„დედაჩემს სამი დღე გულში ჰყავდა ჩაკრული, ძინავსო“, – ასე ატყუებდა ჯარისკაცებს, რომ მისი გვამი არ წაერთმიათ. ბოლოს მაინც წაართვეს და ფანჯრიდან თოვლში გადააგდეს. „ჩინეთის საზღვარზე, ტიანშანის მთებთან ყინულში დაიმარხა ჩემი 14 წლის ძმაც. ცხრა შვილიდან მშობლებს მხოლოდ სამი შემოვრჩით. დედა მწუხარებისგან შეიშალა, მამამ კი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მეხსიერება დაკარგა და ისე მოკვდა, ვეღარავის გვცნობდა“ – ასე იხსენებს საშინელი ტრაგედიის დეტალებს 72 წლის ალექსანდრე თედორაძე. „მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე მსგავსი რამ კიდევ გადავიტანო. არასდროს მინახავს ჩემი მშობლების სახეზე ღიმილი. საშინელი შიმშილის, ტკივილისა და ტანჯვის შეგრძნება დღემდე მომყვება“ – გვეუბნება ის.
ალექსანდრე თედორაძე დღესაც 1937 წელს აშენებულ სახლში ცხოვრობს. იქ, საიდანაც 11 წლით უცხო მხარეში გადაასახლეს.
„ასამდე რუსი ჯარისკაცი შემოგვესია და ორი საათი მოგვცეს მოსამზადებლად. ყველა გასასვლელი ჩაგვიკეტეს. ბათუმში ჩაგვიყვანეს და ერთ ვაგონში შეგვყარეს 15 ოჯახი. ვიხრჩობოდით უჰაერობისგან. რა დამავიწყებს ჩემი პატარა დის სიკვდილს, ჩემს ძმას, რომელიც რამდენიმე მეტრი ყინულის ქვეშ დამარხეს მთებში. მათი საფლავი ხომ არასდროს გვინახავს. გადასახლებაში მშობლებს ახალი უბედურება დაატყდა თავს, რადგან ჩემი მომდევნო ძმაც დაიღუპა. ტიფი იყო გავრცელებული. არც წამალი, არც ექიმი… ადგილობრივები კი ასანთის ღერსაც არ გვაძლევდნენ, ისე ჰყავდათ დაშინებულები. ყველას ველურები ვეგონეთ. ნაკელისგან აგებულ მიწურებში ვცხოვრობდით, სადაც უმძიმესი დღეები ერთმანეთს გადაება“.
ალექსანდრე თედორაძე იმ ეპიზოდს იხსენებს, როგორ წაართვა შიმშილმა გონება: „ვკვდებოდი, ისე მშიოდა. მატარებლის ხიდთან ვიყავი, იქვე უზბეკი ბავშვები პურს ჭამდნენ. წავართვი პური და ხიდზე გადავხტი, რამდენიმე წამში შევჭამე. კოლმეურნეობის ბოსტნიდან კი თალგამს ვიპარავდი. ყარაული დავინახე ცხენით მოდიოდა და კვალში ჩავწექი. საბედნიეროდ ცხენმა გვერდი ამიარა და ფლოქვი არ დამადგა, გადავრჩი. ისეთი კრიზისი იყო, კაცსაც შიოდა და მხეცსაც. ერთი ნაჭერი პური ასი მანეთი ღირდა. დედა ორსულად რომ იყო, კომენდანტმა ბაზარში წასვლის უფლება მისცა. ფქვილი რომ იყიდა, გზაში შემოეჭამა თურმე და ტიროდა. სახლში პურს რომ გამოაცხობდა, ძველ ტანსაცმელს დაწვავდა, რომ პურის სუნი არ გასულიყო გარეთ, რადგან მოგვადგებოდნენ ხოლმე მეზობლები და გვთხოვდნენ „ერთი ლუკმა ჩვენს გვაჭამეთო“. აძლევდა დედა, მაგრამ აბა რაღა მორჩებოდა ამდენ შვილში“.
ალექსანდრე გვეუბნება, რომ პურის მიმართ დღემდე აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება. არასდროს წამოვკრავ ფეხს ან გადავაგდებ, ავიღებ და დავდებ სადმე, რომ ჩიტებმა მაინც შეჭამონო.
„დედას და მამას ბევრი ტკივილი აქვს გადატანილი. დედას, მელოგინე რომ იყო, მუცელზე გველი დაეცა ჭერიდან და კინაღამ გაგიჟდა. მღვრიე, ბინძურმა წყალმაც დააავადა, კრიჭა შეეკრა და ერთი კვირა ვერაფერს ჭამდა. იქ ერთი გადასახლებული გერმანელი ექიმი იყო და იმან უშველა, შვილების სიკვდილმა კი, ფაქტობრივად, ფსიქიკურად შეარყია. დაეღუპა ახალშობილი გოგონაც. ორი შვილი კი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოუკვდა. ტრაგიკული იყო მამის ცხოვრებაც, ბოლო ათი წელი მეხსიერება ჰქონდა დაკარგული და ისე მოკვდა, შვილებსაც კი ვეღარ გვცნობდა“.
„წვალება და მხოლოდ წვალება. მტერსაც არ ვუსურვებ იმ დღეებს“ – გვეუბნება ის. „რა გამართლება აქვს იმას, რომ ასე გაგვაპარტახეს?“ _ კითხულობს და კითხვას თავადვე პასუხობს: „არავითარი გამართლება. ჯოჯოხეთის ღირსია, ვინც ეს დღეები დაგვაწია. დღეს ძალიან ბევრს არ ესმის რა ტკივილი გადავიტანეთ ჩვენ და ათასობით ადამიანმა. გულგრილნი არიან ჩვენი ტრაგედიის მიმართ. გულგრილია სახელმწიფოც“.