კვირის ამბები

მშობელწართმეული მსხვერპლის ბავშვობიდან

02.11.2014 • 1450
მშობელწართმეული მსხვერპლის ბავშვობიდან

GE DIGITAL CAMERA

მერი ქაჯაია – რეპრესირებული

„იმ დროს სოფელ ორცვაში ვცხოვრობდით. მამაჩემი, მუსა ქაჯაია კოლმეურნეობაში ბუღალტრად მუშაობდა. 1937 წელს თავის ბიძაშვილებთან ერთად დაიჭირეს. ზუსტად არ ვიცით სასჯელს სად იხდიდა, მაგრამ როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ციმბირში გაუსახლებიათ.

ჟანდარმები მუსა ქაჯაიას სახლში შუაღამით შევიდნენ. „ყველაფერი ააყირავეს და რაც მამას ეკუთვნოდა, წაიღეს. ასე დარჩა დედა მარტო. არც ჩვენ გვქონია ბავშვობა, ჩვენი „სათამაშო“ ბარი, ცელი და თოხი იყო. პატარები ვიყავით, მაგრამ ფიზიკურად ვმუშაობდით. თამბაქო, ვენახი, საქონელი და ბოსტანი – ყველაფერი დედის მხრებზე იდგა. ჩვენც ვცდილობდით საქმე შეგვემსუბუქებინა მისთვის. მამის დაჭერაზე თითქმის არ ვსაუბრობდი, მაგრამ როცა ძალიან დავიღლებოდი, ტყიდან შეშის ზიდვით ან რაიმე მძიმე საქმით, მაშინ ვლანძღავდი ხოლმე მათ ვინც მამა წაგვართვა“.

იმ დღის შემდეგ მერი ქაჯაიას ოჯახს მამისგან არანაირი შეტყობინება არ მიუღია.
„თბილისში რომ გავგზავნე განცხადება, იქედან მომწერეს, ციმბირის ჰავას ვერ გაუძლო და იქ გარდაიცვალაო. სახლში არც მასთან ერთად დაკავებული ბიძაშვილები დაბრუნებულან. ისინიც, როგორც გვითხრეს, ციმბირში გარდაიცვალნენ.

წლების წინ, როცა ჩემი რძალი საავადმყოფოში მუშაობდა, იქ შეხვედრია ერთ კაცს, რომელიც ციმბირში ათი წელი იხდიდა სასჯელს და მას უთქვამს, რომ მამაჩემს იცნობდა. ჩემი ძმის გაცნობაც მოუსურვებია, მაინტერესებს, ისიც მამასავით კარგი კაცია თუ არაო. მაშინ ჩემი ძმა ქალაქის რაიკომის მდივანი იყო. სამწუხაროდ, ეს კაცი ჩემს ძმასთან შეხვედრამდე გარდაიცვალა და ეს ბოლო შესაძლებლობაც დავკარგეთ“, – ამბობს მერი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. მერი ქაჯაიას ოჯახი მეორედ გახდა რეპრესიების მსხვერპლი: „ამჯერად ჩემი ბიძაშვილი და მისი ოჯახი, პატარა ბავშვებით გადაასახლეს ყაზახეთში, მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდნენ. მიზეზი არც ახლა იყო ნათელი, ამბობდნენ, რომ თურქეთში გადადიოდნენ და ამის გამო. ჩემი ბიძაშვილი უსუფ ქაჯაია კარგი მომღერალი იყო და იმ დღეებში მოსკოვშიც აპირებდნენ მიწვევას, მაგრამ ასე მოხდა“.

მერი ქაჯაია ამბობს, რომ ადამიანების უსამართლოდ დასჯა ყველაზე დიდი ბოროტებაა: „განა შეიძლება ადამიანები მტკიცებულებებისა და ბრალის გარეშე დაიჭირო? ვინ რას მოიგებს ამით? მხოლოდ ძალადობა და სიძულვილი შეიძლება გააძლიერო. არც საბჭოთა ხელისუფლებას მოუგია რამე… ყველა ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს ნორმალურ ოჯახურ გარემოში, მშობლების მზრუნველობისა და სიყვარულის ქვეშ, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ წამართვა მე ეს უფლება, მამას კი სიცოცხლე მოუსპო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: