კვირის ამბები

18 პროფესია კოლეჯში

28.02.2015 • 7443
18 პროფესია კოლეჯში

 

 

 

 

ბათუმში მდებარე პროფესიულ კოლეჯში, – „ბლექსი“, – მსურველებს 18 სპეციალობის დაუფლება შეუძლიათ. მათ შორის, მეფილე-მომპირკეთებლის, კბილის ტექნიკოსის, ბარმენის, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსის ან ავტომობილის ძრავის შემკეთებლის პროფესიის.

 

კოლეჯში მეფილე-მომპირკეთებლის პროფესიას ათამდე სტუდენტი ეუფლება. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს ამ პროფესიის არჩევა, სტუდენტები ამბობენ, რომ ეს საქმიანობა მოთხოვნადია.

 

„ბევრ ადგილას დამხმარედ მიმუშავია. ძალიან დიდი ინტერესი მქონდა და მინდოდა უკეთ შემესწავლა. მომგებიანი პროფესიაა. მოხელე კაცი როცა ხარ და კარგად მუშაობ, ანაზღაურებაც კარგი გაქვს,“ – ამბობს სტუდენტი ოთარ ქობულაძე, რომელიც მეფილე-მომპირკეთებლის პროფესიას ეუფლება.
როგორც პედაგოგი გულნარა სალუქვაძე განმარტავს, სტუდენტები ასევე სწავლობენ სამეწარმეო საქმიანობასაც, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, თავად რომ შეძლონ საქმიანობის წამოწყება. შექმნან სამუშაო ბრიგადები ან ინდივიდუალური მეწარმეები გახდნენ.

 

თვითდასაქმებაზე არიან ორიენტირებული მკერავებიც, რომლებიც პროფესიას კოლეჯში ეუფლებიან. პედაგოგის – მაყვალა ლაზიშვილის თქმით, კურსდამთავრებულთა უმრავლესობა მუშაობს, თუმცა იმის გამო, რომ სამკერვალო ფაბრიკებში დაბალი ანაზღაურებაა, ბევრი არჩევს თვითონ დასაქმდეს და საკუთარი საქმე წამოიწყონ.

 

„ხუთი თვეა, რაც კერვას ვსწავლობ. სანამ აქ მოვიდოდი, მე თვითონ ვაკეთებდი ხელნაკეთ ნივთებს. როცა დავამთავრებ, ვაპირებ საკუთარი თავი თავად დავასაქმო და პატარა ატელიე გავხსნა,“ – ამბობს სტუდენტი ნათია ოსეფაიშვილი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიებისა, სტუდენტებს პროფესიული განათლების მიღევბა შემდეგ სპეციალობებზე შეუძლიათ: სასტუმრო საქმისმწარმოებელი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, მზარეული, გიდი, ინფორმაციული ტექნოლოგი, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორი, ვებსპეციალისტი, ოფისის მენეჯერი, ბუღალტერი, ელექტრიკოსი, ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსი და სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი.

 

კითხვაზე, თუ როგორ არჩევენ ამა თუ იმ სპეციალობას, რომელზეც შემდგომ სტუდენტებს ამზადებენ, პროფესიულ კოლეჯ „ბლექსის“ დირექტორი დავით გოგიტიძე პასუხობს:

 

„ჯერ ვაკეთებთ ბაზრის კვლევას და ამის შემდეგ ვახორციელებთ პროგრამას. შესაბამისად, ის 18 პროფესია, რომელიც გვაქვს, არის მოთხოვნადი. ამ პროფესიებს ისე ვარჩევთ, რომ მოთხოვნადი იყოს როგორც დამსაქმებლის, ისე მოსახლეობის მხრიდან. ჩვენ მიერ მომზადებული სტუდენტის კვალიფიკაციის განმსაზღვრელი არის დამსაქმებელი. პრაქტიკულად, დასაქმების პრობლემა არ გვაქვს. თუმცა არის სპეციალობები, რომლებიც არ არის ბაზარზე მოთხოვნადი/ნაკლებად მოთხოვნადია ან არის სეზონური. ტურიზმის მიმართულებით ზაფხულში 100%-იანი დასაქმება გვაქვს, მაგრამ ზამთრის პერიოდში არის წყვეტა“.

 

მისივე თქმით, სტუდენტების დასაქმება, ძირითადად, საწარმოო პრაქტიკის დროს ხდება. „პრაქტიკის დროს დამსაქმებელს საშუალება აქვს, დააკვირდეს პრაქტიკანტს. უმეტეს შემთხვევაში ჩვენი სტუდენტები საქმდებიან,“ – ამბობს დავით გოგიტიძე.

 

სასწავლებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გასულ წლებში დასაქმების მაჩვენებელი შემდეგი იყო: 2011-2012 სასწავლო წლებში პროფესიულ სასწავლებელს ჰყავდა 308 სტუდენტი, სწავლის დამთავრების შემდგომ დასაქმდა – 190; 2012-2013 სასწავლო წლებში 354 სტუდენტიდან დასაქმდა – 203, ხოლო 2013-2014 წლებში 494 სტუდენტიდან მხოლოდ 222 კურსდამთავრებულს აქვს მუდმივი სამუშაო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: