„რუბიოს რეალურად რომ შეეთავაზებინა გადატვირთვა კობახიძისთვის, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნებოდა ნახსენები აბსოლუტურად კონკრეტული საკითხები. ეს საკითხები შეიძლება ყოფილიყო ანაკლიის პორტი, ეს შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული ირანთან, ან საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან, ბევრ სხვა თემასთან, რომელიც საერთოდ არ იყო ნახსენები.
ეს სიმშრალე, როგორც ამერიკელების განცხადებაში, ასევე „ქართული ოცნების“ აშკარად პროპაგანდისტული განცხადება, პირდაპირ გვაძლევს ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ამ საუბარში უფრო მეტად ამერიკელების მხრიდან იყო გაჟღერებული გარკვეული მოთხოვნები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ჯერჯერობით არ გვიმხელს,“ – მიიჩნევს საერთშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი, რომელსაც მარკო რუბიოს და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბრის შესახებ ვკითხეთ.
სატელეფონო საუბრის შემდეგ, სახელმწიდო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები…“, ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რუბიოს „პარტნიორობის განახლებაზე“ ვესაუბრეო.
„სატრანზიტო ფუნქცია, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, არის ერთადერთი გარკვეული არგუმენტი, კარტი თუ გინდა ვიწოდოთ, რომელიც დარჩა „ქართულ ოცნებას“, იმიტომ, რომ სხვანაირად ისინი ვერ ახერხებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რამენაირად დაინტერესებას,“- მიიჩნევს გიორგი მელაშვილი.
რა ცვლილებას შეიძლება ველოდოთ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებში? – „ბათუმელებმა“ გიორგი მელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.
- ბატონო გიორგი, ფეისბუქპოსტში აღნიშნეთ, რომ რუბიოს და კობახიძეს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ განცხადებებში „შინაარსის არქონა ადასტურებს, რომ ეს იყო ცალმხრივი მოთხოვნის ზარი, რომელსაც „ოცნება“ პარტნიორობაზე საუბრად ფუთავს“. რა მოთხოვნა შეიძლება ჰქონოდა რუბიოს კობახიძესთან?
მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის განცხადებები კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ამერიკელების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად ერთწინადადებიანი, ძალიან მშრალი რელიზი, რომელშიც საერთოდ არ არის საუბარი პარტნიორობის განახლებაზე. საუბარია მხოლოდ საერთო ინტერესის მქონე საკითხების განხილვაზე, მაშინ როდესაც, ირაკლი კობახიძის პოსტში პირიქით, საუბარია გადატვირთვაზე, ახალი ფურცლით ურთიერთობების დაწყებაზე და ასე შემდეგ.
ეს პირდაპირ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ „ქართული ოცნების“ პოსტი მიზნად ისახავს უფრო მეტად შიდა, ქართულ აუდიტორიაზე გავლენის მოხდენას. იქიდან გამომდინარე, რომ შინაარსობრივად ამ საუბარს არ მოჰყოლია რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა, მათ მოუწიათ არაფერზე ბევრი სიტყვის გამოგონება.
რუბიოს რეალურად რომ შეეთავაზებინა გადატვირთვა კობახიძისთვის, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნებოდა ნახსენები აბსოლუტურად კონკრეტული საკითხები. ეს საკითხები შეიძლება ყოფილიყო ანაკლიის პორტი, ეს შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული ირანთან, ან საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან, ბევრ სხვა თემასთან, რომელიც საერთოდ არ იყო ნახსენები.
ეს სიმშრალე, როგორც ამერიკელების განცხადებაში, ასევე „ქართული ოცნების“ აშკარად პროპაგანდისტული განცხადება, პირდაპირ გვაძლევს ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ამ საუბარში უფრო მეტად ამერიკელების მხრიდან იყო გაჟღერებული გარკვეული მოთხოვნები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ჯერჯერობით არ გვიმხელს.

გიორგი მელაშვილი
საუბარია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე. არ გამოვრიცხავ, გარკვეულწილად ყოფილიყო საუბარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა აშკარა იყო, რომ ირანში დაწყებული ოპერაციის პირობებში ეს ზარი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა.
როგორც ჩანს, ანძის განათებამ ირანის ფერებში და სხვა არაადეკვატურმა ნაბიჯებმა, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ბოლო პერიოდში, დააჩქარა ეს ზარი, თუმცა ეს რომ მოხდა [სატელეფონო საუბარი], არის ნამდვილად კარგი. ჩვენ ვხედავთ, რომ რეგიონში შეერთებული შტატების ჩართულობა არ გამქრალა და ახლაც არის.
- ეს სატელეფონო საუბარი და სატრანზიტო ფუნქციაზე აქცენტი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ „ოცნება“ შეძლებს კავშირის გააქტიურებას აშშ-თან?
საქართველოს როლი, სატრანზიტო ფუნქცია, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, თუმცა სატრანზიტო ფუნქციას სჭირდება დასაწყისი და დასასრული.
„ქართულმა ოცნებამ“ გააფუჭა ურთიერთობები დასავლეთთან, რომელიც არის ამ მარშრუტის ერთ-ერთი ბოლო წერტილი. აქედან გამომდინარე, სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო არის გარკვეულწილად შემცირებული.
ამას ემატება სამხრეთით მიმდინარე პროცესი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოებისა და ნორმალიზაციის პროცესი. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, მათ შორის, ეს სატელეფონო ზარიც.
- ირანის ელჩი საქართველოში, ალი მოჯანი დღეს, 31 მარტს, სოციალურ ქსელში წერდა: „როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს…“
საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობები არის სტრატეგიულად, ფუნდამენტურად და ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად. ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის განცხადება ვერანაირად ვერ გადაწონის საქართველოსა და შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას.
ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ჰქონდა ერთადერთი ამოცანა, ჩვენ არ გამოვჩენილიყავით რომელიმე მხარის მხარდამჭერი.
„ქართული ოცნების“ ქმედებებმა შექმნა შთაბეჭდილება, როგორც თეირანში, ასევე ვაშინგტონში, რომ საქართველო უფრო კეთილგანწყობილი იყო ირანისადმი, ვიდრე ამერიკელებისა თუ ისრაელის მცდელობებისადმი. ამ მხრივ „ქართულმა ოცნებამ“ შეცდომა დაუშვა დასაწყისში.
ის, რომ ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, ის, რომ ჩვენ გვაინტერესებს შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება, ეს არის სრულიად გასაგები და ერთადერთი ადეკვატური პოზიცია მიმდინარე სიტუაციაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ რამე ტიპის ნაბიჯები, რომელიც მისცემს ირანს მიზეზს, დაარტყას საქართველოს ტერიტორიას. ეს სრულიად დაუშვებელია და ეს არ უნდა მოხდეს.
კიდევ ერთხელ ვამბობ: არ უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო მხარს უჭერს კაცთამჭამელ რეჟიმს, რომელიც დღეს არის თეირანში.
- ივანიშვილი ამჯერად ცდილობს საქართველოს გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენებას? რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მიიყვანეს ანაკლიის პორტში…
ანაკლიის შემთხვევაში აშკარა არის, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ამერიკელებისთვის ამ პროექტის მიყიდვას, როგორც საინტერესო საინვესტიციო პროექტის. აქ, მე მგონი, უფრო მეტად ჩანს „ქართული ოცნების“ მცდელობები, რომ ეს პორტის საკითხი გამოიყენოს ურთიერთობების ნორმალიზაციის და ახალი ფურცლიდან დაწყების მიზნით, ვიდრე მაინცდამაინც უშუალოდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმდინარე ინტერესი. ამას ჩვენ დავინახავთ ოდნავ მოგვიანებით.
ზოგადად, შავ ზღვაში ვხედავთ, რომ არის ნატოს ძალების გააქტიურება, მათ შორის ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის. სამივე არის ნატოს წევრი სახელმწიფო. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი სამხედრო ფლოტი ჰყავს შავ ზღვაში მხოლოდ თურქეთს, თუმცა ბულგარეთი და რუმინეთი ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობენ საკუთარი საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაზე ნატოს ფორმატის ფარგლებში.
ანაკლიის პორტი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის, ვიდრე შეერთებული შტატებისთვის, ჩინეთისთვის თუ ევროკავშირისთვის, ნებისმიერი სხვა მოთამაშისთვის. სატრანზიტო ფუნქცია, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, არის ერთადერთი გარკვეული არგუმენტი, კარტი თუ გინდა დავარქვათ, რომელიც დარჩა „ქართულ ოცნებას“, იმიტომ, რომ სხვანაირად ისინი ვერ ახერხებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რამენაირად დაინტერესებას.
სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ იმდენად გააუარესა მდგომარეობა, რომ ერთადერთი, რაც მათ დარჩათ, არის ეს გეოგრაფიული ფუნქცია.
„ოცნებას“ იმედი ჰქონდა, რომ დეკლარირებული ფსევდოკონსერვატიზმი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ბოლო პერიოდში ახასიათებს, იქნებოდა საკმარისი ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დასამყარებლად. აღმოჩნდა, რომ ამერიკელებს ძალიან კარგად ესმით: ფსევდოკონსერვატიზმი არაფერ შუაში არ არის იმასთან, რაც ხდება, მათ შორის, ამერიკის კონსერვატიულ მოძრაობაში. ამიტომაც, ეს მცდელობა მაინცდამაინც წარმატებული არ ყოფილა.
- ევროკავშირისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ხომ არ უტოვებს შანსს ივანიშვილს თავი დააღწიოს იზოლაციას და ამისთვის გამოიყენოს იგივე ანაკლია?
ევროკავშირის მხრიდან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა პირობები არის წამოყენებული. ამერიკელების მხრიდან კი, ასე ცალსახად პირობები განახლებული არ ყოფილა ბოლო პერიოდში.
ჩვენ გვაქვს წინა ადმინისტრაციის დროს გამოქვეყნებული პირობები და ასევე დავინახეთ, რომ სანქციები, რომელიც დააწესა წინა ადმინისტრაციამ, დონალდ ტრამპმა გაახანგრძლივა.
შესაბამისად, ივანიშვილის დასანქცირება, რომელიც წინა ადმინისტრაციამ დაიწყო, ახალმა ადმინისტრაციამ არა მარტო არ გააუქმა – პირიქით, გაახანგრძლივა სულ მცირე ერთი წლით. აქაც ჩანს ამერიკელების დამოკიდებულება.
ეს დამოკიდებულება მე მგონი სრულიად აშკარაა: ამერიკელები აგრძელებენ კომუნიკაციას „ქართულ ოცნებასთან“ იმიტომ, რომ მას გააჩნია ეფექტური ძალაუფლება, ამერიკელები აგრძელებენ პარტნიორობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან, თუმცა ამავდროულად, პოლიტიკური დიალოგი და პოლიტიკური ურთიერთობები აშკარად არის ყველაზე დაბალ დონეზე, რაც კი ყოფილა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ბოლო პერიოდში.
ის, რომ ჩვენმა მეზობლებმა [სომხეთი, აზერბაიჯანი] მოახერხეს ტრამპის ადმინისტრაციასთან შესანიშნავი კომუნიკაციისა და ურთიერთობების დამყარება და ჩვენ მხოლოდ ახლა, ერთი წლის თავზე და ისიც ირანში მიმდინარე მოვლენების ფონზე მოვახერხეთ რუბიოსთან კომუნიკაციის დამყარება, ეს მეტყველებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობაზე. პასუხისმგებლობა ამ ყოველივეზე ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“.
ერთადერთი სათამაშო კარტი, რაც დარჩა „ქართულ ოცნებას“, ერთადერთი არგუმენტი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სატრანზიტო ფუნქცია, სხვა ყველა არგუმენტი, შესაძლებლობა, რომ დაემყარებინათ ამერიკელებთან სტრატეგიული ურთიერთობა, მათ უბრალოდ აღარ გააჩნიათ.
ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება გარკვეულწილად ტრანზაქციული შეთანხმება ამერიკელების მხრიდან და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს შეთანხმება ნორმალიზაციაზე. სხვა ადეკვატური გამოსავალი „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ არ გააჩნია. მათ მოუწევთ გარკვეულ დათმობებზეც წასვლა.
აქ მთავარი დათქმაა, რამდენად ადეკვატურია თავად „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში მათ მიერ საგარეო პოლიტიკაში გადადგმული ნაბიჯები ადეკვატურად ვერ შეფასდება.
- ანუ სატრანზიტო ფუნქცია არ აღმოჩნდა პირობა, „ქართულ ოცნებას“ აპატიონ დემოკრატიის განადგურება ქვეყანაში?
სატრანზიტო ფუნქცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ტრანზაქციული მოლაპარაკებისა, მაგრამ არა საკმარისი.
- რა გამოსავალი რჩება ახლა ივანიშვილს, რომ თავი დააღწიოს იზოლაციას?
თავის დაღწევის ერთადერთი ადეკვატური გამოსავალი არის ამერიკელებთან მოლაპარაკება, ისევე, როგორც ევროპელებთან მოლაპარაკება, გარკვეული არადემოკრატიული ნაბიჯების უკან წაღება და ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმა.
ეს არის ერთადერთი ადეკვატური გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, „ქართული ოცნების“ ადეკვატურობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია დარჩენილი.
- თუ „ოცნება“ რუსეთის დაკვეთით მოქმედებს, რა შემთხვევაში გადადგამს ივანიშვილი ამ ნაბიჯს?
მთავარი საკითხია, რამდენად დამოკიდებულია ივანიშვილი რუსეთის ფედერაციაზე. შეიძლება იყოს ორი მოსაზრება: პირველი არის ის, რომ თავიდან ბოლომდე არის ჩამოკიდებული რუსეთზე და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დასავლეთთან არანაირი დათმობა და არანაირი ურთიერთობების გადატვირთვა არასდროს არ იქნება.
მეორე ვარიანტია, რომ ივანიშვილს მაინც გააჩნია გარკვეული, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ, რა მოხდა, მაგალითად, ბელარუსში, სადაც ლუკაშენკოს ამერიკელებთან ურთიერთობების ნორმალიზაციის სანაცვლოდ მოუწია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.
- ელოდებით, რომ იგივე შესაძლოა მოხდეს საქართველოში?
მე ველოდები გარკვეულ ტრანზაქციულ შეთანხმებას ამერიკელებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. რა იქნება ამ ტრანზაქციული შეთანხმების პირობები, ამ ეტაპზე, წინასწარ, ცოტა რთული გასათვლელია, თუმცა აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს დათმობებზე წასვლა.
ევროპელებთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება, იმიტომ რომ ევროპელებთან იქნება საჭირო ცალკე მოლაპარაკება, სადაც „ქართულ ოცნებას“ მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა.
თუ ჩვენ ვსაუბრობთ „ქართული ოცნებისა“ და შეერთებული შტატების ურთიერთობაზე, ეს არის ცალკე თემა.
- აქვე გვითხარით, სათკენ მიდის აშშ-ს და ევროკავშირის ურთიერთობები, რა ეტაპზე გადადის ეს ურთიერთობა? ვისმენთ ტრამპის არაერთ კრიტიკულ განცხადებას ევროპის ქვეყნების მიმართ.
ჩანს გარკვეული ტრანზაქციულობა ევროპელების მხრიდან. მთელი ამ დროის განმავლობაში შეერთებული შტატები ამბობდა, რომ მათ არ სჭირდებოდათ ევროპელი პარტნიორების დახმარება.
როგორც ჩანს, მოხდება გარკვეული გადააზრება, როგორც შეერთებული შტატების მხრიდან საკუთარ მოკავშირეებთან კომუნიკაციის, ასევე მოკავშირეების მხრიდან საკუთარი პრიორიტეტების გადალაგების. საბოლოო ჯამში, მივიღებთ გარკვეულ შეთანხმებას, რომელიც იქნება უკრაინასთან და ირანთან ერთობლივ პაკეტში. ორივე ეს ქვეყანა იქნება განხილული ამ შეთანხმების პირობებში.






