კვირის ამბები

ბავშვი მშობლისთვის თუ მშობელი ბავშვისთვის? – ვუთხრა თუ არ ვუთხრა?

07.04.2015 • 2970
ბავშვი მშობლისთვის თუ მშობელი ბავშვისთვის? – ვუთხრა თუ არ ვუთხრა?

საქართველოში შვილად აყვანა ნორმას არ ექვემდებარება. ის დიდ საიდუმლოსთან და სირცხვილთან არის დაკავშირებული. ერთი მხრივ, მშობლების ამგვარ დამოკიდებულებას განაპირობებს შიში საზოგადოებრივი აზრისადმი: საკუთარი გენი სხვისაზე უკეთესია; შვილად აყვანილი მეორეხარისხოვანია ბიოლოგიურ შვილთან შედარებით. უნაყოფობა განხილულია არა როგორც ბიოლოგიური მდგომარეობა, არამედ როგორც ნაკლი. თუმცა ცოტამ თუ იცის საკუთარი გენეტიკური ისტორია. მეორე მხრივ, მშობლებს ეშინიათ, რომ სიმართლემ შეიძლება გააფუჭოს ბავშვთან ურთიერთობა, ვინაიდან არაგენეტიკური, არასისხლისმიერი კავშირი არამყარია და ადვილად შეიძლება დაირღვეს. თუმცა ადამიანური, ოჯახური ურთიერთობები, ბიოლოგიურის გარდა, სოციალურ კავშირებს ეფუძნება. შიში უსაფუძველოა, ვინაიდან მხოლოდ ის ურთიერთობაა გამძლე, რომელიც სიმართლეს ემყარება.

ვუთხრა თუ არ ვუთხრა?

მშობლების შეხედულებით, შვილად აყვანილი ბავშვისთვის სიმართლის დამალვა მის დაცვას, უსიამოვნო სიტუაციებისა და გაკიცხვის თავიდან აცილებას ემსახურება. თუმცა მშობლები უფრო მეტად ცდილობენ დაიცვან საკუთარი შეგრძნებები და ინტერესები. მათი აზრით, უმჯობესია, ბაშვმა მიმღები ოჯახი ბიოლოგიურად ჩათვალოს.

მშობლები ხელმძღვანელობენ წარმოსახვითი სიტუაციებით და მხედველობის მიღმა რჩებათ ის განცდები, რაც ბავშვის თავს ხდება ან შეიძლება მოხდეს. აზრს მოკლებულია უარვყოთ რეალური ტრავმატიზმი, რომელიც ბავშვმა გადაიტანა. ტრავმა იყო და ამ ფაქტის უარყოფა ნიშნავს უარვყოთ რეალობა, დავრჩეთ ამ ეტაპზე და შემდეგ მოვიმკათ მისი ნაყოფი.

ჩვენ მეხსიერებაში ინახება ყველა შეგრძნება, ყველა განცდილი მომენტი, მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერად შეიძლება არ გვახსოვს ის. ცხოვრების პირველი კვირების და თვეების გამოცდილება ასევე რჩება მეხსიერებაში სხეულებრივი განცდების, შეგრძნებების დონეზე. ბავშვის ფსიქიკა იგება სხეულებრივი შეგრძნებებით, რომელსაც უახლოესი გარემოცვა ასწავლის. ამას უნდა მიეცეს სიტყვიერი ფორმა და აზრი. თუ გამოცდილების რომელიმე ნაწილი, განსაკუთრებით ტრავმატული, სიმბოლიზაციის გარეშე დარჩა, ის რჩება ფსიქიკაში, როგორც უცხო სხეული და სამომავლოდ ხდება გაუგებარი ტანჯვის მიზეზი. ძალიან მნიშვნელოვანია ესაუბროთ ბავშვს მის გრძნობებზე, გადატანილ მოვლენებზე, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მატრავმირებელი ეფექტი. სხვა შემთხვევაში ტრავმატიზმი დარჩება გადაუმუშავებელი და პათოგენური. მას შეუძლია  მოახდინოს დრამატული გავლენა ბავშვის მთელ ფსიქიკურ განვითარებაზე. შესაბამისად, ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ სიმართლე და რაც შეიძლება ადრე.

როდის ვუთხრა და როგორ?

დაიწყეთ თქვენი საუბარი ისეთი მხატვრული, ანიმაციური ფილმით ან წიგნით, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია შვილად აყვანის თემასთან. ერთი მხრივ, ბავშვი თავისი ასაკის შესაბამისად გაიაზრებს შვილად აყვანას და არ მიიღებს მას საკუთრ თავზე, არ ჩაერთვება ემოციონალურად. მეორე მხრივ, როგორც ყველა ბავშვი ადვილად მოირგებს შვილად აყვანილის როლს, არა იმიტომ რომ ის ასეთია, არამედ იმიტომ, რომ ამაზე შედგა საუბარი. ამ განხილვების პროცესში ბავშვი იგებს დაკავშირებული სიტყვებს შესახებ, რომელთა საფუძვლიანად განმარტებაც მნიშვნელოვანია.

იმაზე მსჯელობისას, თუ როდის გავანდოთ ბავშვს სიმართლე, აუცილებელია გამოიყოს 4 ასაკობრივი ეტაპი: 1. დაბადებიდან სამ წლამდე; 2. სკოლამდელის ასაკი (3-6/7 წლამდე); 3. წინაპუბერტატის ეტაპი (6/7-12 წლამდე); 4. გარდატეხის ასაკი.

დაბადებიდან სამ წლამდე. ამ პერიოდში ბავშვისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია, როგორ აღმოჩნდა ოჯახში. უფრო მნიშვნელოვანია მან მშობლებისგან იგრძნოს სიყვარული, მიმღებლობა და საკუთარ თავს არ დაუკავშიროს შექმნილი უხერხულობა. ამ ასაკის ბავშვი კარგად გრძნობს მოცემულ ასპექტებს და მშობლების შინაგან დაძაბულობასაც, თუმცა არ სვავს კითხვებს, არ ქმნის უხერხულ სიტუაციებს. მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ტერმინებს, ვინაიდან ისინი პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ სიტყვებს. ზოგადად, ამ ასაკში აღიქვამენ საერთო იდეას, რომ იშვილეს, მაგრამ დიდად ვერ უღრმავდებიან რა დგას სიტყვის უკან.

სკოლამდელი ასაკი. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ბევრ შეკითხვებს სვამს, რაც, ერთი მხრივ, შეამსუბუქებს მიმღები ოჯახის მდგომარეობას საკითხზე საუბრისას. მნიშვნელოვანია ვუპასუხოდ მათ შეკითხვებს კონკრეტულად და მათთვის გასაგები, აღქმადი მოცულობით. კარგია შევაფასოთ რამდენად ადეკვატურად აღიქვამს თქვენს მიერ მოყოლილ ისტორიას. ამ ასაკისთვის დამახასიათებელია რეალურის და ფანტაზიის ერთმანეთში შერწყმა. ამის გაგება შესაძლებელია თუ მოვუსმენთ მის მიერ მოყოლილ ისტორიას და დავაკვირდებით მის თამაშს. ამ ასაკის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მოისმინონ რამდენიმეჯერ ერთი და იგივე ისტორია. შეიძლება ეს მის საყვარელ ისტორიადაც იქცეს ძილის წინ მოსაყოლად. მნიშვნელოვანია, დავიცვათ ბალანსი ისტორიის რეალობასა და ჩვენს მცდელობას შორის, მეტად პოზიტიურ ჭრილში დავანახოდ საკითხი.

წინაპუბერტატის ეტაპი. ამ ასაკში ბავშვს საკმარისად შეუძლია საკუთარი ისტორიის გაცნობიერება. ის იგებს, რომ მასზე უარი თქვეს ბიოლოგიურმა მშობლებმა, ბავშვმა ისინი დაკარგა. მათთვის აუცილებელია შეათავსონ ბიოლოგიური და მიმღები მშობლების მიმართ გრძნობები. მიუხედავად იმისა, რომ არ საუბრობენ ბიოლოგიურ წარმომავლობაზე და არ სვავენ კითხვებს, სულაც არ ნიშნავს, რომ საკითხი არ აინტერესებთ. მნიშვნელოვანია, მშობლებმა წამოიწყონ საუბარი, გამოავლინონ მზაობა საკითხის გასააზრებლად. ეს ასაკი რთული გარდატეხის ასაკის წინა პერიოდია. საჭიროა შევქმნათ წინაპირობა სწორი იდენტიფიკაციისთვის, ვიდრე მშობლის ნათქვამს მისთვის ძალა გააჩნია და ბავშვს ნათქვამის მიმღებლობა აქვს.

გარდატეხის ასაკი. ეს ასაკი ბიოლოგიურ ოჯახშიც კი რთული პერიოდია. ამ დროს ბავშვმა უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა და საკუთარი იდენტობა. მოზარდი, რომელიც გარდატეხის პერიოდში იგებს საკუთარი წარმომავლობის შესახებ, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, ფაქტი განსაკუთრებით მატრამვირებელია. მას არ შეუძლია ააგოს საკუთარი იდენტობა არც იმ ისტორიაზე, რომელიც ახსოვს და არც იმ ისტორიაზე, რომელიც მის ახლანდელ ოჯახთან არის დაკავშირებული. ამის მიზეზია მოზარდობის მაქსიმალიზმი, რომელიც არ აძლევს ბავშვს საშუალებას, ერთი მხრივ, მიიღოს საკუთარი წარმომავლობის ფაქტი და, მეორე მხრივ, საკუთარი ცხოვრების ისტორია მიმღებ ოჯახში.

და ბოლოს, სპეციალისტების დახმარება აუცილებელია, როგორც შვილად აყვანის წინ, ასევე შემდგომ, პერიოდულად. ეს დახმარება მიმართულია მშობლებისკენ, რათა გაიგონ საკუთარი ცნობიერი და არაცნობიერი მოტივები, რომელიც დაკავშირებულია ამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან. ამ გზით შემცირდება იმედგაცრუებები და გაუმართლებელი მოლოდინები. ბავშვი მზად უნდა იყოს პასუხის გასაცემად საზოგადოების ინტერესიდან მომდინარე კითხვებზე. მაგრამ ამაზე გასამკლავებლად, ბავშვმა უპირველესად უნდა დაინახოს მშობლების მზაობა კითხვებზე საპასუხოდ, საზოგადოების წინაშე წარსადგენად სინდისი ქენჯნის, უხერხულობის და სირცხვილის გარეშე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: