კვირის ამბები

ექიმის როლი ოჯახში ძალადობის გამოვლენაში

29.05.2015 • 2697
ექიმის როლი ოჯახში ძალადობის გამოვლენაში

ცვლილება კანონში „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” გასული წლის 17 ოქტომბერს შევიდა. ”ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიკაციისა და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებების, არასრულწლოვნის შემთხვევაში – ასევე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს” – ვკითხულობთ კანონში.

ოჯახის ექიმი ნატა ჩაკვეტაძე ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პაციენტი მას პრაქტიკაში ორჯერ ჰყავდა და ორივე შემთხვევაში ძალადობის ფაქტზე საუბრის ინიციატორი პაციენტები იყვნენ: `ამის შესახებ მე კითხვა არ დამისვამს, პაციენტმა თავად ჩათვალა საჭიროდ, რომ ეთქვა ჩემთვის. მე შევთავაზე, რომ ჩავაყენებდი შესაბამის ორგანოებს საქმის კურსში, რაზეც თავიდან დამთანხმდა. ამ საკითხზე უბნის პოლიციელს გავესაუბრე, ვკითხე, თუ რა შემეძლო გამეკეთებინა. მითხრა, რომ შეგიძლიათ შემოიტანოთ საჩივარი, მაგრამ რა შედეგი ექნება არ ვიცითო. საქმეს ბოლომდე მაინც არ მივყოლილვართ, მეორე დღეს მოვიდა ეს ქალი და კატეგორიული უარი მითხრა სამართალდამცავების ჩარევაზე. თქვა, რომ ამის გამო უარესი პრობლემები შეექმნებოდა~.
ნატა ჩაკვეტაძე ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლი მეორე პაციენტიც ქალი იყო, რომელზეც ადრე მისი ქმარი ძალადობდა და სწორედ ამას უკავშირდებოდა მისი ახლანდელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები: ”მე არ მქონია პაციენტის გახსნის მცდელობა, ძალადობის შესახებ შეკითხვაც კი არ დამისვამს, პაციენტმა თვითონ ახსენა, რომ მასზე ადრე ძალადობდნენ და ამ ძალადობის შედეგად ჰქონდა ახლა მას პრობლემები” – ამბობს ექიმი.

ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ქეთევან გოგინაშვილის თქმით, როცა ოჯახისა და სოფლის ექიმები გადიოდნენ საკანონმდებლო გადამზადებას, მათ ეუბნებოდნენ, რომ ასეთი ფაქტები უნდა აცნობონ შესაბამის სამსახურებს, ხოლო გაიდლაინი, რომლითაც ექიმებმა უნდა იხელმძღვანელონ ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებისთვის, UNICEF-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ითარგმნა. ”UNICEF-მა თარგმნა ეს გაიდლაინი, ჩვენ კი მისი ადაპტირება გავაკეთეთ საქართველოს პირობებისთვის და იგი ალბათ წელს დამტკიცდება პარლამენტის მიერ. იქ ალგორითმია დახატული, თუ როგორ უნდა გაირჩეს ძალადობა ჩვეულებრივი ტრავმისგან, როგორ უნდა მოიქცეს ექიმი, როცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან აქვს შეხება და ასე შემდეგ” – ამბობს ქეთევან გოგინაშვილი. გაიდლაინი დასამტკიცებლად უკვე გადაგზავნილია პარლამენტში. `მათ ჰქონდათ შენიშვნები, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ გაიდლაინი არ ყოფილიყო მხოლოდ ქალებზე ან მხოლოდ ბავშვებზე ორიენტირებული და მოგვეხდინა მასში სხვა კომპონენტების ჩართვა. ეს ალგორითმი კარგად არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლებზე მორგებული” – ამბობს ქეთევან გოგინაშვილი. მისივე თქმით, გაიდლაინის დამტკიცების შემდეგ ამ თემაზე შესაბამისი თემატიკის ტრენინგებიც იგეგმება.

ეჭვი ოჯახური ძალადობის შესახებ შესაძლოა გაჩნდეს პაციენტთან, რომელსაც აღენიშნება ჩალურჯებები, ქრონიკული ტკივილი, გაურკვეველი ტიპის დეპრესია ან უმიზეზო აგზნებულობა. ასევე, ეჭვი ოჯახში ძალადობაზე ექიმს შეიძლება გაუჩნდეს იმ პაციენტთან მიმართებაში, რომელიც ხშირად მიმართავს ექიმს უმნიშვნელო ან ახსნასთან შეუსაბამო დაზიანებებით, ან აქვს აუხსნელი გინეკოლოგიური პრობლემები.
ქეთევან გოგინაშვილის თქმით, თუ დადგინდა, რომ პაციენტი არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მისი ყველა სამედიცინო მომსახურების ხარჯს (მიუხედავად იმისა, ფარავს თუ არა მას საყოველთაო დაზღვევა), სახელმწიფო ანაზღაურებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის იანვრის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის 591 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან აჭარაში მოხდა 53 შემთხვევა, მათ შორის ერთი მკვლელობა და 3 – ჯანმრთელობის დაზიანება. 2015 წლის აპრილის მონაცემებით კი, საქართველოს მასშტაბით ოჯახში ძალადობის 56 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 11 აჭარაში მოხდა.

რა პრაქტიკა და გამოცდილება არსებობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უცხოეთში? სხვადასხვა კვლევაში აღნიშნულია, რომ ძალადობის მსხვერპლები გულახდილად საუბრობენ ამ თემაზე ექიმებთან, როცა საუბრის ინიციატორი თავად ექიმია.

ამერიკის სამედიცინო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის (ჟურნალი JAMA Internal Medicine) თანახმად, ექიმები ხშირად თავს იკავებენ პაციენტისთვის ოჯახში ძალადობის შესახებ პირდაპირი კითხვების დასმისგან, თუმცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მათი უმეტესობა მიზანშეწონილად მიიჩნევს ექიმებისა და მედდებისგან პირდაპირ კითხვებს ოჯახში ძალადობის შესახებ.

ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების შესახებ სახელმძღვანელოში, რომელიც ბრიტანეთის ოჯახის ექიმების ყველაზე დიდმა პროფესიულმა კავშირმა (50 000-ზე მეტი წევრი) ორი წლის წინ დაამტკიცა, წერია, რომ გამოკითხული ქალების ნაწილი ენდობა თავის ექიმს და მიიჩნევს, რომ ისინი არიან იმ ადამიანებს შორის, ვისთანაც შეუძლიათ ისაუბრონ ამ თემაზე, თუმცა გამოკითხულთა უმეტესობამ თქვა, რომ ისინი ვერ ისაუბრებენ ოჯახში ძალადობის შესახებ ექიმთან პირდაპირ დასმული კითხვების გარეშე. “მათ სურდათ, რომ ექიმს ეკითხა პრობლემების შესახებ და მოლოდინი ჰქონდათ მათგან შესაბამისი რეაგირების” – აღნიშნულია კვლევაში. ამავე კვლევის თანახმად გამოკითხული ექიმების ნაწილმა არ იცოდა როგორ ეკითხა ქალებისთვის ოჯახში ძალადობის შესახებ და რა რეაგირება უნდა მოეხდინა დადებითი პასუხის შემთხვევაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: