებელს, ბესიკ ბაუჩაძეს

20.01.2015 • 2237
ღია წერილი ხულოს გამგებელს,  ბესიკ ბაუჩაძეს

 

როცა ჩვენმა ფრაქციამ თქვენი ერთწლიანი საქმიანობის შედეგები განიხილა, დიდი ბზარი და სხვაობა აღმოაჩინა მოსახლეობის მოლოდინსა და რეალობას  შორის.

 

ასლან ტუნაძე
ასლან ტუნაძე

დავიწყოთ იმით, როცა 2014 წლის ბიუჯეტი შეადგინეთ და თქვენი უცოდინრობით თუ გამოუცდელობით, ხულოს მუნიციპალიტეტმა ოთხი მილიონით ნაკლები დაფინანსება მიიღო. მაშინ ერთი ვაი-ვიში ატეხეს არასამთავრობოებმა, ინფორმირებული მოსახლეობის ნაწილმა  და რამდენჯერ მოგიხდათ  თავის მართლება, რომ ეს ასე არ იყო…. სამწუხაროდ, ფაქტი ფაქტად დარჩა, მუნიციპალიტეტი თქვენი მეთაურობით მზად არ აღმოჩნდა პრიორიტეტებით გათვალისწინებული დიდი პროექტების განსახორციელებლად, ცუდი მენეჯმენტის გამო 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ შესრულდა და მილიონრვაასიათასზე მეტი ლარი ასათვისებელი დარჩა, რამაც, ცხადია 2015 წლის ბიუჯეტზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა და იგი დაახლოებით ,,სამი მილიონით შემცირდა“, რასაც თქვენ არ აღიარებთ და ჯიუტად იძახით, არაფერი დაკარგულაო.

 

ცუდია, თუ ეს ფაქტი მართლა ასე გგონიათ, კიდევ უფრო დასანანი ის არის, თუ ხვდებით, რომ ხულოს მუნიციპალიტეტმა გამგეობის ცუდი მუშაობის გამო მილიონები დაჰკარგა და თქვენ მაინც ცრუობთ: არ დაგვიკარგავსო!!! აქვე ჩნდება ლოგიკური კითხავა: როცა გამგეობა ვერ ითვისებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს და წლის ბოლოს მილიონობით ნაშთი რჩება ბიუჯეტში, მაშინ რისთვის გასცემთ პრემიებს 100%-ით ყველა თანამშრომელს?! (არჩევნებში ,,წარმატებული“ მუშაობისთვის ხომ არა?) იმისთვის ხომ არა ბოლო წლებში უსახურმა და უკანონო მშენებლობებმა რომ იმატა? სანამ გამგეობა კადრების ,,როტაციით“ იყო დაკავებული, ყველამ, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა ჰქონდა, ისე ჭრა და ისე კერა, როგორც მისი გემოვნება გასწვდებოდა…. თქვენ კი ჯერაც არ გეტყობათ არჩევნების  ეიფორიიდან გამოფხიზლება.

ხულოს გამგებლობა უკიდურესად რთული საქმეა, ამიტომ იყო, რომ დამოუკიდებლობის 24 წლიან პერიოდში ოც პიროვნებას მოუხდა ამ თანამდებობაზე თავისი შესაძლებლობების გამოცდა, ამათგან ორმა-სამმა თუ გადალახა ორ წლიანი ზღვარი, დანარჩენებმა ოთხი თვიდან 15 თვემდე თუ მიატანეს. თქვენ ერთი გამგებლობის ვადა ამოწურეთ უკვე და კიდევ თითქმის სამი წელი გაქვთ დარჩენილი უფლებამოსილების ამოწურვამდე. თუ დაფიქრებულხართ, რა რთული ეტაპები დაგრჩა გასვლელი?! ასეთი დასწყისით კი გაგიჭირდებათ ამ მარათონის გავლა იმიტომ, რომ ხულოელი ამომრჩეველი არ გაპატიებს იმ თავნებობებს და ამბიციებს, რაც უკვე გამოავლინეთ ამ ერთ წელიწადში…

 

იმაზე აღარაფერს ვამბობთ, ,,ერთი წელია რომ ფიქრობთ“ უსახლკაროდ დარჩენილი მრავალსულიანი ოჯახის დახმარებაზე! ან დახმარების სათხოვნელად მოსულ მოქალაქეებს რომ არხეინად ისტუმრებთ უარით: ,,მე გამგებლობაზე კენჭის ყრას აღარ ვაპირებო“. ე.ი. ქვეცნობიერად ეუბნებით, თქვენი მხარდაჭერა აღარ მჭირდებაო!!! ეს ყველაფერი წვეთწვეთობით ამცირებს ისედაც გაძარცვულ თქვენს რეიტინგს და ეჭვიანობის, უნდობლობის მორევში გითრევთ თანდათან.

 

მოსახლეობის მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთის ფუნქცია შესარულა თქვენს მიერ ჩატარებულმა საჯარო მოხელეთა შესარჩევმა ე.წ. კონკურსმა, სადაც ყველა თქვენმა უარყოფითმა ხასიათმა, პოლიტიკურმა თავხედობამ და შურისგების მანიამ მოიყარა თავი. თქვენთვის პოლიტიკურ ოპონენტებად მიჩნეულ და გამგებლის არჩევნებში მეტოქის მომხრე კონკურსანტებს ფსიქოლიგიური ტერორი მოუწყე და ლამის ეშაფოტზე გაატარე, შეურაცხყე და ადამიანური ღირსება შეულახე. რამდენიმე კონკრეტული ფაქტი რომ არ გაგახსენოთ, მკითხველი სწორად ვერ გაიგებს ჩვენ შეფასებებს…

 

დიდაჭარის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობდა ასლან ხოზრევანიძე, წინა მოწვევის საკრებულოს ერთ-ერთი  კომისიის წარმატებული (ენჯეოებმა მისი მუშაობა შეაფასეს და კომპიუტერით დააჯილდოვეს) თავმჯდომარე, მანამდე სკოლების დირექტორთა კონკურსში გამარჯვებული დირექტორი, თემის რწმუნებული და ა.შ. ასლანმა მეორე ეტაპი გადალახა და 4,1 ქულა მოაგროვა, პოზიციაზე დარჩა კონკურენტის გარეშე. შენმა ,,სოვბესედნიკების’’ კომისიამ კი 2,5 ქულით შეაფასა იგი და გააგდო კონკურსიდან,  ,,ვერ გადალახა’’ – პოზიცია  ვაკანტური დატოვა. ასლანი შენი კონკურენტის მხარდამჭერი ყოფილა და ამიტომ(!!!) ამას ჩვენში პოლიტიკურ თავხედობას  ვეძახით, სამართლებრივად თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. მარტო ამ ერთი ფაქტის იურიდიულ, პოლიტიკურ, ზნეობრივ და პროფესიულ შეფასებას, გაზეთის ერთი ნომერიც არ ეყოფა, თუმცა მკითხველისთვის ყველაფერი აშკარაა, ვისთან გვაქვს საქმე!

 

მეორე მაგალითი, ერთ-ერთ პოზიციაზე 8 კონკურენტი გავიდა მე-3 ეტაპზე, აქედან სამი არ გამოცხადდა(!!!) გასუბრებაზე, 4-მა ,,ვერ გადალახა“ გასუბრება, ავტომატურად დარჩა ერთი, ვინც ტესტირებაში მიიღო 3,9 ქულა, გასაუბრებაში-3,5 სულ 7,4. ვინც ,,ვერ გადალახა“, ტესტირებაში ჰქონდა 5,3 ქულა, გასუბრებაში დაუწერეთ 2,8 და ,,ვერ გადალახა“. აქ უარყოფილია ტესტირების შედეგები და უპირატესობა მინიჭებული აქვს გასუბრებას. თუ ეს ასე არ არის, შევაჯამოთ 5,3+ 2,8 = 8,1 ამან ,,ვერ გადალახა“ და 7,4-მა გადალახა და თანაც პირველ ადგილზე გავიდა. ე.ი. რა გამოდის, შენმა ,,სოვბესედნიკებმა“, თქვენი მითითებით, არასასურველი კონკურსანტები ხელოვნურად გაანეიტრალეს. ასეთი 12 ფაქტი ფიქსირდება ე.წ. საკონკურსო-საატესტაციო კომისის შემაჯამებელ ოქმში, რაც უზნეობის თვალსაჩინო მაგალითია.

 

ბატონო ბესიკ! რა შინაარსობრივი განსხვავებაა ,,სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხავა-შესწავლის განყოფილების უფროსსა“ და ,,სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის განყოფილების უფროსს“ შორის? კონკურსანტს რომ ამის მეტ შეკითხვას ვერ უნახავ და ,,სტიქიის შედეგად დაზარალებულთა“ სწორია თუ ,,სტიქიით დაზარალებულთა“ ამაზე აუგებ პოლიტიკას, ამას ჰქვია ფსიქოლოგიური ტერორი ,,მოწინააღმდეგის“ მიმართ, ამას ჰქვია დაცინვა ოპონენტზე, ამას ჰქვია შურისძიება კონკურენტზე, რომელიც შენთან ერთად კენჭს იყრიდა გამგებლის თანამდებობაზე. ამ კონკურსმა თვალი აუხილა ხულოელებს, რა ნექტარითაც ხარ მოწამლული-მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტი კლანურ-გვაროვნულ  ყულაბად  მიგაჩნია და გამგეობა საკუთარ კოოპერატივად.

 

ერთ თემასაც რომ ხაზი არ გავუსვათ, მართალი არ ვიქნებით ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მხარდამჭერთა წინაშე. ასეთი  უსახური საახალწლო ნაძვის ხე ბოლო 25 წელია ხულოს არ ახსოვს. ადრე აჭარის ტელევიზია პირდაპირ ჩართვას აკეთებდა ხულოდან, აჭარის ა.რ. მთავრობის ხელმძღვანელობა აქედან ულოცავდა ახალ წელს და ესალმებოდა მთელ საქართველოს, სადაც თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ცხოვრობს ხულოელი ეკომიგრანტი. ზეიმიც ამ ტრადიციის შესაფერისი და შესაბამისი იმართებოდა… არა და ,,ნაძვის ხის“ შესაძენად 17 ათასი ლარის გამოყოფაზე თანხმობა მოგცათ საკრებულომ, ასევე საკრებულომ თანხმობა მოგცა გარკვეული რაოდენობის თანხის გამოყოფაზე საშემოდგომო დღესასწაულის ჩასატარებლად. ვერც ერთს თავი ვერ მოაბით. თუ რომელიმე ჟურნალისტი გკითხავს მოსახლეობის სატკივარზე ,,მოგზავნილის“ იარლიყს აწეპებ, ყველგან მოწინააღმდეგე და მოქიშპე გელანდება, ასეთი უსაფუძვლო ეჭვები, ფობიები კი სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტს გიქმნის, რაც, სამწუხაროდ, თქვენს მიერ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს და საჯარო განცხადებას აშკარად ეტყობა.

 

მე გთავაზობთ, დროულად დაიწყოთ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოვალეობის შესრულება, სრულად გაითავისოთ თქვენი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა და აღარ იძალადოთ ოპონენტებსა და მათი ოჯახის წევრებზე, ნუ შეურაცხყოფთ ჟურნალისტებს, დროზე გაეცი საჯარო ინფორმაცია და თქვენი ამბიციებით ნუ დააზარალებთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და პრესტიჟს. ყოველ წუთს გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ხულოს მოსახლეობის დაქირავებული მოსამსახურე. განურჩევლად იმისა, მხარი დაგიჭირა თუ არა არჩევნებში, ყური მიუგდე მათ სატკივარს, აჩვენე რომ სამართლიანობა გზას იკვლევს ქვეყანაში. გახსოვდეთ! თქვენი აგრესიული ამბიცია და მიკერძოება, ძალადობა კონკურენტებზე ნაცოინალური მმართველობის გაგრძელებაა და უსასრულოდ გაგრძელდება ეს ბაკქანალია თუ შენი კალიბრის და წონის კარიერისტები კვლავ მოვლენ ხელისუფლებაში…

 

საკრებულოში, უმრავლესობაშიც საბედნიეროდ, ბევრია ისეთი წევრი, რომელიც ჯანსაღად აფასებს მოვლენებს და ადეკვატური დასკვნები გამოაქვს თქვენი ,,უწყინარი ეშმაკობებიდან“… და თუ ასე ფიქრობთ მუნიციპალიტეტის მართვის გაგრძელებას, გარწმუნებთ, თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი მალე დადგება საკრებულოს  განხილვის დღის წესრიგში!!!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: