კვირის ამბები

„როცა ვაგონებში ვიხრჩობოდით“

03.08.2014 • 1312
„როცა ვაგონებში ვიხრჩობოდით“

GE DIGITAL CAMERA

ისრაფილ ქორიძე შვილთაშვილთან ერთად

მამამ ჯერ მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, ორი წელი კი შახტაში იმუშავა. ორდენებით დაბრუნდა სახლშიო,  – გვიყვება ისრაფილ ქორიძე, თუმცა მძიმე დღეებს გამოვლილი მაინც არ დაინდეს და ომიდან დაბრუნების შემდეგ, ორ წელიწადში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ციმბირში გადაასახლეს.
„მე, ჩემი ორი ძმა და მშობლები გადაგვასახლეს. ვიხრჩობოდით, ვაგონებში ისეთი მდგომარეობა იყო. ვერ გადმოგცემთ, ვერ აღვწერ იმ განცდას, რაც იქ გადავიტანეთ. თავზე ავტომატიანი ჯარისკაცები გვადგნენ.

ეს ნამდვილი წამება იყო. არავინ დაინდეს, ქალი და კაცი, ჩვილი და მოზარდი, ყველა ერთად შეყარეს საწამებლად. ვაგონებიდან გემზე გადაგვიყვანეს და ტომსკში წაგვიყვანეს. ერთი სიკეთე ის იყო, რომ ჰაერს ვსუნთქავდით მაინც. გემიდან ბევრი შეეცადა გაქცევას, წყალში ხტებოდნენ ადამიანები. აღარ მახსოვს დაიღუპა თუ არა ვინმე მდინარეში, მე მგონი ყველა ამოიყვანეს. სოფელი, სადაც ჩაგვასახლეს, თავდაპირველად ცარიელი დაგვხვდა. იქაურებისთვის უთქვამთ, კაციჭამიები მოჰყავთო და გაქცეულან, მერე ნელ-ნელა დაბრუნდა ხალხი სოფელში“.

ისრაფილ ქორიძე იხსენებს, თუ როგორ შეასახლეს ათობით ოჯახი პურის საშრობებში და უმწეო მდგომარეობაში დატოვეს.

„სახლიდან ორი კილო ფქვილიც კი არ წამოგვაღებინეს. ტანზე რაც გვეცვა, ის იყო ჩვენი ქონება. ზაფხულში გადაგვასახლეს, ისეთი კოღოები იყო, შეუძლებელი იყო გაძლება. ცეცხლს ვანთებდით, რადგან კვამლზე გარბოდნენ. აქედან დაიწყო ჩვენი ახალი და უმძიმესი ცხოვრება.

11 წლიდან ფიზიკურად ვმუშაობდი ხე-ტყეზე. დღეში 15 კაპიკს გვიხდიდნენ და როგორ გვეყოფოდა. ერთ საღამოს გემი ჩამოდგა და მთელი ღამე მარტომ ვიმუშავე, 25 ტონა შაქარი გადმოვტვირთე. 260 მანეთი გადამიხადეს. მამაჩემი ორი დღე მეხუტებოდა სიხარულით, ამდენი ფული რომ მივიტანე სახლში. ფიზიკურად შრომობდა ყველა, დედაჩემი, რომელიც დაბადებით ყრუ-მუნჯი იყო, მთელი დღე თოფებისთვის საკონდახე მასალებს ამზადებდა. ვშრომობდით ბავშვებიც… ერთადერთი, რაც კარგად მოდიოდა, კარტოფილი იყო. ეს იყო ჩვენი პური და სხვა საკვებიც. ჩვენს სოფელში ნათესავებმა ძროხა გაყიდეს და იმ გამოგზავნილი ფულით მამამ პატარა ხის სახლი იყიდა“.

ისრაფილ ქორიძეს სკოლაში არ უვლია, რადგან, როგორც გვეუბნება, არც ფეხსაცმელი ჰქონდა და არც შესაფერისი ტანსაცმელი: „60 გრადუსს აღწევდა ციმბირში ყინვა, 30 გრადუსამდე რომ დაიწევდა, ასე გვეგონა, რომ დათბა. 45 გრადუსში გარეთ გასვლის უფლება აღარ გვქონდა. აბა როგორ უნდა მევლო სკოლაში“.

განათლების მიღება ვერც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეძლო, –  „ცხრა წელი გადასახლებაში ვიყავით. სტალინი რომ გარდაიცვალა, მეორე წელს მოგვცეს დაბრუნების უფლება. უკან დასაბრუნებელი ფული სოფლიდან გამოგვიგზავნეს. ჩვენს სახლში მახარაძეების ოჯახი იყო შესახლებული. არ უნდოდათ ჩვენი კარ-მიდამოს დატოვება, ბოლოს მამაჩემმა შეკრიბა ახლობლები და თათბირი გამართა. ფულს სთავაზობდა, რომ ჩვენი სახლი დაეტოვებინათ. არ ვიცი აიღეს თუ არა ფული, მაგრამ სახლი დაგვიბრუნეს, რომელიც ფაქტობრივად თავიდან იყო ასაშენებელი. არც ერთი ნივთი ადგილზე არ დაგვხვედრია. ისევ მძიმე, ფიზიკური შრომა დავიწყე. ბოლოს ხელოსანი გავხდი, 150-მდე სახლი მექნება აგებული. მთელი ცხოვრება შრომა-გარჯაში ვარ. ახლაც ვმუშაობ, თუმცა ფეხები მტკივა უკვე“.

ისრაფილ ქორიძემ არ იცის, რისთვის გადაასახლეს. „ალბათ ვერ იტანდნენ ადამიანები ერთმანეთს“, – ასკვნის ბოლოს.
როგორ ფიქრობთ, სტალინის გარდაცვალების შემდეგ რატომ დაგაბრუნეს? – ამ კითხვაზე ასე პასუხობს `ვერ გეტყვით, მისი ბრალი იყო თუ ბერიას… მე მასთან (ბერიასთან) ფოტოც მქონდა გადაღებული. ჩვენს სოფელში ფილმს იღებდნენ და მაშინ იყო აქ ამოსული. იქედან მახსოვს, ფორთოხლის ხეზე რომ შემომსვა“.

ბერიასთან შეხვედრა მისთვის აღარ არის სასიამოვნო მოგონება: „არ ვიცი რა ფილმს იღებდნენ, არც ის ფილმი მინახია და არც ის ფოტო. ეჰ, ასეთ დღეში კი ჩაგვყარეს… ეს ეკუთვნოდა ორდენებით დაბრუნებულ მამაჩემს?!“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: