კვირის ამბები

გვიანი ორსულობის დადებითი და უარყოფითი მხარეები

15.03.2015 • 10596
გვიანი ორსულობის დადებითი და უარყოფითი მხარეები

 ბატონო კობა, რა ასაკი მიიჩნევა პირველი ორსულობისთვის ყველაზე სასურველად და რატომ?

ორსულობისთვის ყველაზე სასურველ ასაკად 20-25 წელი მიიჩნევა, ამ დროს ქალი ყველანაირად მომწიფებულია, მწყობრშია მისი ჰორმონალური და იმუნური სტატუსი, გულის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემები სრულად ჩამოყალიბებულია და ორგანიზმი მზად არის დედობისთვის. თუმცა, დღეს ხშირია პირველი ორსულობა 30 წლის ასაკში და ეს სავსებით ნორმალურია. დაგვიანებულ ორსულობად მიიჩნევა ორსულება 35 წლის შემდეგ. საქმე ისაა, რომ გოგონას დაბადებისას აქვს კვერცხუჯრედების გარკვეული რაოდენობა, როცა ქალი მომწიფდება, მას 400 კვერცხუჯრედი (ფოლიკული) რჩება, რომელთაგან ყველა თვე კარგავს ერთს. დადგენილია, რომ ეს რეზერვი 35 წლამდე იცლება. არის შემთხვევები, როცა ეს მარაგი 40 წლის შემდეგაც არ იცლება, მაგრამ, რა თქმა უნდა, სასურველია ქალის რეპროდუქციული ფუნქცია 35 წლამდე დაიწყოს.

თქვენს პრაქტიკაში ყველაზე ხანდაზმული მშობიარე ქალი რამდენი წლის იყო?

47 წლის ქალს უმშობიარია, თუმცა მას დიდი შესვენება ჰქონდა პირველი ორსულობის შემდეგ.

მამაკაცებს რა შეზღუდვა აქვთ ასაკში?

მამაკაცებში რეპროდუქცია შესაძლებელია 50 და 60 წლის შემდეგაც, რაც განპირებებულია სპერმატოზოიდების მუდვივი განახლებით და მათი მილიარდი ოდენობით. ქალები კი შეზღუდულნი არიან. მათი რეპროდუქციული ფუნქციის ზღვარი სულ 35 წელია, მერე უკვე მიდის კლება.

სხვა რა რისკები და გართულებები ახლავს გვიან ორსულობას?

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანს ბევრი დაავადება აღენიშნება. ხშირად დაზიანებულია ნერვული სისტემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, იზრდება ინფექციური და ენდოკრინული დაავადებების რისკი, შესუსტებულია ორგანიზმის დამცავი მექანიზმები. ქსოვილი კარგავს ელასტიურობას, სისხლძარღვები ვეღარ ატარებენ სისხლს კარგად. ხშირია ისეთი გართულებები, როგორიცაა: არტერიული წნევა, შეშუპებები, რაც ნაყოფის ჯანმრთელობაზეც აისახება. თუ ორსულს აქვს პრობლემები – ნაყოფიც იტანჯება, რადგან დედა და შვილი ერთი სისტემაა, ამიტომ ყველა ქალი იმყოფება განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ, უფრო ხშირია ექიმთან ვიზიტები და ლაბორატორული კვლევები, მათ შორის ექოსკოპია. რაც უფრო ახალგაზრდაა მშობლის ორგანიზმი, მით უფრო ნაკლებია მუტაციები და გენეტიკური დარღვევები, თუმცა ამისგან დაცული არავინ არ არის. ასაკის მატებასთან ერთად მატულობს სხვადასხვა რისკიც.

 რა რისკები ახლავს ფიზიოლოგიურ მშობიარობას 35-40 წლის ქალებისთვის?

ქალებს შეუძლიათ ამ ასაკში მშობიარობა, მაგრამ ბევრი არ მიდის ასეთ რისკზე. საშვილოსნოს კუმშვადობა და ჭინთვების ინტენსივობა სუსტად არის გამოხატული, სამშობიარო გზები არ არის ისე ელასტიური, რომ მივიღოთ ჯანმრთელი ახალშობილი. ამ ასაკში უმეტესად საკეისრო კვეთას ანიჭებენ უპირატესობას.

რა არის გვიანი ორსულობის დადებითი მხარეები?

ამ დროს ორგანიზმში ყველაფერი ახლდება, შეიძლება ითქვას, ქალები ახალგაზრდავდებიან. პირველ რიგში, იცვლება მათი ჰორმონალური სტატუსი. ბავშვის გაჩენა ქალის არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაც არის.

 რა მექანიზმით შეიძლება გარკვევა, კიდევ აქვს თუ არა ქალს დაორსულების შანსი?

იმის დასადგენად, თუ რა რეზერვი აქვს ქალს დარჩენილი, კეთდება ტესტი – „ანტი-მიულერის ჰორმონი“. ეს ტესტი გვაძლევს საშუალებას ვიმჯელოთ საკვერცხეების მუშაობაზე.

რა უნდა გაითვალისწინოს 35 წელს გადაცილებულმა ორსულმა?

დაგვიანებითი ორსულობისას საჭიროა გაძლიერებული კონტროლი იმ რისკებისა, რაც შეიძლება გვიან ორსულობას ახლდეს თან. მაგალითად, ყველა ქალმა იცის ისეთი რისკების შესახებ, როგორიც ბავშვის თანდაყოლილი დაავადებებია, ამიტომ ასეთ დროს საჭირო ხდება ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი ტესტების გაკეთება, რომ რაიმე არ გამოგვრჩეს ყურადღებიდან. ეს ყველაფერი საქართველოში განხორციელებადია და სიტუაციის სწორად მართვის შემთხვევაში, ორსულობა 35 და 40 წლის შემდეგაც წარმატებულია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: