კვირის ამბები

ამომრჩეველი დაპირებების პირისპირ

11.05.2014 • 1303
ამომრჩეველი დაპირებების პირისპირ

 

 

ლევან ნატროშვილი

 

ბატონო ლევან, არჩევნების შემდეგ ამომრჩეველი ხშირად ამბობს, რომ იმედგაცრუებულია. როგორ უნდა გამიჯნოს ამომრჩეველმა ერთმანეთისგან რეალური და მცდარი დაპირებები?


კანონში მხოლოდ საუბარია ამომრჩევლის მოსყიდვაზე, როდესაც საარჩევნო სუბიექტი ხმის მიღების მიზნით, ადამიანს ჰპირდება რაიმე მატერიალური სიკეთის მიღებას. დაპირებაში უნდა იყოს აუცილებლად საარჩევნო მიზანი, რომ ეს ჩაითვალოს მოსყიდვად. დაპირება არ უნდა უკავშირდებოდეს ბიუჯეტის სამომავლო განკარგვას. თუ კანდიდატი ამომრჩეველს ჰპირდება ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამების თუ თანხის განკარგვასთან დაკავშირებით რაიმეს, ამ შემთხვევაში ეს მოსყიდვად არ ჩაითვლება, მაგრამ თუ ეუბნება, რომ მხარდაჭერის შემთხვევაში ის მიიღებს ფულად დახმარებას ან საჩუქარს, ეს იქნება მოსყიდვა, რომელიც კანონით ისჯება.
რაც შეეხება დაპირების არშესრულებას, ამ მხრივ კანონში არანაირი რეგულაცია არ არსებობს და ვერც იქნება, რადგან ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, ესა თუ ის დაპირება რამდენად შესრულებადია ან პირიქით.

 

 

მაგალითად, ბათუმის მერობის კანდიდატების დაპირებებში უკვე გამოჩნდა ასეთი ფრაზები: “ჩვენ ბათუმს დავუბრუნებთ ბათუმელებს”, “გადავხედავთ ორმაგი მოქალაქეობის საკითხს” და ა.შ. რა ჰქვია ამ ტიპის დაპირებას და როგორ უნდა მიხვდეს ამომრჩეველი, რომ ვერც ერთი ქალაქის მერი მსგავსი დაპირებების შესრულებას ვერ შეძლებს?

 

 ეს არის ლოზუნგები და ამის რეგულირებას ვერანაირად ვერ მოახდენ. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია იმაზე საუბარი, რომ პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს გარკვეული ფილტრი და არ უნდა გასცეს ისეთი დაპირება, რომელიც არარეალისტურია. თუმცა, ასეთ შემთხვევაში თვითონ ამომრჩეველს გამოაქვს მისთვის განაჩენი და ახლა თუ არა, შემდეგ არჩევნებზე მაინც აღარ მისცემს ხმას. თუ ერთი კანდიდატი იტყვის, რომ მოქალაქეობის მიღების საკითხს გადახედავს, მისი ოპონენტი იტყვის, რომ ეს დაპირება სისულელეა და დაუსაბუთებს, რომ მსგავსი საკითხების მოგვარება არ შედის მერის კომპეტენციაში. ასეთ აბსურდულ დაპირებებს პოლიტიკური კონკურენცია არეგულირებს.

 

 ხშირად პოლიტიკური ოპონენტები დასაბუთებული არგუმენტების ნაცვლად, ერთმანეთს დაპირებების გაცემაში ეჯიბრებიან. როგორ უნდა მოიქცეს ამომრჩეველი?

 

 მე მაინც მგონია, რომ ამომრჩეველი კარგად აანალიზებს, რა არის რაციონალური დაპირება და რა _ არა. მით უმეტეს, თუ პოლიტიკური კონკურენტიც დაამტკიცებს საწინააღმდეგოს. სხვანაირად ეს საკითხი არ მოგვარდება. თუ ამომრჩეველი მაინც ვერ ხვდება და ტყუილს აძლევს ხმას, შემდეგ არჩევნებამდე აუცილებლად გააანალიზებს ამას.

 

გადაბეჭდვის წესი