კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ნადირობა დელფინებზე – ლაზური ისტორიები

15.03.2015 • 3893
ნადირობა დელფინებზე – ლაზური ისტორიები

ოდესღაც ლაზეთის სამეფო ტრაპიზონამდე იყო გადაჭიმული. დღეს კი ქართველური წარმოშობის ეს ტომი საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილას ცხოვრობს. უძველეს ლაზურ სოფელს – სარფს კი, თურქეთ-საქართველოს საზღვარი ჰყოფს შუაზე. გაღმა და გამოღმა ლაზები ამ ერთი საუკუნის წინ ცალ-ცალკე სოფლად ცხოვრობდნენ. მას შემდეგ რაც სოფელი შუაზე გაიყო, ღობის მიღმა ზოგს ძმა დარჩა, ზოგს – ბიძაშვილი, ზოგსაც – შეყვარებული.

ლაზების, იმავე ჭანების ისტორია ძველი კოლხეთის ისტორიასთანაა დაკავშირებული. უძველეს კოლხეთის სამეფოში ორი ქართველური წარმოშობის ტომი სახლობდა – ლაზ-ჭანები და მანრალ-მეგრელები. მათ სამეტყველო ენას კი ზანური ეწოდებოდა. სახელწოდება `ჭანი~ მოგვიანებით „ლაზით“ შეიცვალა.

ისტორიული წყაროებით ძველი წელთაღრიცხვის V-I საუკუნეებში ჭან-ლაზებს და მეგრელებს ეჭირათ მთელი შავი ზღვისპირეთი, ტრაპიზონიდან აფხაზეთამდე. ჭან-ლაზები ჭოროხის ხეობაში სახლობდნენ, ხოლო მანრალ-მეგრელები – რიონის ხეობაში.

ძველი კოლხეთის სამეფო ტრაპიზონამდე აღწევდა. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ჭან-ლაზებიც კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდნენ. ასე იყო მანამ, სანამ კოლხეთს რომაელები არ შემოესივნენ. რომაელების შემოსევის შემდეგ, კოლხეთის სამეფო დასუსტდა. შეიცვალა პოლიტიკური მდგომარეობაც, კოლხეთის მეფეები ლაზების ტომიდან ირჩეოდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ლაზებმა კოლხეთის სამეფოს სახელი შეუცვალეს და მას ლაზიკა უწოდეს.

ლაზიკის სამეფო საუკუნეების მანძილზე ცდილობდა ერთიანობის შენარჩუნებას. ერთი მხრივ, ბიზანტიასთან უწევდა გამკლავება და მეორე მხრივ, – სასანიდურ ირანთან. თუმცა მე-7 საუკუნეში ბიზანტიის კეისარმა ლაზიკაში მეფობა გააუქმა და მმართველებად ერისთავები დასვა. ამის შემდგომ ჭან-ლაზებმა სიმშვიდე მხოლოდ მეთორმეტე საუკუნეში მოიპოვეს. თამარ მეფემ ბიზანტიელებს ჭან-ლაზებით დასახლებული ტერიტორიები უკან წაართვა და ტრაპიზონის სამეფო შექმნა. ლაზთა მეხსიერებაში დღემდე ცოცხლობს ლეგენდები თამარ მეფეზე. ლაზები ცნობილი ხელოსნები არიან.

ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, სწორედ მეთორმეტე საუკუნეში დაუწყიათ ხელოსნობის შესწავლა. ლაზეთში ბევრი ისტორიული ძეგლი ყოფილა, თუმცა ძირითადად დანგრეული. თამარ მეფეს მოუნდომებია ამ ძეგლების შეკეთება. სწორედ ლაზები დახმარებიან მეფეს მათ შეკეთებაში. ამბობენ, მას შემდეგ, რაც თამარმა შეკეთებული და აღდგენილი ძველი ძეგლები ნახა, ლაზები დალოცა და მათი ხელობაც აკურთხაო.

თამარის დალოცვის შემდეგ ლაზ ხელოსნებს ისე კარგად წაუვიდათ საქმე, მთელს ლაზისტანში ხალხი ხელოსნობის სწავლას გაჰყვაო. მალე ისე მოხდა, რომ მთელს საქართველოში თუკი რაიმე შენდებოდა, ყველგან ლაზი ხელოსნები ყოფილან.

ლაზი ხელოსნების მიერ აშენებული სახლი ქედაში, სოფელ ზუნდაგაში

ბიზანტიის იმპერატორი ვერაფრით ურიგდებოდა ტრაპიზონის სამეფოს არსებობას, თუმცა ყველა ბრძოლა მის წინააღმდეგ უშედეგო იყო. შავი დღე ტრაპიზონის სამეფოსთვის 1453 წელს დადგა. მას შემდეგ, რაც ოსმალებმა დაიპყრეს კონსტანტინეპოლი, ტრაპიზონსაც მიადგნენ და დაიპყრეს.

ბევრ ლაზს მოუწია საკუთარი სარწმუნოების დათმობა, მას შემდეგ რაც ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა ლაზისტანი. მისიონერ ლუი გრანჯერიოს აღწერილი აქვს, თუ როგორ ცდილობდნენ ოსმალები ლაზ-ჭანების გამაჰმადიანებას. „ბავშვებს წინადაცვეთით ათავისუფლებდნენ ბეგარისაგან, ქალიშვილებს კი იმისათვის, რომ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ მათთვის, იანიჩრებზე ათხოვებდნენ“, – წერს გრანჯერიო.

დღეისათვის ლაზები კვლავაც შავი ზღვისპირეთში ბინადრობენ. მათი უმეტესობა თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს.

„იქაურ ლაზებს რომ ჰკითხოთ მათი ეროვნების შესახებ, გეტყვიან, რომ ლაზები არიან და არავითარ შემთხვევაში გურჯები“, –  ამბობს ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელი ირმა მემიშიში.

ლაზები კარგი მეთევზეები და ხელოსნები არიან. სარჩოს ძველი ლაზები ზღვაში ეძებდნენ. ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მცირემიწიან ადგილებში სახლობდნენ და სოფლის მეურნეობას რომ გაჰყოლოდნენ, ამისთვის შესაფერისი გარემო ნაკლებად იყო.

ლაზი მეთევზე ქსოვს ბადეს, მაკეტი ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმიდან

ლაზებში ჯგუფური შრომის კულტურა ე.წ. „ნადური“ შრომაც იყო გავრცელებული. მ. ვანილიში და ა. თანდილავა წიგნში „ლაზეთი“ აღწერენ ნადური შრომის თავისებურებებს:

„ნადს სოფელში რიგრიგობით აწყობენ. ამიტომ ოჯახში ერთი ან რამდენიმე წევრი მუშახელის მოსაგებად ჯერ სხვა ნადებში მონაწილეობს და 10-12 კაცის მოგების შემდეგ თვითონ აწყობს ნადს. მოგებულთა გარდა მოსულების წინაშე დავალიანებული რჩება, რასაც შემდეგ ანაზღაურებენ. ლაზები ნადს ორ ჯგუფად ყოფენ: გედვალერი (სავალდებულო გადასახდელი) და უგედვალუ (არა სავალდებულო გადასახდელი).“

გედვალერი ისეთი ნადი იყო, რომელიც ოჯახს აუცილებლად უნდა გადაეხადა. ანუ რამდენი კაციც იყო მის ნადში სამუშაოდ, იმდენივესთან უნდა წასულიყო თავადაც ნადში. ასეთი ნადი იყო ყანის თესვის, მარგვლის, კრეფის, ყანის ტეხვის. ასეთ ნადებში კაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობდნენ.

უგედვალუ იყო არასავალდებულო ნადი. სახლის მასალის მოზიდვისას, ახლად გაკეთებული ნავის ზღვის პირამდე მიტანის ან ბადის ძაფის დართვის  დროს თუ ერთი ლაზი მეორეს დაეხმარებოდა, ეს ვალად არ ჩაითვლებოდა.

ლაზებს შესისხლხორცებული ჰქონდათ მეთევზეობა და ხელოსნობა.  ეს პროფესიები მათ ბევრი მოგზაურობის საშუალებას აძლევდა.

ამას ლაზები „კურბეთს“, ანუ შორეულ მოგზაურობაში საშოვარზე წასვლას უწოდებდნენ. ძველად ლაზები ყოველწლიურად აწყობდნენ ჯგუფურ მოგზაურობებს. ჯგუფში მეთევზეები, მენავეები (ნავის მშენებლები) და სახლის მშენებლები შედიოდნენ. მეთევზეები და მენავეები, ძირითადად, ზღვის სანაპიროზე მდებარე დასახლებებს ეტანებოდნენ. ხოლო სახლის ოსტატები და დურგლები მიდიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში – აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში, სადაც ლაზურ სტილზე აშენებდნენ პატარა ოდებს.

შემოდგომის დადგომისთანავე ლაზი მეთევზეები ბადეების დამზადებას იწყებდნენ. ადრე სანამ ლაზები ნავის კეთებას ისწავლიდნენ, თურმე მოჭრიდნენ დიდგულიან ხეს,  გულს ამოუღებდნენ და ასე გადიოდნენ ზღვაზე. ასეთ ნავებს „ნუში“ ერქვა. მოგვიანებით ნავების აგების ოსტატობის დახვეწასთან ერთად მისი სახელწოდებაც შეიცვალა. ჯერ „ჭირნიღს“ ეძახდნენ, დღეს კი „ფელუკად“ მოიხსენიება.

ლაზებში გავრცელებული იყო ასევე ჭინოთი თევზაობა. ჭინო თევზის დასაჭერ გრძელ ჯოხს ჰქვია და სამი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილს „თუდენი“ ეწოდება, მეორე ნაწილს „შქაში“, მესამეს – „ყომურიში“.

გარდა ამისა, თევზაობდნენ გოდრებითაც. გოდრით თევზაობა ზღვაში მოუხერხებელი იყო, მაგრამ მთის მდინარეებისთვის სწორედ რომ შესაფერისი. გოდორი აუცილებლად თხილის ხისგან უნდა ყოფილიყო დაწნული.

ლაზი მეთევზეები ძველად დელფინებზეც ნადირობდნენ. ნადირობა შუა ზღვაში ხდებოდა ჩახმახიანი თოფით. ეს კი გარკვეულ ოსტატობას მოითხოვდა მონადირისგან. ჯერ ერთი, ნავს ტალღები აქანავებდა, მეორეც დელფინიც მოძრაობდა და რთულად მოსახელთებელი იყო. დელფინებს ღია ზღვაში უსაფრდებოდნენ და საათობით ელოდებოდნენ მის გამოჩენას. დელფინის მონადირება ადვილი არ იყო. როგორც კი ზედაპირზე გამოჩნდებოდა, სწრაფადვე უნდა ესროლათ, იმიტომ, რომ ჰაერს როგორც კი ჩაისუნთქავდა, მაშინვე წყალში ჩაყვინთავდა. მას შემდეგ რაც დელფინს ესროდნენ და ის გულაღმა ამოტრიალდებოდა, რკინის კავიანი ჯოხით ნავში აიყვანდნენ.

„ხშირია შემთხვევა, რომ დელფინი თავის შვილთან ერთად დაცურავს და, როცა გასროლილი ტყვია დედის ნაცვლად შვილს მოხვდება, რომელსაც ნავში ამოიყვანენ, დედა ნავს როდი შორდება. მან იცის, რომ შვილი ნავში იმყოფება და მანამდე სდევს ნავს, სანამ ნაპირს არ მიადგება. ხშირად „ცოდვის“ თავიდან ასაცილებლად, მეთევზეები დედას არ კლავდნენ, თუმცა შვილის მოკვლის შემდეგ მისი მოკვლა ძალიან ადვილი იყო. სასიკვდილოდ დაჭრილი დელფინი, რომელსაც ნავში ჩააგდებდნენ, ტყვიის მოხვედრისთანავე ტირილს და ხმამაღლა კვნესას იწყებდა“, – ნათქვამია  მ.ვანილიშისა და ა.თანდილავას წიგნში „ლაზეთი“.

დელფინის ქონისგან ლაზები ზეთს ხდიდნენ და მას ნავთის მაგივრად ხმარობდნენ. ასეთ ზეთს ლაზურად „დეფინაშ იაღი“ ეწოდება.

ლაზებს თევზაობის დაწყებასთან დაკავშირებით არაერთი წესი ჰქონდათ. მაგალითად, თევზის ჭერას აუცილებლად შაბათ დღეს იწყებდნენ, რომელსაც ლაზურად „საპატონი“ ეწოდება. გააკეთებდნენ ე.წ. „ნუსკას“ და ნავში დამალავდნენ ისე, რომ არავის ენახა. სწამდათ, რომ ასე ბევრ თევზს დაიჭერდნენ. თუ ისე მოხდებოდა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში თევზს ვერ დაიჭერდნენ, მაშინ ამბობდნენ, რომ „თოფს თვალი ეცა“ და სპეციალურ შელოცვებს კითხულობდნენ.

ლაზები თევზის დასაჭერ ბადეებსაც თავად ქსოვდნენ. ბადისთვის საჭირო ძაფსაც თავად ართავდნენ. ძაფს ქალები ამზადებდნენ, ბადეებს კი, მამაკაცები ქსოვდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: