კვირის ამბები

“პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს” – რას უკავშირდება ყოფილი ჟურნალისტის გეგმები

23.12.2013 • 1921
“პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს” – რას უკავშირდება ყოფილი ჟურნალისტის გეგმები

 

 

ყველაზე კარგად ბავშვობა ახსენდება, წლები, როცა ყველაზე ლაღი და ხალისიანი იყო, თუმცა, მისი თქმით, საუბარი არც მაშინ არ უყვარდა, ამბობს, რომ „უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე საუბრობს”. „მშვიდი ბავშვი ვიყავი, თუმცა პრეტენზიული, დღემდე ასეთი ვარ. საკუთარი თავი რაც მახსოვს, ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი, ეკრანზე გამოჩენილი დიქტორი იყო ჩემთვის მისაბაძი. სარკის წინ არაერთხელ მქონია რეპეტიცია – “საღამო მშვიდობის, დღის ახალ ამბებს ლიზი თედორაძე გაგაცნობთ.” სკოლის დამთავრების შემდეგ ზუსტად ვიცოდი, რაც მინდოდა.” – იხსენებს ლიზი. 

 

 

შემდეგ არჩევანი ხელოვნების უნივერსიტეტზე შეაჩერა, სადაც კინოს და ტელეჟურნალისტიკას სწავლობდა. თავად უფრო ჟურნალისტიკა აინტერესებდა, თუმცა ჟურნალისტი რომ გამხდარიყო, ამაში კინო დაეხმარა: „25-ე არხს სჭირდებოდა სტუდენტი, რომელიც შეძლებდა ფილმებისათვის ანოტაციის გაკეთებას, ლექტორმა მთელ კურსს შემოგვთავაზა გაგვევლო კასტინგი. მე არ ვაპირებდი წასვლას, რადგან იმ საათებში მქონდა თურქულის ლექცია, ჩემმა კურსელებმა თავი მოიკლეს, უნდა წავიდეთ და შენ გარეშე არ წავალთო… ტელევიზიაში მოგვთხოვეს მოკლე ანოტაციის დაწერა ფილმზე. მაშინ ამ ტელევიზიაში პარალელურად პრაქტიკაც მქონდა, ჟურნალისტებს რეპორტაჟებზე დავყვებოდი. როცა ტელევიზიის დირექტორმა დამირეკა, შენ გაიმარჯვე კონკურსშიო, რეპორტაჟზე ვახლდი ჟურნალისტს.”

 

 

გარკვეული პერიოდი ლიზი კინოფილმებისთვის ანოტაციას წერდა, ჟურნალისტიკაში კი მოულოდნელად აღმოჩნდა: „გადაღებაზე იყო გასული ყველა ჯგუფი, როცა სარფის საბაჟოზე მოულოდნელად მოხდა რაღაც. მითხრეს, რომ ოპერატორთან ერთად მე უნდა წავსულიყავი, რა თქმა უნდა, თავიდან შემეშინდა და ვნერვიულობდი, თუმცა ტელევიზიაში მარტო მუშაობა არ გიწევს, თან გახლავს ოპერატორი, რომელმაც შეიძლება გასწავლოს, თუ როგორ უნდა გააკეთო სიუჟეტი.“

 

 

სიუჟეტი მოუწონეს და რეპორტიორობა შესთავაზეს, ხუთი წელი მუშაობდა საინფორმაციოს ჟურნალისტად, პარალელურად ჰქონდა საავტორო გადაცემა „კარაბადინი”, იყო გადაცემა „დიალოგის” წამყვანი, გამარჯვებულია არაერთი პროექტის: „სიგელებს ვინახავ საპატიო ადგილას, პრიზად მიღებული ფული არასოდეს გამომიყენებია ჩემთვის, ყოველთვის ვუყოფდი იმ ადამიანებს, რომლებიც მეხმარებოდნენ სიუჟეტის მომზადებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის სიგელია, რომელიც გრჩება.”

 

 

ლიზი ამბობს, რომ თავი არასოდეს დაუზოგავს და არც წუწუნი უყვარს საყვარელი საქმის გამო: „თუ დავიწყებ რაღაცის კეთებას, ის უნდა მივიყვანო ბოლომდე. თუ ვაკეთებ, უნდა გავაკეთო ბოლომდე. ყოველდღე ვმუშაობდი დილის 10-დან ღამის ორამდეც კი, მეგობრები მსაყვედურობდნენ, რომ ვცხოვრობდი მხოლოდ სამსახურისთვის, ვერ ვიცლიდი სხვა ვერაფრისთვის. მე მაინც ვფიქრობ, რომ სამსახურს იმდენი დრო უნდა დაუთმო, რამდენიც სჭირდება, თუნდაც  24 საათი.”

 

 

უკვე ერთი წელია ლიზი აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადავიდა სამუშაოდ. ამბობს, რომ ხუთწლიანი „გიჟური” გრაფიკის შემდეგ დასვენება და მშვიდად ყოფნა სჭირდებოდა: „ბევრი მიზეზი იყო, რის გამოც მივიღე ეს გადაწყვეტილება, ბევრი ვიფიქრე. ერთ-ერთი მიზეზი იყო ჩემი გადაცემის დახურვა, სპონსორი არ გვყავდა, სამი თვე თანამშრომლებმა ანაზღაურების გარეშე ვიმუშავეთ. გადაცემა ძალიან მიყვარდა, დღესაც არ ვიტყვი უარს მის წაყვანაზე, ჯანდაცვის სამინისტროსგან შემოთავაზება სწორედ ამ გადაცემის წყალობით მივიღე. მეორე მიზეზი ის იყო, რომ ვფიქრობ “25-ე არხზე” რისი გაკეთებაც შემეძლო, გავაკეთე, განვითარებას ვეღარ ვახერხებდი, თან უკვე დაღლილი ვიყავი ამ გრაფიკით. ასევე მაფიქრებდა ტელევიზიის გაყიდვის ბუნდოვანი საქმე, ბევრი მიზეზი იყო, მარტივად არ მიმიღია გადაწყვეტილება.“ – გვიყვება ლიზი.

 

 

საქმიანი დღის შემდეგ მეგობრებთან სეირნობა და საუბარი მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა: „ჩემი მეგობრების უმეტესობას შვილები ჰყავს, ამიტომ როცა სადმე მივდივართ, ვარჩევთ ისეთ ადგილს, სადაც ბავშვებიც შეძლებენ გართობას. სახლში პატარა ძმისშვილები მყავს, მათთან დროის გატარება ძალიან მიყვარს. ოჯახში ტრადიცია გვქონდა სადილობისა და ვახშმობის, დიდი ოჯახი მყავს და ყველა ერთად ვვახშმობდით, ახლა ვეღარ ვახერხებთ, სამსახურებიდან ყველა სხვადასხვა დროს ვბრუნდებით და მარტო ვვახშმობთ.“

 

 

ლიზის სამზარეულოში ტრიალიც უყვარს, თუმცა დრო ამისთვის იშვიათად აქვს: „ყველაზე მეტად სალათების კეთება მიყვარს, ნამცხვრებსაც ვაცხობ, ოღონდ ბოლო დროს მხოლოდ იმას, რომელსაც კრემი არ სჭირდება, კრემის მომზადებას ბევრი წვალება უნდა, მე კი თავს არ ვიწვალებ.”

 

 

ლიზის რაც ძალიან არ უყვარს, ეს პირად ცხოვრებაზე საუბარია: „არ მიყვარს პირადზე საუბარი, თან ჩემს პირად ცხოვრებაში ისეთი არაფერი ხდება. არც არავინაა ისეთი, ვისზეც სერიოზულად ვიფიქრებ, ჯერჯერობით სრული სიმშვიდეა.”

 

 

რაც შეეხება გარდერობს, ლიზი ამბობს, რომ ტანსაცმელი უნდა მოირგოს: “ჩემი საყვარელი ფერია ნაცრისფერი, ალბათ იმიტომ, რომ ვირთხის წელში ვარ დაბადებული. მეუბნებიან, რომ ნათელი ფერები მიხდება, ამიტომ ვცდილობ, ტანსაცმელი ამ ფერებში მქონდეს. დილით მომზადებისთვის დიდი დრო არ მჭირდება, მაკიაჟს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვიკეთებ. ძილი ჩემი სისუსტეა, საჯარო სამსახურში გადმოსვლისას ყველაზე მეტად ეს გამიჭირდა, დილით ცხრაზე სამსახურში უნდა ვიყო.”

 

 

ახლა თავისუფალ დროს ინგლისურის შესწავლას უთმობს, უცხოეთში წასვლას და სწავლის გაგრძელებაზე ფიქრობს: „არ მიყვარს გაჩერება, არც პრესსამსახურობას ვაპირებ 15 წლის მანძილზე, განვითარება მჭირდება. ინგლისურის სწავლა მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიული განვითარებისთვის, სწავლის გაგრძელებაც მინდა, ამერიკაში წასვლაზე ვფიქრობ.”

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: