კვირის ამბები

გაფიცვა სამკერვალო ფაბრიკაში

25.07.2013
გაფიცვა სამკერვალო ფაბრიკაში

 

გაფიცვა BTM -ში.
გაფიცვა BTM -ში.

 

ლია ჭინჭარაძე საწარმოში მკერავად მუშაობს. ის ამბობს, რომ შვიდი თვის მანძილზე მხოლოდ ორჯერ აიღო 200 ლარი. სხვა თვეებში მისი ხელფასი 180 ლარამდე იყო: „გვეუბნებიან შვიდი პროცენტი ემატება ხელფასსო, მაგრამ ამ შემთხვევაში საშემოსავლო გვექვითება 20 პროცენტი და ამ შვიდი პროცენტიდან მხოლოდ მიზერული თანხა გვრჩება, რის გამოც ზეგანაკვეთზე მუშაობა აღარ გვიღირს. ორი შვილი მყავს სახლში, მე კი დილის ცხრა საათიდან საღამოს ცხრამდე სამუშაოზე ვარ. ვერ ვისვენებთ შაბათ დღესაც. თუ შაბათს არ დაგვასვენებენ, მაშინ ვეღარ მოვაწერ ხელს ახალ პირობებს”.   

 

 

 შაბათ დღეს მუშაობა არც მზია ვარშანიძეს უღირს: „თუ არის განსაკუთრებული შემთხვევები ჩვენ ისედაც ვმუშაობთ ზეგანაკვეთურს. თუ წამოვა ჩვენს პირობებზე დამსაქმებელი, გავაგრძელებთ მუშაობას თუ არა და შემდეგ გადავწყვეტთ როგორ მივიქცევით“. 

 

 

მკერავები დამსაქმებლისგან პრემიების გაცემის წესის შეცვლასაც მოითხოვენ. „პრემია გაიცემა ჯგუფების მიხედვით და არა ინდივიდუალუარად. მე შეიძლება 500 ცალს ვკერავ დღეში, ჩემი კოლეგა კი 200-ს, ამის გამო მე რატომ უნდა ვიზარალო. ამიტომ ზეგანაკვეთი ინდივიდუალურად უნდა გაიცეს“  – ამბობს მზია ვარშანიძე.

 

ბტმ „ტექსრილის“ იურისტის დავით ჩავლეიშვილის განცხადებით, დამსაქმებელი თანამშრომლებს უკეთეს პირობებს სთავაზობს, თუმცა ეს ინფორმაცია მკერავებამდე არასწორი ინტერპრეტაციით მივიდა.  იგი იმასაც აღნიშნავს,  რომ დღევანდელი გაფიცვა ხელშეკრულების პირობების მიხედვით არის უკანონო და თუკი სასამართლოს მიმართავენ და სასამართლოც დაადგენს, რომ გაფიცვა იყო უკანონო, გაფიცვის მონაწილეს  შეუწყდება შრომითი ხელშეკრულება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.  

 

 

შპს „ტექსტილის“ ამჟამინდელი  დირექტორი ეთინ იაღლი და მომავალი დირექტორი თულინ ჯამბულდუნი აცხადებენ, რომ თანამშრომელთა გაფიცვა არასწორმა ინფორმირებამ გამოიწვია. „ჩვენ რეალურად, მათ გაუმჯობესებულ პირობებს ვთავაზობთ. ერთადერთი რაზეც ვერ ვთანხმდებით შაბათ დღეს მუშაობაა, რისი წინააღმდეგიც არიან. ზეგანაკვეთური მუშაობა საწარმოს სჭირდება რომ მოგებაზე იყოს“  – აცხადებს მეთინ იაღლი.

 

 

საწარმოს იურისტის დავით ჩავლეიშვილის განცხადებით, დასაქმებულები ჯერ-ჯერობით ძველი ხელშეკრულებებით მუშაობენ: „ამის ზემოთ რასაც იმუშავებენ, ეს ითვლება ზეგანაკვეთურად, რომლის ანაზღაურება ხდება შინაგანაწესით. ამ დროს ანაზღაურება ხდება 10 პროცენტიანი ფასნამატით“.

 

„კოლექტივი ითხოვდა ხელფასის გაზრდას და შეღავათებს, რის შემდეგაც შეიქმნა სადისციპლინო საბჭო, სადაც შევიდა მათ მიერ არჩეული ათი წევრი და ყველა მათთვის მნიშვნელოვან საკითხს ეს წევრები აჟღერებდნენ. ახალი ხელშეკრულებები ჯერ არ მიგვიცია და არც რაიმე ულტიმატუმები წაგვიყენებია. თუ ვერ შევთანხმდებით ახალ პირობებზე, გავაგრძელებთ მუშაობას ძველი პირობებით“.    – ამბობს იურისტი.

 

„BTM- ტექსტილი“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა. 2012 წლის მონაცემებით BTM -ში მუშაობდა 1008 ადამიანი, 550 – სამკერვალო ფაბრიკაში, 458 კი მაღაზიაში. BTM -ში შეკერილი ტანსაცმლის 70 პროცენტი დიდ ბრიტანეთში იყიდება, დანარჩენი 30 პროცენტი კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გააქვთ. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: