კვირის ამბები

ვაკანსია – მასწავლებელი

22.04.2013 • 8350
ვაკანსია – მასწავლებელი

 

 

ბათუმის მე-17 სკოლაში 42 პედაგოგი მუშაობს. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე სკოლას რომელიმე საგანში ახალი მასწავლებელი არ მიუღია. პირიქით, რუსული ენის საათების შემცირების გამო საგნის მასწავლებელთა რაოდენობა შეამცირა.

 

 

„საათების რაოდენობა არ შეცვლილა, საპენსიოც არავინ მყავდა, შესაბამისად, ძველი კადრები მყავს. შარშან მყავდა მაძიებლები. კარგი სპეციალისტები იყვნენ, სერტიფიცირებაც გაიარეს, მაგრამ არ იყო საშუალება, რომ დამეტოვებინა“, –  ამბობს მე-17 სკოლის დირექტორი ირინე ვადაჭკორია.

 

 

რუსული ენის პედაგოგი მედეა მირსულთანოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლიდან საგნის საათების შემცირების გამო გაათავისუფლეს. მედეამ ორი სასერტიფიკატო გამოცდა იმ იმედით ჩააბარა,  რომ სამუშაოს იპოვიდა.

 

 

„უმუშევარი როცა დავრჩი, სერტიფიცირება იმ იმედით გავიარე, რომ ადვილად შევძლებდი სამსახურის პოვნას, თუმცა ასე არ მოხდა. ახლა ვაპირებ უცხო ენისა და კომპიუტერის გამოცდაც ჩავაბარო, იქნებ უფრო ადვილად მოვძებნო სამსახური,“ –  ამბობს მედეა.

 

 

მასწავლებლობის მსურველები ხშირად რესურსცენტრებს მიმართავენ, განცხადებებს ტოვებენ აჭარის განათლების სამინისტროში ან უშუალოდ სკოლებში. 

 

 

ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ ის ხშირად ამოწმებს სამინისტროს ბაზას. ბაზაში ახლა 25-მდე მასწავლებლობის მსურველია. აღნიშნული საინფორმაციო ბაზა ყველა საჯარო სკოლას ეგზავნება, თუ სკოლას რომელიმე მასწავლებლობის მსურველის მონაცემები მოეწონა და თან საჭიროებაც აქვს საგნის სპეციალისტის, მაშინ ის მასწავლებელს გასაუბრებაზე იბარებს. თუმცა ეს იშვიათად ხდება. მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ როგორც წესი, სკოლებში ვაკანსია არ არის.   

 

 

„ბოლო 3 წლის განმავლობაში 10 მასწავლებელი დავასაქმე. აქედან 4 ინგლისურის იყო, ხუთი ძირითად შტატზე მივიღე, ხუთი დროებით, დეკრეტულების ადგილზე. ამჟამად ვაკანსია არ მაქვს,“ – ამბობს მარიზა აბაშიძე „ბათუმელებთან“.   

 

 

მისი თქმით, ახალი კადრის არჩევის კარგი საშუალებაა მაძიებლობის პროგრამა, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ კარგი კადრის სკოლაში დატოვება ვერ ხერხდება.   

 

 

„ძალიან კარგი პროგრამაა მაძებლობის პროგრამა, გზას უხსნის ახალგაზრდას სკოლაში შესასვლელად. მაგრამ მოხდა ისე, რომ დამთავრდა ეს მაძიებლობის პროგრამა, არ იყო ვაკანსია სკოლაში, შესაბამისად, ეს ახალგაზრდები ჩვენგან წავიდნენ და ალბათ სხვაგან დასაქმდნენ. მე, მაგალითად, მაძიებლის დასაქმების ფაქტი არ მქონია,“ – ამბობს მარიზა აბაშიძე.  

 

 

ბათუმის კიდევ ერთ, #8 საჯარო სკოლაში 92 მასწავლებელი მუშაობს. სკოლის დირექტორი გივი ხალვაში ამბობს, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე სკოლამ მხოლოდ ხუთი ახალი მასწავლებელი მიიღო.

 

 

„მათემატიკის მასწავლებელი მივიღე, სპორტის და კიდევ დაწყებითი კლასების სამი პედაგოგი,“ – ამბობს გივი ხალვაში. 

 

 

განსხვავებული სიტუაციაა კერძო სკოლებში. ეს სასწავლო დაწესებულებები მასწავლებელთა დასაქმების ალტერნატიული საშუალებაა.   

 

 

„განსხვავებით საჯარო სკოლებისაგან, კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, კლასები იზრდება და ჩვენც აუცილებლად პედაგოგთა რაოდენობა გვემატება. თუკი დასაწყისში გვყავდა ორი-სამი დაწყებითი მასწავლებელი, ამჟამად სამი პარალელური კლასი გვყავს და, შესაბამისად, მასწავლებელთა რაოდენობა გაიზარდა. მარტო შარშან შვიდი ახალი მასწავლებელი მივიღე. ყოველწლიურად სამ-ოთხ მასწავლებელს ვამატებ. ძირითადად დაწყებით კლასებში დავამატეთ, ასევე გეოგრაფიაში, ისტორიაში, მათემატიკასა და ხელოვნებაში,“  – ამბობს კერძო სკოლა „ნიკეს“ დირექტორი იზოლდა ტაკიძე.  

 

 

„ბოლო ვაკანსია მქონდა ახლახან, სპორტის მასწავლებელს ვეძებდით. საერთოდ ახალგაზრდები ნაკლებად არიან მასწავლებლობის მსურველები. თუკი სურვილი აქვთ, ისეთები მოდიან, ზოგი ვერც უძლებს ჩვენს დატვირთვას და მოთხოვნებს. ძალიან ძნელია კადრის შერჩევა. არ უნდათ იმ ტვირთის აღება, რომელსაც მასწავლებლობა ჰქვია,“  –  ამბობს კერძო სკოლა „ევრო 2000“-ის ხელმძღვანელი მარინე ცივაძე.    

 

 

მასწავლებელთა ვაკანსიების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ვებგვერდზე _ პედაგოგი.გე-ზე ქვეყნდება. დღეისათვის ვებგვერდზე 13 ვაკანსიაა ქვეყნის მასშტაბით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2012 წელს ვებგვერდზე 605 განცხადება გამოქვეყნდა. მიმდინარე წლის სამ თვეში კი ვაკანსიების რაოდენობა 89-ს შეადგენს.  სკოლები ყველაზე ხშირად ინგლისური ენის პედაგოგს ეძებენ.

 

ბოლო სამი წლის მანძილზე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი ინგლისურის 288, ფრანგულის – 32-მა, რუსულის – 48, გერმანული ენის 64-მა, ქართული ენის – 50-მა და ისტორის 62-მა სპეციალისტმა დაამთავრა. „ბათუმელებს” უნივერსიტეტიდან იმის შესახებაც მოაწოდეს სტატისტიკა, თუ რამდენი სტუდენტია მათი მონაცემებით დასაქმებული, თუმცა უცნობია, რამდენი მათგანი მუშაობს სკოლაში. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: