კვირის ამბები

სატვირთო ვაგონით გადასახლებაში და ოთხი წლის ბავშვის დაკარგული საფლავი

08.06.2014 • 1648
სატვირთო ვაგონით გადასახლებაში და ოთხი წლის ბავშვის დაკარგული საფლავი

GE DIGITAL CAMERA

ოთარ ნაკაშიძე

„ჩემი ოჯახი ქედაში, სოფელ ოქტომბერში ცხოვრობდა. ძლიერი ოჯახი გვქონდა, მამაჩემი სამხედრო მაღაზიაში მუშაობდა, ბაბუაც მშრომელი გლეხი იყო. ასი სული თხა-ცხვარი ჰყავდა, 20-მდე მსხვილფეხა საქონელი და უამრავი ფრინველი. ალბათ ჩვენი ქონება უნდოდათ, რადგან სხვა მიზეზი ჩვენი გადასახლების არ არსებობს“, – წარსულს იხსენებს ბენია ნაკაშიძის შვილი, ოთარ ნაკაშიძე.

სამხედროები მათ ოჯახს შუაღამისას შეესივნენ. „ყველა ფანჯარასთან ჯარისკაცი იდგა, განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ არავის. ჩაცმა ძლივს მოასწრეს და რამდენიმე საბანი წაიღეს. მამას ჩუმად პატარა ნაჯახი შეუხვევია საბანში, ამ ნაჯახით სატვირთო ვაგონში იატაკი ამოუჭრია და ასე გაუკეთებიათ ტუალეტი. საშინელი სიცივე და აუტანელი პირობები ყოფილა. ისეთი ყინვა იყო, ვაგონი რომ გაჩერდებოდა, კარებს ძელებით ხსნიდნენ – ყინული ჰქონდა მოდებული. შემოაგდებდნენ სალაფავს და ეს იყო საკვები. ჩემი პატარა და ოთხი წლის იყო. ვერ გაუძლო ამ პირობებს და ყაზახეთში ჩასვლისთანავე გარდაიცვალა.

მამაჩემს ძალიან უნდოდა მისი გადმოსვენება, მაგრამ წლების შემდეგ იმ ადგილზე ქალაქი გაუშენებიათ და საფლავი დაიკარგა. მშობლები ძალიან განიცდიდნენ ამ ამბავს“.

გადასახლებაში ნაკაშიძეებს მძიმე ცხოვრება ჰქონდათ. ათსულიანი ოჯახი პატარა მიწურში განთავსდა. მშობლებს უჭირდათ საკვების შოვნა: „რამდენიმე თვეში მეც დავიბადე. როცა დედა საავადმყოფოში იყო, სტალინის გარდაცვალების გამო ხუთწუთიანი დუმილი ჩამოვარდნილა, გადასახლებულებს კი ტაში დაუკრავთ. ექიმს უთქვამს, თუ არ გაჩერდებით, აქედანაც გაგასახლებენო. მამამ მუშაობა დაიწყო და შემოსავალი გაგვიჩნდა. ბამბას, ყურძენს კრეფდა, იმდენი მოახერხა, რომ ერთ წელიწადში პატარა სახლიც კი იყიდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1953 წელს, სამშობლოში დავბრუნდით“.

ოთარ ნაკაშიძე ამბობს, რომ სოფელში დაბრუნებულებს ქონება განადგურებული დახვდათ. „საქონელი წაეყვანათ, არც სახლში დაგვხვდა არაფერი. მშობლებმა სოფელში დარჩენა აღარ მოისურვეს, მძიმე მოგონებებს უკავშირდებაო, თანაც მეზობლების ხელიც ერია, ალბათ, ჩვენი გასახლების ამბავში და აღარ ისურვეს იქ დარჩენა. ფერიაში დავსახლდით და დღემდე იქ ვცხოვრობთ. ჩემს მშობლებს ოთხი შვილი კიდევ შეეძინათ. მძიმე, ტკივილიან ცხოვრებას ვეღარ გაუძლო მამამ და ისიც მალე გარდაიცვალა. დარჩა დედა ათ შვილთან ერთად. ჩემი ორი დაც მალე გარდაიცვალა. ძალიან განიცდიდნენ მშობლები. მათ სამჯერ მოუწიათ ცხოვრების თავიდან დაწყება.

დანაშაული და დიდი ბოროტება იყო ეს წლები. ზოგს დღემდე უყვარს სტალინი. რევოლუციის წლებში, როცა სტალინი ბათუმში ცხოვრობდა, ერთ დროს ფერიაში, სელიმ სმირბას სახლში იმალებოდა. გოდორში ჩასვამდა, ზემოდან სიმინდს დააყრიდა და ასე დაჰყავდა ურმით. ფერიაში სტალინის ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ქანდაკება ახლაც დგას. მე არ მიყვარს ის, რადგან ავადმოსაგონარი იყო ჩემი ოჯახისთვის გადასახლება. მშობლები მთელი ცხოვრება შვილის დაკარგული საფლავისა და მძიმე მოგონებებით იტანჯებოდნენ. სტალინმა უამრავ ადამიანს მიაყენა ტკივილი“.

ბავშვობა და ოჯახი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: