მთავარი,სიახლეები

როგორ უკავშირდება დენის 33%-ით გაძვირება ბიტკოინების ბიზნესს და ივანიშვილს 

22.04.2026
როგორ უკავშირდება დენის 33%-ით გაძვირება ბიტკოინების ბიზნესს და ივანიშვილს 

რამდენიმე დღის წინ საქართველოში დენის ტარიფი 33% – ით გაძვირდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დენი გაძვირდა და რაც ყველა სხვა პროდუქტს გააძვირებს, ელექტროენერგიის ხარჯვის გაზრდაა.

თუ გადაავლებთ თვალს კომპანიებს, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას ხარჯავენ, ნახავთ, რომ დენი ძალიან ბევრი სჭირდებათ და თან ელექტროენერგიას დღგ-ს გარეშე იღებენ ის ბიზნესკომპანიები, რომლებიც მაინინგის ბიზნესით არიან დაკავებული.

რა სარგებელი აქვს კრიპტოვალუტის გამომუშავების ბიზნესით ქვეყანას? – მაინინგის მწარმოებელი კომპანიები ელექტროენერგიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომხმარებლები არიან. თავად ეს კომპანიები დენში დღგ-ს საფასურს არ იხდიან. ეს კომპანიები არ იხდიან არც გადასახადებს და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შეღავათებით სარგებლობენ.

კრიპტოვალუტა და ბიტკოინები რომ ამ ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი და ფულიანი კაცის – ბიძინა ივანიშვილის ინტერესის სფეროა, ამას მისი ყოფილ ბიზნესპარტნიორთან, გიორგი ბაჩიაშვილთან სასამართლო დავაც ადასტურებს: ივანიშვილი ბაჩიაშვილს 9 ათასამდე ბიტკოინის მითვისებას [მითვისების მომენტში ბიტკოინის ეს რაოდენობა 39 215 820 აშშ დოლარი იყო] ედავებოდა. ამ საქმეზე საბოლოოდ საპროცესო შეთანხმება შედგა.

სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს სწორედ „ბიტფურის“ მიერ გამომუშავებულ ბიტკოინებს ედავებოდა. ეს ბიტკოინების მწარმოებელი ყველაზე მსხვილი კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც 2014 წელს 10 მილიონი აშშ დოლარის სესხი მიიღო ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი თანაინვესტირების ფონდიდან და გორში მონაცემთა ცენტრი ააშენა.

2015 წლის ზაფხულში კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროსგან სიმბოლურ ფასად, 1 ლარად იყიდა გლდანში, მერვე საპყრობილესთან ახლოს 18 ჰექტარი მიწა, რომლის საბაზრო ღირებულება იმ დროს 1 850 000 ლარი იყო. იმ პერიოდისთვის, რომელსაც ივანიშვილის დავა ეხება – 2015 წელი, ბიტფიური მსოფლიოში სულ მონაცემთა 3 ცენტრს ფლობდა, სადაც მაინინგი ხორციელდებოდა, აქედან ორი მდებარეობდა საქართველოში [გლდანში 40 მგვტ და გორში 20 მგვტ], ხოლო ერთი – ისლანდიაში [20 მგვტ].

„ბიტფურიმ“ [იგივე „ბი ეფ დი სი ჯორჯია“], როგორც ელექტროენერგიის ერთ-ერთმა პირდაპირმა მომხმარებელმა – ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის [ესკო] მონაცემებით, 2019 წელს 534.2 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, 2020 წელს კი გაცილებით ნაკლები – 131.7 მილიონი კვტ/სთ.

ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული „ბიტფური“ [იგივე „ბი ეფ დი სი ჯორჯია“], რომელმაც სახელმწიფოსგან ამდენი შეღავათი მიიღო, 2025 წლიდან ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლების ჩამონათვალში აღარ არის. 

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა წილი აქვს მაინინგის ბიზნესს ელექტროენერგიის ხარჯვაში? რა ბედი ეწია მაინინგის ბიზნესს საქართველოში?

  • რა ირკვევა საჯარო მონაცემებით? 

საჯარო მონაცემების მიხედვით, მაინინგის ბიზნესი ისევ უმთავრესი ფაქტორია ელექტროენერგიის ბაზარზე, რის გამოც დენის ტარიფი გაძვირდა. ამას მოწმობს სემეკის ბოლო, 2025 წლის ანგარიშიც:

„2025 წელს წინა წელთან შედარებით პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ძირითადად განპირობებულია გარკვეული კატეგორიის [მრეწველობის, ლითონის მადნების მოპოვება, მაინინგი და სხვა] პირდაპირი მომხმარებლების ელექტროენერგიის მოხმარების ზრდით,“ – აღნიშნულია სემეკის მიერ მომზადებულ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის დოკუმენტში.

ესკოს მონაცემებით, 2025-26 წლებში ელექტროენერგიის 10 ყველაზე მსხვილ პირდაპირ მომხმარებელს შორის მინიმუმ 3 კომპანიაა, რომელიც კრიპტო-სექტორს უკავშირდება. მათგან ორი უშუალოდ მაინინგ-ოპერატორია, მესამე კომპანია კი კრიპტო-ბიზნესის სხვა მიმართულებას წარმოადგენს.

კომპანია „ეიაიტექ სოლუშენსი“ 2025 წელს და ელექტროენერგიის ყველაზე დიდ მხარჯველების ათეულს შორის ახლაც მეორე ადგილზეა. ამ კომპანიას 2025 წელს 450.2 მლნ კვტ საათი დაუხარჯავს, 2026 წლის იანვარ-თებერვალში-მარტში – 61.5 მლნ კვტ საათი [შედარებისთვის, საქართველოს რკინიგზამ 2025 წელს 170, ხოლო მიმდინარე წლის სამ თვეში 40,3 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია მოიხმარა].

კრიპტო ბიზნესთან არის დაკავშირებული ასევე კომპანია „ტექსპრინტ კორპორეიშენი“ – ისიც ელექტროენერგიის ყველაზე დიდ მხარჯველ კომპანიებს შორისაა. 2025 წელს ამ კომპანიამ 143.3 მლნ. კვტ. საათი დახარჯა, 2026 წლის იანვარ-თებერვალ-მარტში – 22.2 მლნ. კვტ საათი.

ამ ორ მსხვილ კომპანიას [„ტექსპრინტ კორპორეიშენი“ და „ეიაიტექ სოლუშენსი“]  ერთი და იგივე მესაკუთრე ჰყავს – ეთერ მთვრალაშვილი. „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს მან არ უპასუხა.

ელექტროენერგიის პირდაპირი და ყველაზე მსხვილი მომხმარებელი კომპანიების დასახლება ვთხოვეთ სემეკს, თუმცა სემეკმა ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა. „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლების ეკონომიკური საქმიანობების შესახებ ინფორმაციას, შეგიძლიათ მოიძიოთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბიზნეს რეესტრში,“ – მოგვწერა სემეკმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის პასუხად.

საქსტატის ბიზნეს რეგისტრის მიხედვით კი, ორივე კომპანიის საქმიანობის სფეროა – „საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები“.

საჯარო რეესტრის დოკუმენტებით არ დგინდება, არიან თუ არა ეს კომპანიები – „ტექსპრინტ კორპორეიშენი“ და „ეიაიტექ სოლუშენსი“ დაკავშირებული შპს „ბი ეფ დი სი ჯორჯიასთან“, რომელიც 2023 წლამდე იყო ელექტროენერგიის ყველაზე მეტად მხარჯველი კომპანიების ათეულში.

კომპანია „ბი ეფ დი სი ჯორჯიას“ მესაკუთრე ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანიაა „ბითფური ჰოლდინგ ბი ვი“. „ბი ეფ დი სი ჯორჯიას“ დირექტორი ვლადიმერ შეყრილაძეა.

  • კომპანია „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, იგივე „ბიტფურს“ და კომპანია „ეიაიტექ სოლუშენს“ ერთი და იგივე მისამართი აქვთ:

ბი ეფ დი სი ჯორჯია“: თბილისი, გლდანის რაიონი, ომარ ხიზანიშვილის ქ., №264ა [თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა]

ეიაიტექ სოლუშენს“: თბილისი, გლდანის რაიონი, ქუჩა ომარ ხიზანიშვილი, N 264 [თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა]

კომპანია „ტექსპრინტ კორპორეიშენი“ კი, რომელიც დღესაც ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მომხმარებლების ათეულშია, სხვა მისამართზეა, თუმცა ისიც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში: საქართველო, ქალაქი ქუთაისი, ავტომშენებლის ქუჩა, N 88, [ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა].

ამ ბაზარზე 2023 წლამდე ყველაზე მსხვილი კომპანია იყო „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, იგივე „ბიტფური“, 2024 წელს რამდენიმე წვრილი კომპანია ჩნდება, 2025 წლიდან კი, ყველაზე მსხვილი მოთამაშე ხდებიან: „ეიაიტექ სოლუშენს“ და „ტექსპრინტ კორპორეიშენი“.

კრიპტო-ბიზნესის მიმართულებას წარმოადგენს ასევე „თი ეფ ზი სერვისი“ [საქმიანობა – ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები, თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში], რომელმაც 2025 წელს 104.4 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა.

კრიპტო-ბიზნესთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა კომპანიამ „პროტექ კორპორეიშენ“ [საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები, ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში], 2024 წელს 107,3 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მაინინგს განსაკუთრებულად დიდი ელექტროენერგია სჭირდება და ეს სფერო გაუმჭვირვალე ბიზნესია, ამიტომაც, მაინინგის ბიზნესმა ფეხი ვერ მოიკიდა ევროპის ქვეყნებში.

სამაგიეროდ, აყვავდა საქართველოში.

საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს ზედამხედველობას უწევს მხოლოდ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს [VASP – კრიპტო-ბირჟები, ციფრული საფულეები].

ნებისმიერი კომპანია, რომელიც კრიპტო-აქტივებთან დაკავშირებულ მომსახურებას ახორციელებს, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია და დააკმაყოფილოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და მომხმარებლის იდენტიფიკაციის სტანდარტები.

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების [VASP] რეესტრში დღევანდელი მონაცემებით 35 კომპანიაა [ისინი ძირითადად თბილისსა და აჭარაში არიან რეგისტრირებულები. ანუ, ესაა კომპანიები, რომლებიც არ არიან მაინერები, მაგრამ მართავენ კრიპტო-აქტივებს სხვისთვის, ცვლიან ან ინახავენ. 2026 წელს ასეთი ოთხი კომპანია დარეგისტრირდა]. 

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მაინინგი შესაძლოა ცალკეულ პირებს ისე ჰქონდეთ, რომ არ ჰქონდეთ დაფუძნებული მაინინგის კომპანიები და გამოიმუშავებდნენ კრიპტოვალუტას, მაგალითად, სვანეთში, ან აფხაზეთში – სადაც საერთოდ არ იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს.

განსაკუთრებით სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება რომ ისევ „კატასტროფულად დიდია“, ეს ამჯერადაც დაგვიდასტურეს „ენერგო პრო-ჯორჯიაში“.

იმიტომ, რომ ზუსტი მონაცემები არ არსებობს და ეს ბიზნესი გამჭვირვალე არ არის, შეუძლებელია მკაფიოდ იმის დანახვა: რა წილი უჭირავს ელექტროენერგიის ბაზარზე მაინინგს?

  • რა მოგება აქვს სახელმწიფოს მაინინგით? 

„ეს არის პარაზიტი ენერგოვამპირი, რომელსაც საქართველოსთვის არაფერი მოაქვს. პარაზიტი კრიპტოვალუტის ქარხნები რომ დაიხუროს, არც დენი გაძვირდებოდა და არც მისი იმპორტი დაგვჭირდებოდა. ეს ქარხანა იმაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე მთელი კახეთი ერთად აღებული და ვიდრე „საქართველოს რკინიგზა“, ვიდრე „თბილისის მეტროპოლიტენი“.

ამ დროს ბიუჯეტში მისი შენატანი უფრო ნაკლებია, ვიდრე „მაკდონალდსის“ რომელიმე ერთი რესტორნის. ის იხდის უბრალოდ იქ დასაქმებული ადამიანების საშემოსავლო გადასახადს. სულ ესაა,“ – მკაფიო პოზიცია აქვს მაინინგის ბიზნესზე პოლიტიკოსს და პარლამენტის ყოფილ წევრს, ეკონომისტ რომან გოცირიძეს.

რომან გოცირიძე

რომან გოცირიძის მოსაზრებით, არცერთ შემთხვევაში და არანაირი ლოგიკით მაინინგი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არ უნდა იყოს და შეღავათებით არ უნდა სარგებლობდეს.

„ეს ზონებიც უნდა დაიხუროს. ყველაფერი საბაზრო ფასებში უნდა იყოს და კი ბატონო, არ არის პრობლემა. თუ ადამიანი ელექტროენერგიას მოიხმარს წისქვილ-კომბინატში, ფქვავს და შემოსავალს იღებს, რა პრობლემაა? ოღონდ მან უნდა გადაიხადოს ყველაფერში ფული, მათ შორის დენში.

დღეს კრიპტოვალუტის მოპოვება მთლიანად პარაზიტულია და არანაირ შემოსავალს ჩვენ არ გვაძლევს. პირიქით, ხშირად არალეგალურია, როგორც სვანეთში, ან ლეგალურია, როგორც გორში, ქუთაისში და გლდანში, ოღონდ ჩვენი ელექტროენერგიის გაძარცვის ხარჯზე.

საერთოდ კატასტროფა ხდება აფხაზეთში. რუსეთის სამხედრო ბაზებზე, ოჯახებში, საამქროებში, სარდაფებში, ვისაც და სადაც მოესურვება, დენი აქვს… აფხაზეთი მოიხმარს იმდენს, რამდენსაც ხარჯავს 1.5 მილიონი მოსახლეობის მქონე თბილისი,“ – ამბობს რომან გოცირიძე.

  • უკავშირდება ეს ბიზნესი ბიძინა ივანიშვილს? 

„უზარმაზარი როლი შეაქვს დენის ტარიფების ზრდაში იმ პარაზიტ ორგანიზაციას, რომელიც დააფუძნა გლდანსა და გორში ივანიშვილმა და რომელსაც ჰქვია კრიპტოვალუტის მოპოვება… ივანიშვილთან დაკავშირებული ადამიანები ამბობენ, რომ ივანიშვილმა გაყიდა ეს ქარხანა, ვიღაც კანადელს მიყიდაო, მაგრამ არ ვიცი, რეალურად რა მაქინაციები ჩაატარა. ჩემი ინფორმაციით, „ბიტფური“ ჩაანაცვლა „ეიაიტექ სოლუშენსმა“ და ისევ იგივე საქმეს აკეთებს. ეს ბიზნესი ისევ არ იხდის არავითარ გადასახადს საშემოსავლოს გარდა.

ორი წლის წინ ითქვა: გაყიდა ივანიშვილმა „მტკვარი ჰესიო“ და ახლა გაირკვა, რომ გაყიდული „მტკვარი ჰესის“ მშენებლობას აგრძელებს. სინამდვილეში ეს კი არ გაუყიდია, არამედ რაღაც მანიპულაციები ჩაატარა ქონების გადამალვის, ან გადასახადებისგან არიდების გამო,“ – გვიყვება რომან გოცირიძე.

ეკონომისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ელექტროენერგია, რომელიც ახლა უკვე 33%-ით გაგვიძვირდა, არის, მათ შორის, იმპორტირებულიც, ან ვყიდულობთ გაზს რუსეთში და ვამუშავებთ, მაგალითად, თბოსადგურს გარდაბანში.

„ასე ხდება ზამთარში, პიკურ თვეებში ელექტროენერგიის მიწოდება, ელექტროენერგია ძვირდება იმპორტის გამოც და იმპორტირებული გაზიდან ელექტროენერგიის გამომუშავების გამო. ამიტომაცაა, რომ მაინინგის ქარხანა დამონტაჟებულია ძირითადად ისეთ ქვეყნებში, სადაც ელექტროენერგიას ჭარბად აწარმოებენ, ან ცივი ქვეყანაა – სერვერების ამ სისტემას სჭირდება მუდმივი გაგრილება და ამაში იხარჯება ელექტროენერგიის დიდი რესურსი…

რომ არა შეღავათები, რაც ივანიშვილმა მიიღო, ეს ბიზნესი არ იქნებოდა საქართველოში“, – განმარტავს რომან გოცირიძე.

  • ისევ აწარმოებენ სვანეთში კრიპტოვალუტას? – „2026 წელს ელ.ენერგიის მოხმარება სვანეთში ისევ კატასტროფულად დიდია“

იმის მიუხედავად, რომ 5 წლის წინ, 2021 წელს სვანეთში ხატზე დაიფიცეს, მაინერებს ყველა გამოვრთავთო, „ენერგო პრო-ჯორჯიას“ მონაცემებით, სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება „ისევ კატასტროფულად დიდია“.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ  სვანეთში ისევ აქტიურად არიან დაკავებული არალეგალური მაინინგით, რადგან სვანეთში დენი უფასოა.

„მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში, კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას“, – განაცხადა კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2020 წელს.

რა შეიცვალა სვანეთში? – ვკითხეთ „ენერგო პრო-ჯორჯიას“ პრესცენტრს.

„2026 წელს ელ.ენერგიის მოხმარება სვანეთში ისევ კატასტროფულად დიდია,“ – მოგვწერეს „ენერგო პრო-ჯორჯიადან“, სადაც ასევე გაგვიზიარეს ოფიციალური სტატისტიკა. სვანეთში ელ.ენერგიის მოხმარების ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში „ენერგო პრო-ჯორჯიას“ მონაცემების მიხედვით ასე გამოიყურება:

2020 წელი – 91 117 245 კვტ.სთ;
2021 წელი – 101 568 155 კვტ.სთ;
2022 წელი – 121 739 191 კვტ.სთ;
2023 წელი – 120 275 154 კვტ.სთ
2024 წელი – 124 692 913 კვტ.სთ
2025 წელი – 132 952 736 კვტ.სთ

მაგალითად, 2025 წელს მოსახლეობისთვის მოქმედი ყველაზე დაბალი ტარიფი [14,7 თეთრი] რომ ავიღოთ, ამავე წელს სვანეთში დახარჯული დენის გადასახადი ჯამში მინიმუმ 19 544 052 ლარი იქნებოდა.

„სოციალისტური სიმახინჯის მაგალითია სვანეთის მომარაგება უფასო ელექტროენერგიით. ამან გამოიწვია მისი უყაირათო მოხმარება, განსაკუთრებით კი, კრიპტოვალუტის კუსტარული მოპოვება, რასაც მოჰყვა ელექტროენერგიის დეფიციტი და ადგილობრივი ენერგოსისტემის დაზიანება ზედმეტი დატვირთვის გამო.

რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას? მას უნდა მოეხდინა მომსახურების მონეტიზაცია, ანუ ფულის მიცემა განსაზღვრული მოცულობის ელექტროენერგიის შესაძენად. დახარჯავდა ამ ფულს არაყში? – ეს მისი ნება იქნებოდა, გადაჰკრავ არაყს, გაგეთიშება შუქი.

ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული მომხმარებლისთვის შეეწყვიტათ დენის მიწოდება, ჩააბნელეს მთელი სვანეთი, დააწესეს გრაფიკი. ამით დაზარალდა წესიერი გადამხდელი. ახლა დაიწყება კრიპტოვალუტის მომპოვებლების წინააღმდეგ ომი. არა და რაში არიან ისინი დამნაშავეები: არის იაფი დენი, დადგეს სერვერი. ეს სულაც არაა უკანონო საქმიანობა. დააწესე ელექტროენერგიის საბაზრო ფასი და მორჩება ყველაფერი.

კრიპტოვალუტის მოპოვება კი არ არის დანაშაული, არამედ დანაშაულია დენის მოპარვა. სვანეთის შემთხვევაში არც უკანონო მაინინგთან გვაქვს საქმე და არც ქურდობასთან, უბრალოდ, დენია უფასო, ანუ მთავრობაა უტვინო,“ – აღნიშნა რომან გოცირიძემ „ბათუმელებთან“.

  • და ბოლოს: 

პირველი აპრილიდან დენში უკვე 33 %-ით ძვირს გადავიხდით, ვიდრე მანამდე ვიხდიდით. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ აქამდე თვეში 10 ლარის ელექტროენერგიას ხარჯავდით, ახლა იგივე რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარების დროს გადაიხდით 13.32 ლარს.

30 ლარს თუ იხდიდით – 38.94 ლარს გადაიხდით

50 ლარს თუ იხდიდით – 64.18 ლარს გადაიხდით

100 ლარს თუ იხდიდით – 124.97 ლარს გადაიხდით.

საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი დროში იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ქვეყანაში კრიპტოვალუტის წარმოება დაიწყო.

2014 წლამდე ანუ იმ დრომდე, ვიდრე ქვეყანაში არავინ არაფერი იცოდა ბიტკოინებზე, საქართველო სტაბილურად მოიხმარდა მაქსიმუმ 6 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას. 2020 წელს 12.1 მლრდ კვტ/საათამდე გაიზარდა. 2025 წელს – 14.614 მლრდ კვტ/საათი. 

ამ დროს ერთი ბიტკოინის ფასი [რომელიც საკმაოდ ცვალებადია], მაგალითად, 2021 წელს coinmarketcapის მონაცემებით, 58.5 ათასი აშშ დოლარია, 2026 წელს – 66 ათასი დოლარი.

  • 2025 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ შეადგინა 14,614 მლნ კვტ.სთ, რაც 2024 წელთან შედარებით გაზრდილია 3.2%-ით.

2025 წელს ბიტკოინის გამომუშავებაზე საქართველოს ელექტროენერგიის 5% დაიხარჯა. სემეკისთვის წარდგენილი სტატისტიკის თანახმად, ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიების გამომუშავება სამჯერ გაიზარდა და 752 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. რაც შეეხება 2026 წლის მონაცემებს, სემეკის ინფორმაციით, წელს იანვარ-თებერვალში ამ კომპანიების ჯამური მოხმარება 86.7 მილიონი კილოვატ საათი იყო, რაც საქართველოს ელექტრომოხმარების 3%-ია.

ამ თემაზე:

რატომ ძვირდება დენი ქვეყანაში, ანუ როგორ იქცა საქართველო ბიტკოინების სამოთხედ 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: