მთავარი,სიახლეები

სასამართლოში თინა ხიდაშელის და გიორგი კანდელაკის გამოკითხვა დაიწყო

08.03.2026
სასამართლოში თინა ხიდაშელის და გიორგი კანდელაკის  გამოკითხვა დაიწყო

დღეს, 8 მარტს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „სოვლაბის“ მკვლევარი გიორგი კანდელაკი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე აძლევენ ჩვენებას.

უცნობია, რა თემაზე მოითხოვა სუსმა თინა ხიდაშელის, გიორგი კანდელაკის გამოკითხვა. მათ მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე თანხმობა განაცხადეს.

სუსმა გამოკითხვაზე ასევე დაიბარა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გუბაზ სანიკიძე და გივი თარგამაძე. „ტვ პირველის“ ცნობით, გივი თარგამაძე საზღვარგარეთ იმყოფება — ამის შესახებ ტელეკომპანიას თარგამაძის ოჯახის წევრმა განუცხადა. გუბაზ სანიკიძე კი, სასამართლოში გუშინ გამოიკითხა.

სუს-ში „ნეტგაზეთის“ ზარებს არ უპასუხეს, თუმცა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადეს, რომ „ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით“.

სუს-ის თანახმად, დაწყებულია გამოძიება და „განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ”.

ცოტა ხნის წინ, თინა ხიდაშელის ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეამ” გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ეხება ქართულ-ირანული ურთიერთობების ტენდენციებს. კვლევაში საუბარია ირანული ნავთობის იმპორტიორ კომპანიებსა და მათ კავშირებზე საქართველოში, მათ შორის, საჯარო და პოლიტიკური თანამდებობის პირებთან. კვლევის მიხედვით, 2022-2025 წლებში საქართველოში რეგისტრირებულმა 72-მა კომპანიამ ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა. აღნიშნული კომპანიებიდან ნაწილი დაკავშირებულია „ქართული ოცნების” შემომწირველებთან, მათ შორის პარლამენტის წევრებთან.

ამ თემაზე:

თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სუს-ში დაიბარეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: