კვირის ამბები

პაციენტისა და ექიმის დაავადების რისკი საავადმყოფოში

16.05.2014 • 2815
პაციენტისა და ექიმის დაავადების რისკი საავადმყოფოში

 

“გამოკითხული 1386 მედპერსონალიდან 5 პროცენტს აღმოაჩნდა C ჰეპატიტი” _ აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელობის კვლევის კავშირის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებში, რომლის ფარგლებში საქართველოს ხუთ ქალაქში, მათ შორის ბათუმშიც, 1386 მედმუშაკი, ექიმი და ექთანი გამოკითხეს. კვლევა 2012 წელს გამოქვეყნდა საერთაშორისო რეცენზიულ ჟურნალში “Occupational Medicine” (პროფესიული მედიცინა).

არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელობის კვლევის კავშირის” დირექტორი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ უნივერსალური სიფრთხილის ზომებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო დაწესებულებებში შეძენილი დაავადებების თავიდან ასაცილებლად იქნა დაწესებული, სამედიცინო პერსონალი ნაკლებად იცავს, რაც საფრთხეს უქმნის როგორც პაციენტს, ისე თავად ექიმს. არასათანადოდ სტერილიზებული სამედიცინო იარაღი ან სიფრთხილის ზომების დაუცველობა შეიძლება ისეთი დაავადებების მიზეზი გახდეს, როგორიცაა: აივ/შიდსი, B და C ჰეპატიტი.

“სამედიცინო პერსონალის მიერ აუცილებელია იმ ნორმების დაცვა, რაც სამედიცინო ინვენტარის დეზინფექციას; ნიღბის, ხელთათმანის, სათვალის გამოყენებას, ნემსებთან და სხვა დაბინძურებულ ინსტრუმენტებთან სწორად ქცევას უკავშირდება. მედპერსონალი სისხლის გზით გადამდები დაავადებების რისკ-ჯგუფშია, რომლებშიც უპირველეს ყოვლისა აივ ინფექცია, B და C ჰეპატიტის ვირუსებით ინფიცირება შედის. “თუ უნივერსალური სიფრთხილის ზომები არ არის დაცული, სამედიცინო დაწესებულებაში მაღალი რისკია სისხლის გზით გადამდები დაავადებების – ძირითადად, აივ ინფექცია, B და C ჰეპატიტის ვირუსების გავრცელებისთვის”, – ამბობს მაია ბუწაშვილი.

როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი იმ შემთხვევაში, თუ მან ეჭვი შეიტანა, რომ მედპერსონალი სათანადოდ არ იცავს ჰიგიენურ ნორმებს, მაგალითად, არ მუშაობს ახალი ხელთათმანით ან არ არის დარწმუნებული, სტერილიზებულია თუ არა სამედიცინო პროცედურების შესრულებისას ხელსაწყოები?

“პაციენტს, სამწუხაროდ, არც თუ ისე ბევრი ბერკეტი აქვს, რომ შეაფასოს სწორად არის თუ არა სტერილიზებული იარაღები. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მას შეუძლია ადგილზევე დასვას საკითხი – დაცულია თუ არა ეს ნორმები, თუმცა ერთი, რასაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოს, არის ის, რომ ექიმმა მისი თანდასწრებით ჩაიცვას ახალი ხელთათმანი”, – ამბობს მაია ბუწაშვილი.

მისივე თქმით, ამ საკითხზე საუბრისას ძირითადად სტომატოლოგიაზე კეთდება აქცენტი, მაშინ როცა უნივერსალური სიფრთხილის ზომები ირღვევა სხვაგანაც: “პრობლემა, ზოგადად, ექიმებსა და ექთნებს ეხება. მაგალითად, პროცედურებიდან გამომდინარე გინეკოლოგიაში უფრო მაღალი რისკი შეიძლება წარმოიშვას დაინფიცირების, ვიდრე სტომატოლოგიაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტერილიზაცია ენდოსკოპიური, ბრონქოსკოპიული და სხვა მანიპულაციების ჩატარების დროს”, – ამბობს ის.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლინიკაში ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები ირღვევა, პაციენტს შეუძლია, საჩივრით მიმართოს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, თუმცა საამისოდ ცხელ ხაზზე სატელეფონო ზარი არ არის საკმარისი. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლის სამმართველოს უფროსი ტარიელ ქაშია ამბობს, რომ პაციენტმა რეგულირების სააგენტოში განცხადება წერილობითი სახით უნდა შეიტანოს: “მხოლოდ ამის შემდეგ დავინტერესდებით ჩვენ ამ ობიექტით [სადაც პაციენტის მომსახურებისას დაირღვა ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები] და მას შევამოწმებთ. ზოგჯერ, შეიძლება სატელევიზიო სიუჟეტის ან საგაზეთო პუბლიკაციის საფუძველზე, ჩვენი ინიციატივითაც დავინტერესდეთ პრობლემით და შევისწავლოთ საკითხი”, – ამბობს ის.

ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროში, სამედიცინო დაწესებულებებზე შესული მსგავსი საჩივრების სტატისტიკა არ არსებობს.
ტარიელ ქაშია ბოლო წლების მანძილზე შარშან მომხდარ შემთხვევას იხსენებს, როცა საგარეჯოს რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან მიიღეს შეტყობინება სტომატოლოგიური კაბინეტის შესახებ, რომელიც სერტიფიკაციის გარეშე, ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მუშაობდა. მას შემდეგ, რაც კომისიამ დაადასტურა ეს ფაქტები, დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რის საფუძველზეც ექიმები ათას-ათასი ლარით დააჯარიმეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: