მთავარი

დაგვანებეთ გორელებს თავი

17.03.2017 • 3374
დაგვანებეთ გორელებს თავი

ავტორი: მიხეილ ჩიტაძე, გორის მცხოვრები

ბოლო დროს ტელევიზიით რამდენჯერმე გაიჟღერა პოლიტიკოსების მოსაზრებებმა იმის თაობაზე, რომ აუცილებელია თვითმმართველი ქალაქების დაბრუნება თემის მუნიციპალიტეტებში. ასევე ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ მთავრობასა და პარლამენტში სერიოზულად იხილავენ ამ თემას, რამაც ძალზე შეგვაშფოთა – ვერ გავიგე რა უნდათ ჩვენგან, რატომ არ გვანებებენ თავს. იმის მაგივრად, რომ განვითარებას შეუწყონ ხელი და კიდევ უფრო გააღრმაონ რეფორმა, მონაწილეობისა და წარმომადგენლობის მეტი საშუალება შექმნან, მეტი რეალური უფლებამოსილება და სახსრები გადასცენ ადგილებზე – ისევ ცენტრალიზებასა და გამსხვილებას იწყებენ და უკვე მრავალგზის გათელილი წარუმატებელი გზით აგრძელებენ სვლას.
ამ ამბავზე ერთი ცნობილი გამოთქმის პერეფრაზი მახსენდება: „მხოლოდ სულელები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე“.

ამ შემთხვევაში სულელებზე უარესი გამოვდივართ, რადგან, როგორც ჩანს, საკუთარ შეცდომებზეც კი ვერ ვსწავლობთ.

უდავოა, რომ არსებულ სისტემაში და პირობებში გაყოფამ ის შედეგი ვერ მოიტანა, რაც რეფორმის სრულყოფილად განვითარების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ ქალაქში გააჩინა თემის ერთობის განცდა: წარმოიქმნა იმის შეგრძნება, რომ ადგილობრივი პრობლემის მოგვარება ადგილზევეა შესაძლებელი, თუმცა, ისიც ნათლად დაგვანახა, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება სწორედ ცენტრალიზების გამო ხდება შეუძლებელი.

მარტივ მაგალითს მოვიყვან: პრობლემა შემექმნა საკანალიზაციო სისტემასთან და, ბუნებრივია, მივმართე გორის მერიას, რადგანაც წყალმომარაგება და წყალარინება მათი ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. მიპასუხეს, რომ ვერ გააკეთებდნენ, რადგან ამ მომსახურებას გაერთიანებული წყლის კომპანია ახორციელებს და მათ გავლენის არანაირი მექანიზმი არ გააჩნდათ. მივმართე კომპანიასაც, რომელმაც თბილისიდან გამოიძახა სპეციალისტი. სპეციალისტი ჩამოვიდა, ჭკვიანი თვალებითა და დაჟინებით უყურა კანალიზაციას (მართალი გითხრათ რა დაინახა არ ვიცი), დაწერა მილებს ჭავლით უნდა გარეცხვაო. წავიდა და მე გაოცებული დამტოვა. ვერაფრით გავიგე ისეთი რა სირთულე იყო კანალიზაციაში, რომ თბილისიდან გახდა სპეციალისტის მოწვევა საჭირო. ისიც დღემდე გაუგებარია ჩემთვის, როგორ შეიძლება მილის გარეცხვამ გამოასწოროს კანალიზაცია, რომელსაც წყალი გასდის. ამასთან, აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ გორის მერია რომ მიეშვათ საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად, პრობლემა უკვე გადაწყვეტილი მექნებოდა.
სისტემის არაეფექტურობის მიზეზები ასევე თვითმმართველობის ფორმირების წესშიც უნდა ვეძებოთ: გორის საკრებულო 15 დეპუტატისგან შედგება, რომელთაგან 10 პარტიული სიითაა დაკომპლექტებული, ისეთი ადამიანებით, რომელთა უმრავლესობასაც მოსახლეობა არასოდეს არ აირჩევდა. შესაბამისად, საკრებულო პარლამენტის მინი-მაკეტს დაემსგავსა – ერთი მოწვევის ორი თავმჯდომარე გადააყენეს და დღესაც არ ყავთ არჩეული მათი შემცვლელი. დებატები პოლიტიკურ საკითხებზე იმართება და არა ქალაქისთვის საჭირბოროტო თემებზე; ზოგს საკრებულო პოლიტიკურ ტრამპლინად უნდა გამოიყენოს და ზოგს იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა არ გაუშვას ხელიდან. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომელთაც მართლა შესტკივათ გული თავის ქალაქზე, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტაა.
რაც შეეხება გამგებლებსა და გამგეობებს, აქაც თითქმის იგივე სიტუაციაა: აშკარად იგრძნობა პარტიული და ცენტრალური ხელისუფლების გავლენა და ზეწოლა. თუ გავითვალისწინებთ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, ადვილი გასაგებია, რომ გამგებლები ცენტრალური ხელისუფლების ადგილებზე წარმომადგენლები უფრო არიან, ვიდრე ხალხის. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ შესაბამისი სიტუაციაც მივიღეთ: თვითმმართველობა მმართველი პოლიტიკური ძალის დასაქმების ბიუროებად გადაიქცა. ბოლო დროს მომრავლებული ბუნდოვანი და საეჭვო მიზნებით დაარსებული აიპ-ებიც ვეღარ იტევს თანამშრომლებს…
რას მოგვიტანს გაერთიანება – უფრო მეტ ფულს? – გამორიცხულია! 2016 წლის ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის ჯამური ბიუჯეტის ზრდამ 2013 წელთან შედარებით 119% შეადგინა, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში, სადაც არ მომხდარა გაყოფა – 32%-მა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გაყოფამდე ქალაქ გორზე იხარჯებოდა საერთო ბიუჯეტის 89%. ჩემი აზრით (და ამ აზრს თვითმმართველობის მრავალი ექსპერტი იზიარებს), გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ სახსრების უკან, ცენტრში წაღებაა, რაც ადგილობრივ საჭიროებებზე ზრუნვას ბევრად შეამცირებს, ხოლო ქვეყანას ბევრს არაფერს მოუტანს – შეიძლება რამდენიმე ახალი ავტომობილი იყიდონ.

მოგვიტანს თუ არა გაერთიანება მეტ წარმომადგენლობას? – შეუძლებელია! გაერთიანების შემთხვევაში ქალაქ გორს შეიძლება წარმოადგენდეს არაუმეტეს 5 დეპუტატისა იმდენად, რამდენადაც ქალაქში 5 ტერიტორიული ერთეულია. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წინა, გაერთიანებულ მუნიციპალიტეტში ქალაქი მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატით იყო წარმოდგენილი, შესაძლოა არც დღეს დაუშვან მეტი. გაერთიანების შემთხვევაში საკრებულოს 30 მაჟორიტარი წევრიდან გორს მხოლოდ 5 მაჟორიტარი ეყოლება, ე.ი. სრული შემადგენლობის 8%, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტს – 50%, მაშინ როდესაც ქალქ გორის მოსახლეობამ სრული მოსახლეობის 38% უნდა შეადგინოს.

გაიზრდება ხარჯთეფექტურობა? – ვერავინ დამაჯერებს! ხარჯთეფექტურობის ზრდა მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებითაა შესაძლებელი, ე.ი. უნდა გაათავისუფლონ მათ მიერვე მიღებული ხალხი თანამდებობებიდან და სამსახურებიდან, შეკვეცონ და გააუქმონ ზემოხსენებული „ლეგენდარული“ აიპ-ები, რაც ზემოთ ნახსენები პოლიტიკური გარემოებების გამო აბსოლუტურად შეუძლებლად მიმაჩნია. პირიქით – მგონია, რომ აიპ-ების რაოდენობა გაიზრდება კიდევაც, იმდენად, რამდენადაც ამ სფეროს რეგულირება მხოლოდ საზოგადოებრივი ჩართულობის, მონაწილეობისა და წარმომადგენლობის გაზრდითაა შესაძლებელი, ხოლო მუნიციპალიტეტების ზომის ზრდა ამ ყველაფერთან უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია. გარდა ამისა, მსოფლიო გამოცდილებაც იგივეს გვეუბნება: ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება არ ნიშნავს ხარჯთეფექტიანობის ზრდას, მითუმეტეს, რომ ხარჯების შემცირებაც სათუოა.

გაიზრდება კვალიფიციური კადრების რაოდენობა? – სასაცილოა! კვალიფიციური კადრები დიდი ხანია წავიდნენ ამ ქალაქიდან ან სულაც ქვეყნიდან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი თაობა ადგილობრივ თვითმმართველობაში აპირებდეს კარიერის აწყობას. კვალიფიკაციის ზრდა, რა თქმა უნდა, ყველა სისტემის ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელი პირობაა, მაგრამ არანაკლებ აუცილებელია მართვის პროცესების უნიფიცირება და სტანდარტიზება, რაც შეამცირებს საჭირო კვალიფიკაციის დონეს და საშუალებას მოგვცემს დაბალკვალიფიციური კადრებით ავამაღლოთ მართვის ეფექტიანობა. ჯერჯერობით არსად ჩანს, რომ მთავრობის წარმომადგენლებს ამ საკითხზე რაიმე ხედვა ჰქონდეთ ან განვითარებასთან დაკავშირებით რაიმე ზომა მიეღოთ. გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე “NGO” და თითზე ჩამოსათვლელი ენთუზიასტი თანამდებობის პირი. სამწუხაროა, რომ ეს ენთუზიასტებიც დიდ ხანს ვერ ძლებენ თავიანთ პოზიციებზე – ისინი ან სხვა სფეროში გადაყავთ, ან ათავისუფლებენ და ან შეხედულებებს იცვლიან კონიუნქტურიდან გამომდინარე.

ამგვარად, კიდევ ერთხელ ვამბობ (და იმდი მაქვს, ქალაქის ბედ-იღბლით დაინტერესებული ჩემი თანამოქალაქეებიც შემომიერთდებიან): გაგვანებეთ თავი, იზრუნეთ სისტემის დახვეწაზე და არა თვითმმართველი ერთეულების გამსხვილებაზე. ეს მხოლოდ წუთიერ შედეგს იძლევა მმართველი ძალისთვის, რადგან, მათი აზრით, აადვილებს „კონტროლს“. წინა მთავრობასაც ასე ეგონა – 300 თვითმმართველ ერთეულის კონტროლზე ადვილი 70 ერთეულის კონტროლიაო, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერი პირიქით გამოვიდა. პოლიტიკოსებს თავშიც ქვა უხლიათ. სამწუხარო ისაა, რომ ქვეყნის სტაგნაციაში თვითმმართველობის სისტემის გაუმართაობას ლომის წილი უკავია. მართალია, ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ ასეა – მოქალაქეებს ნაკლებად აქვთ მესაკუთრისა და პროცესის მონაწილის აღქმა; ვერ ყალიბდება თემი, როგორც საზოგადოებრივი ერთობის ძირითადი უჯრედი, რაზეც სწორედ თვითმმართველი ერთეულების ზომა ახდენს უდიდეს გავლენას. ურბანული და სასოფლო დასახლებების პრობლემატიკაში გადაკვეთის წერტილები ძალზე მცირეა. ამას ადასტურებს საერთაშორისო გამოცდილება (მაღალგანვითარებული ქვეყნების ჩათვლით) და გამონაკლისი არც საქართველოა. მაგალითად, თუ გორში პრობლემას მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, გზების დაზიანებული საფარის შეკეთება და წყლის სისტემაში დაბალი წნევა წარმოადგენს, მთის სოფლებში პრობლემები აბსოლუტურად განსხვავებულია: აქ მთავარი პრობლემა არა ამ კომუნიკაციების გაუმართავი მუშაობაა, არამედ ამ კომუნიკაციების არარსებობაა. საკმარისია დავფიქრდეთ ჩვენი სადარბაზოების მდგომრეობაზე, რომ მოვხვდეთ, სად იწყება კუთვნილების განცდა: თუ სხეულის დაუზიანებლად გადარჩი ჩამონგრეულ და ჩაბნელებულ სადარბაზოში კიბეზე სვლას და სასურველ სართულსა და ბინას მიაღწიე, კარის გაღებისთანავე მოწყობილ, განათებულ და გალამაზებულ გარემოში ხვდები. ნათელია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ჩამოგვყალიბებია სათემო საკუთრების და საერთო ზრუნვის განცდა. და თუ გვინდა ამ მენტალობის შეცვლა, მუშაობა სწორედ დაბალი დონიდან – „სადარბაზოებიდან“ უნდა დავიწყოთ, რასაც არსებული და შემოთავაზებული გიგანტური თვითმმართველი ერთეულები ვერაფრით ვერ შეძლებენ.
არავითარ შემთხვევაში არ მინდა ამგვარი დეკლარაციები ერთგვარ ქალაქურ სნობიზმში ჩამომართვათ. პირიქით, ვთვლი, რომ ამგვარი ხარვეზები უფრო მეტ ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს: გაიხსენეთ თუნდაც ზემოთ მოყვანილი გორის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილების სტატისტიკა.
აღარ მინდა დავბრუნდე იმ სიტუაციაში, როდესაც კომისიაში, რომელიც გორის ღერბსა და დროშას იღებდა, არც ერთი გორელი არ იყო, ხოლო სამუშაო ჯგუფში, რომელიც ატენის ხეობის განვითარების კონცეფციაზე მუშაობდა – ამ ხეობის არც ერთი მცხოვრები.
ასე, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა არამც და არამც არ არის შვიდი საცოდავი ქალაქის მუნიციპალიტეტებში შეკვეხება და თუ ვინმე ცდილობს, რომ ამ თემის წამოწევით რაიმეს მოიგებს, ძალიან ცდება. გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ წააგებს კიდეც, ახლავე თუ არა, არც თუ ისე შორეულ მომავალში. ზემოთ ნახსენებ გამოთქმას თუ მოვიშველიებთ სულელებზე ორჯერ უარესი ნუ გავხდებით.
კიდევ ერთხელ დაგვანებეთ თავი, მოგვეცით საშუალება თავად გავაკეთოთ არჩევანი და თავად ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა საკუთარ არჩევანზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: