ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 13 თებერვალს, აჭარის რეგიონალური სასკოლო ფუტსალის ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა. წილისყრას ესწრებოდა მონაწილე სკოლის გუნდების 300-მდე ბავშვი. დაჯგუფდა ცხრა სკოლა. წილისყრის შემდეგ ბსუ-ს ფუტსალის მწვრთნელმა ბაჩანა აბაშიძემ ბავშვებს მასტერკლასი ჩაუტარა.
ფუტსალის რეგიონალური სასკოლო ჩემპიონატი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება. ტურნირი 15 თებერვალს ბათუმიდან აიღებს სტარტს და მასში ბათუმის 38 საჯარო და კერძო სკოლა მიიღებს მონაწილეობას.
პირველი თამაში ბსუ-ს სპორტულ დარბაზში გაიმართება.
როგორც აჭარის რეგიონალური ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი არტიომ მნაცაკანიანი გვეუბნება, პარალელურად ტურნირი ხუთივე მუნიციპალიტეტში დაიწყება. თითოეულ მუნიციპალიტეტიდან ერთი გამარჯვებული გამოვლინდება – სულ ექვსი გუნდი.
ექვსი გუნდიდან ერთი აჭარის ჩემპიონი გახდება, რომელიც ფუტსალის საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე გაემგზავრება თბილისში.
ტურნირის ორგანიზატორია აჭარის რეგიონალური ფუტსალის ასოციაცია.
ტურნირის მხარდამჭერები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფუტსალის ასოციაცია და აჭარის სპორტისა ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.