მთავარი,სიახლეები

ვედრო სარფის საბაჟოზე – 6 წლის ქრონოლოგია

15.06.2026
ვედრო სარფის საბაჟოზე – 6 წლის ქრონოლოგია

ბოლო 6 წელიწადში ქვეყანაში შეიცვალა სამი პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა სამინისტროში შეიცვალა შემოსავლების სამსახურის სამი უფროსი, სარფის საბაჟოზე კი შეიცვალა წყლის ვედროების ფერი და ზომა, რომელიც ქვეყანაში შემოსულ ტურისტს ხვდება თურქეთ-საქართველოს საზღვრის კვეთისას.

მინიმუმ 6 წელია სარფში, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე წყლის ვედროები დგას.

ვედრო სარფის საბაჟოზე, სადაც წყლის წვეთი ჩამოდის, 2021 წლის ივლისი-ოქტომბერი

წყლის ფერადი ვედროები განთავსებულია საქართველოს მხარეს, ფართო დერეფანში, რომლის გავლაც ნებისმიერ პირს უწევს, ვინც თურქეთიდან ქვეყანაში სახმელეთო გზით შემოდის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გასული წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2025 წელს სარფის საბაჟოს გავლით 2 575 901 ადამიანი შემოვიდა.

სავარაუდოდ, ყველა მათგანმა საქართველოში შემოსვლისას პირველი რაც ნახა, იყო პლასტმასის ვედრო, რომელიც ბოლო 6 წელია სარფის საბაჟოს უცვლელ ატრიბუტიკად იქცა – აქ წვიმის წვეთების შესაკავებლად დევს ვედრო.

მივყვეთ ქრონოლოგიურად:

„ბათუმელების“ ფოტო არქივში, ყველაზე ძველი ფოტო, რომელზეც სარფის საბაჟოზე მდგარი ვედროა გამოსახული, 2021 წლის ივლისით თარიღდება.

ორი ფოტოს შედარებით, რომელიც 2021 წლის ივლისსა და ოქტომბერშია გადაღებული, ჩანს, რომ საბაჟოს შენობის ჭერში არსებული პრობლემა, თვეების განმავლობაში ისე გამწვავდა, რომ შემოსავლების სამსახურმა გამაფრთხილებელი აბრაც კი დადგა.

მორიგი ფოტო არქივიდან 2023 წელსაა გადაღებული.

ამ წელს საბაჟოზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა და ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 778 884 ლარი დაიხარჯა.

ვედრო სარფის საბაჟოზე, 2023 წლის აპრილი

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული თანხა დაიხარჯა „საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ ადმინისტრაციული შენობის სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოებისათვის“.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, სარფის საბაჟოს ტერიტორიდან ცოტა ხნით ვედროები აიღეს. თუმცა შემდეგ ისევ დააბრუნეს.

სარფის საბაჟო რეაბილიტაციის შემდეგ, 2023 წლის მაისი

2024 წელს ვედროები სარფის საბაჟოზე ისევ დაბრუნდა. მხოლოდ შეიცვალა ვედროების ფორმა და ფერები.

ვედროები სარფის საბაჟოზე, 2024 წლის სექტემბერი

ვედროები სარფის საბაჟოზე, 2025 წლის აპრილი

2026 წელს სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ვედროები და 10 ლიტრიანი გადაჭრილი წყლის ბოთლები გამრავლდა.

ეს ფოტოები 2026 წლის იანვარშია გადაღებული. ვედროები იდგა როგორც პასპორტ კონტროლამდე არსებულ ზონაში, ასევე უშუალოდ საბაჟოს გასასვლელში.

ვედროები სარფის საბაჟოზე, 2026 წლის იანვარი

ბოლო ფოტო კი ორი დღის წინაა გადაღებული.

ვედრო სარფის საბაჟოზე, 2026 წლის ივნისი

შემოსავლების სამსახურს, რომელიც პასუხისმგებლია სარფის საბაჟოს გამართულად მუშაობაზე, 2021 წლიდან დღემდე 3 ხელმძღვანელი შეეცვალა.

2019-2025 წლებში შემოსავლების სამსახურის უფროსი იყო ლევან კაკავა, 2023 წლიდან 2026 წლის 27 აპრილამდე შემოსავლების სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ხოლო 2026 წლის 27 აპრილში შემოსავლების სამსახურის უფროსად მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა.

2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ვერცერთმა ხელმძღვანელმა პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო.

„ბათუმელებმა“  შემოსავლების სამსახურს მიმართა შემდეგი კითხვებით.

დავინტერესდით, 2021 წლიდან დღემდე, რატომ დგას სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე [საბაჟოზე] პლასტმასის ვედროები. თუ რაიმე პრობლემა არსებობდა, 2023 წელს, როდესაც რეაბილიტაცია ჩატარდა, რატომ ვერ აღმოიფხვრა ეს პრობლემა?

მიმდინარე წელს იგეგმება თუ არა საბაჟო გამშვები პუნქტის რეაბილიტაცია? და თუ იგეგმება, როდის დაიწყება?

„ამ წუთასაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. წყლის გაჟონვის კერა უნდა აღმოიფხვრას და უნდა გარემონტდეს. სპეციალური ტექნიკური ჯგუფი მუშაობს ამასთან დაკავშირებით და ეს პრობლემა აღარ იქნება,“ – გვითხრეს შემოსავლების სამსახურში დღეს, 2026 წლის 15 ივნისს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: