„დავუშვათ, „ოცნების“ პრემიერს“ თუ არ იტყვის ჟურნალისტი და იტყვის, რომ „ამ ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო პრემიერია“ – მერე ირონია აიკრძალება?… ასე რომ, ეს სიმბოლური აქტია – კისრის მოგრეხის ამბავია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მიშა მშვილდაძე, „ფორმულას“ დირექტორი. დღეს, 17 ივლისს, კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 5 000 ლარით დააჯარიმა. „ფორმულა“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის ორჯერ დასანქცირდა – კომპანიამ ერთხელ წერილობითი გაფრთხილება მიიღო, მეორედ კი 2 500 ლარით დააჯარიმეს.
„ფორმულას“ განცხადებით, მოხსენებით ბარათში მითითებული იყო, რომ ტელეკომპანია სადავო სიუჟეტებში სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონები“, „ოცნების რეჟიმის რეპრესიები“…
რას ცდილობს ამ სვლით ივანიშვილი? არის ეს „ფორმულას“ და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ „ოცნების“ ხელისუფლების ახალი ეტაპი?
„რა სიტყვითაც არ უნდა ჩავანაცვლოთ ეს ფრაზები, მერე იმაზე დაგვაჯარიმებენ. ამათ ჩვენი სიტყვები და ტერმინები კი არ აღიზიანებთ, შინაარსი აღიზიანებთ – იმ სიმართლის აკრძალვა უნდათ, რასაც ჩვენ ვმაუწყებლობთ.
ჩვენ აქ ჯიუტი ბავშვებივით კი არ ვიქცევით – ეს რწმენის, სინდისის, ყველაფერთან კომპრომისია, რისთვისაც, რა იდეალებისთვისაც ადამიანებს აქვთ არჩეული ეს პროფესია,“ – ამბობს მიშა მშვილდაძე.
„ბათუმელებმა“ ფორმულას დირექტორსა და ერთ-ერთ დამფუძნებელთან, მიხეილ მშვილდაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:
- ბატონო მიხეილ, მოგვიყევით, კონკრეტულად რას გედავებოდათ კომუნიკაციების კომისია ამჯერად და რა ხდებოდა სხდომაზე?
დღევანდელ სხდომას ჩვენ და ჩვენი იურისტი არ ვესწრებოდით – ამაში აზრს ვერ ვხედავთ, თუმცა სხდომა „ლაივში“ გადმოიცემა ხოლმე. მოსალოდნელი რაც იყო, ის მოხდა: რაღაც გაუგებარი ახსნა-განმარტებებით არის ახსნილი ის, რომ თითქოს კონკრეტული ფრაზები არის მიკერძოებული, სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპი დაირღვაო.
ეს საკითხი ყოველთვის იყო ხოლმე შიდა რეგულაციის ამბავი. ამათ კანონის სახე მისცეს ახლა და უკვე მერამდენედ ცდილობენ, რომ გავფილტროთ სიტყვები – ლეგიტიმაციის კომპლექსი აქვთ, თუ რისთვის იბრძვიან, არ ვიცი. გასაგებია, რისთვისაც აკეთებენ ამას, მაგრამ თავისთავად ეს ამოცანა, რაც აქვთ დასახული და მისი მიღწევის ეს გზა, საკმაოდ ტრაგიკომიკურად გამოიყურება, სამწუხაროდ. უბედურება ის არის, რომ ეს ჩვენ გვეხება.
- თქვენი დაკვირვებით, რა ამოცანა აქვს ამჯერად „ოცნებას“: მედიამ აღარ გამოიყენოს რეალობის ამსახველი ტერმინები, რაც მას არ მოსწონს, თუ პირდაპირ და ხისტად, მაგალითად, ლიცენზია შეუჩეროს „ფორმულას“?
მექანიკის თვალსაზრისით ეს პროცესი რომ მანდ მიიყვანონ, შეუძლიათ. თუმცა შეუძლიათ, ასეც არ ქნან. ფაქტი ის არის, რომ ცენზურის და სიტყვების დავარცხნის ეს მცდელობა ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. რეპრესიულობის ეს ფორმა ჩვენი მხრიდან არ ტოვებს არავითარ გზას კონსტრუქციული გადაწყვეტისთვის.
ადამიანები სინდისზე ხელის აღებად შეიძლება განიხილავენ იმას, როცა სინდისის პატიმრად ვისაც თვლიან, მათი სინდისის პატიმრად მოხსენიების უფლებას აუკრძალავენ. ეს ბევრად ფუნდამენტური უფლებაა, ვიდრე ნებისმიერი იდეა, რაც კი შეუძლია დაწეროს ფურცელზე კობახიძემ.
ჩვენ აქ ჯიუტი ბავშვებივით კი არ ვიქცევით – ეს რწმენის, სინდისის, ყველაფერთან კომპრომისია, რისთვისაც, რა იდეალებისთვისაც ადამიანებს აქვთ არჩეული ეს პროფესია და მიუხედავად უამრავი სირთულისა, რაც ამ პროფესიას თან მოჰყვება, თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ.
მარეგულირებელი გვაჯარიმებს და შენ გაფილტრე სიტყვა – გაუგონარი ამბავია, სრულ კოშმარში ვართ. ეს პროცესი შეუძლებელია, რომ სადმე არ მივიდეს – ისეთ მომენტამდე, როცა მძიმე გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ.
- არსებული კანონმდებლობით, შეუძლიათ, რომ ლიცენზიაც შეუჩერონ სადავო ფრაზების გამოყენებისთვის „ფორმულას“?
შეიძლება, პროცესი აქამდეც მივიდეს, მაგრამ ეს ძალიან რთული გზაა იურიდიულადაც, ასე მარტივად არ მოხდება, მაგრამ ეს პროცესი ნათელია: ფრაზისთვის „ოცნების პრემიერ-მინისტრი“ რატომ უნდა დაგაჯარიმონ, იქნებ „ოცნების პრემიერ-მინისტრში“ ვგულისხმობ იმას, რომ საოცნებო პრემიერ-მინისტრია?
მგონია, რომ ჯერ კიდევ აქვთ დრო, დაფიქრდნენ და შეაჩერონ ეს პროცესი, რადგან ლიცენზიის შეჩერება ეგრე არ არის. ლიცენზიის შეჩერებას სჭირდება ბევრად მძიმე საფუძველი, ვიდრე ის, რომ რაღაც ჩათვალა კომისიამ: რაღაც სიტყვებს არასწორად ამბობენო. ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება [ლიცენზიის შეჩერება] იქნება, თუ ამას მიიღებენ.
არ მგონია, რომ თუნდაც ამ კომისიაში ადამიანები მზად იყვნენ ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. ცხადია, ამას მოჰყვება ძალიან მძიმე შეფასება ყველა იმ ადგილიდან, სადაც მძიმე შეფასებები ჯერ კიდევ სინდისისა და გონიერების კარნახით კეთდება და არა კორუფციული ინტერესებით.
- თქვენი აზრით, „ოცნება“ ამ გზით უფრო ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული ფრაზების, მაგალითად, „ოცნების“ პრეზიდენტი“, ან „სინდისის პატიმრები“ გაქრობას ცდილობს საჯარო სივრციდან?
უნდათ მიაღწიონ თვითცენზურას. ასე სიტყვების გაფილტვრა არ შეიძლება. არსებობს სიტყვის თავისუფლება, სინდისის, შეფასების თავისუფლება არსებობს. ეს გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა, რწმენის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა: როგორ შეიძლება, ადამიანს არ ჰქონდეს იმის შეფასების უფლება, რაშიც ცხოვრობს? როგორ შეიძლება, ადამიანს არ ჰქონდეს შეფასების უფლება იმ პოლიტიკური წყობილებისა, რომელსაც ის განიცდის საკუთარ თავზე.
ეს მთავარი პოლიტიკური უფლებაა და ერთ-ერთი ფუნდამენტური ადამიანური უფლება, რომ გქონდეს შენი აზრის გამოხატვის უფლება იმაზე, რაც ხდება შენს გარშემო.
აქამდე არსებული ინტენსივობა ჰგავდა იმას, რომ თვითცენზურისთვის მიეღწიათ, მაგრამ მე ეს შეუძლებელი მგონია. მედია გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას – თვითონაც ამ საზოგადოების ნაწილი. ამიტომაც, ამაში ჩარევა ფუნდამენტურად არასწორია. ეს ასე არ უნდა ხდებოდეს და ამას უნდა მივაღწიოთ.
- რა სტრატეგიით აპირებთ ამ ვითარებაში მუშაობის გაგრძელებას?
სიმართლე გითხრათ, ძალიან რთულია ამ არჩევანის გაკეთება – პრაგმატული, რაციონალური გზები მოვძებნოთ და სიტყვები გავფილტროთ. რა სიტყვითაც არ უნდა ჩავანაცვლოთ ეს ფრაზები, მერე იმაზე დაგვაჯარიმებენ. ამათ ჩვენი სიტყვები და ტერმინები კი არ აღიზიანებთ, შინაარსი აღიზიანებთ – იმ სიმართლის აკრძალვა უნდათ, რასაც ჩვენ ვმაუწყებლობთ.
პოლიტიკური პატიმრები რომ არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, ასეთია უდიდესი ევროპული ინსტიტუციების შეფასებები. მეტი სხვა რა ავტორიტეტული წყარო უნდა არსებობდეს? ფაქტობრივად, გააუქმეს არასამთავრობო სექტორი, ვისაც შეეძლო კომპეტენტური აზრი გამოეთქვა ქვეყნის შიგნით. მიუხედავად ამისა, გადარჩენილი ნაწილი ამ სექტორისა, ცალსახად იცავს გამოხატვის თავისუფლებას და ნათლად გამოხატავს ამ შეფასებებს.
ადამიანს აქვს უფლება, რომ ეს შეფასებები იყოს მისი რწმენის ნაწილი. ცხადია, რომ ეს ასეა და თუ ასეა, მაშინ რაზე გვედავებიან, რატომ გვიფილტრავენ სიტყვებს. დავუშვათ, „ოცნების“ პრემიერს“ თუ არ იტყვის ჟურნალისტი და იტყვის, რომ „ამ ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო პრემიერია“ – მერე ირონია აიკრძალება?
ასე რომ, ეს სიმბოლური აქტია – კისრის მოგრეხის ამბავია. მე მიჭირს ამაზე კორპორატიული გადაწყვეტილების მიღება, რადგან ეს ძალიან პერსონალური საკითხია თითოეული ადამიანისთვის. მე, როგორც დირექტორი, ვფიქრობ, რთული იქნება კორპორატიული გადაწყვეტილების მიღება. საქმე ეხება პროფესიულ თავმოყვარეობას, ადამიანების სინდისს, რწმენას, იმას, რის გარეშეც შეუძლებელია მათ განახორციელონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა.
- რამდენიმე დღის წინ „ფორმულა“ ასევე დააჯარიმა სასამართლომ „ოცნებასთან“ დაახლოებული გოგა ხაინდრავას სარჩელის გამო. მთლიანობაში ეს გააქტიურება შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის ახალი ეტაპია „ფორმულას“ და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ?
უფრო გახშირდა ასეთი ამბები, თორემ დაჯარიმების მიზეზებს აქამდეც პოულობდნენ. ფაქტია, რომ ახლა დაჯარიმებების ინტენსიობა გაზრდილია.
შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს საკადრო ცვლილებას – ახალი ხელმძღვანელი ჰყავს კომისიას, რომელიც „იმედის“ თანამშრომელი იყო ადრე. ვფიქრობ, ეს ხაზი ამ შემთხვევაში რაღაცნაირად მნიშვნელოვანია – კორელაცია შეინიშნება ამ ორ ამბავს შორის.
ამავდროულად, კომისიაზე დავალება და ზეწოლაც არის, რომ რაც შეიძლება მკაცრი გადაწყვეტილება მიიღონ. თუმცა, ისიც მგონია, რომ მაქსიმალურ სიმკაცრეს ამ მომენტისთვის კომისია არ იჩენს, რადგან რაღაც შემაკავებელი ფაქტორებიც არსებობს. ამ შემაკავებელი ფაქტორების გაძლიერებაზე ავაწყობდი მე სტრატეგიას.
- მაგალითად, რას შეიძლება უფრთხილდებოდეს კომისია?
მაგალითად, დასანქცირების შიშს, აგრეთვე, აფერხებთ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, რომ ამ ადამიანებს ამ გადაწყვეტილების მიღება ხელეწიფებათ.






