მთავარი,სიახლეები

„რა სიმაღლის იყო მკვლელი?“- ხელვაჩაურში მკვლელობის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში

27.02.2026
„რა სიმაღლის იყო მკვლელი?“- ხელვაჩაურში მკვლელობის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში

„რა სიმაღლის იყო მკვლელი?“ – ნაფიცი მსაჯულის ფურცელზე დაწერილი ერთ-ერთი შეკითხვა ამოიკითხა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.

„არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვით,“ – მხრები აიჩეჩა ბალისტიკური საკითხების ექსპერტმა რომან ბერიძემ, რომელმაც დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილვის საქმეზე ჩვენება მისცა.

მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა დამნაშავე გოგი ბ. რომელიც დღესაც, მთელი პროცესის განმავლობაში, მდუმარედ იჯდა.

მას შემდეგ, რაც პროკურორი და ადვოკატი მოწმის დაკითხვას ასრულებს, მოსამართლე ნაფიცი მსაჯულების მიერ ფურცელზე ჩამოწერილ შეკითხვებს აჟღერებს. მსაჯულებს დღევანდელ სხდომაზე ბევრი შეკითხვა გაუჩნდათ.

საუბარია 2025 წლის 3 ივნისს ხელვაჩაურში მომხდარ მკვლელობაზე – სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი მდინარეში გადააგდეს. 33 წლის ბესო ბოლქვაძეს 5 ტყვია ესროლეს.

2025 წლის 14 ივნისს მკვლელობის საქმეზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გოგი ბ. და 1993 წელს დაბადებული თამაზ შ. დააკავეს. გოგი ბ.-ს განზრახ მკვლელობის ჩადენა ედება ბრალად, და, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა. თამაზ შ.-ს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ.

ბესო ბოლქვაძე ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობდა და სოფელ აჭარისწყალთან – იქ, სადაც ჰესის მუშაობის შედეგად დაგუბებული წყალია – ტურისტებზე კატერს აქირავებდა. ერგეში მცხოვრებ ბესო ბოლქვაძეს მეზღვაურ ნიკა კოკობინაძესთან ერთად კატერების გასაქირავებელი ადგილი დაახლოებით 2 წლის წინ მოუწყვია. ამ პირებს ბიზნესი, ანუ ადგილი, სადაც კატერი ქირავდებოდა, დარეგისტრირებული არ ჰქონდათ. მოკლული კაცის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბესო ბოლქვაძე აპირებდა ბიზნესის რეგისტრაციას და მის გაფართოებას, რადგან საქმე მომგებიანი გამოდგა. დაღუპულის ოჯახის წევრების თქმით, მას ე.წ. „ქურდული სამყაროს“ ჩართულობით ბიზნესის დათმობას აიძულებდნენ.

  • რას ამბობს პროკურატურა მკვლელობის მოტივზე

„არ შემიძლია დღეს მტკიცებით ფორმაში გითხრათ, რომ ეს უკავშირდება ქურდულ გარჩევას, თუმცა არც ის შემიძლია, რომ ეს გამოვრიცხო.

აქ რამდენიმე მოტივაციაა: დაზარალებულს და ბრალდებულს ჰქონდათ კონფლიქტი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ეს სხვისი მიწის ნაკვეთი იყო, მაგრამ ბრალდებულს გააჩნდა ინტერესები. თანაც, ბრალდებულს, მენტალიტეტიდან გამომდინარე, პრეტენზია გააჩნდა, რომ გარჩევაში მონაწილეობა უნდა მიეღო. მოწმეები საუბრობენ იმაზე, რომ ის მომავალი ქურდი იყო,“- უთხრა „ბათუმელებს“ პროკურორმა გიორგი მუჯირმა ამ საქმის ერთ-ერთი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

  • რა თქვა დღეს ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე 

ბალისტიკური საკითხების ექსპერტის, რომან ბერიძის თქმით, მკვლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები ბესო ბოლქვაძეს.

ამ დროს ბესო ბოლქვაძე მსუბუქ ავტომანქანაში, საჭესთან იჯდა. მას ფანჯრის მინა ჩამოწეული ჰქონდა.

ექსპერტის თქმით, მკვლელმა ხუთივეჯერ ავტომანქანის ჩამოწეული მინის მიმართულებით გაისროლა.

ექსპერტის განმარტებით, მკვლელს ცეცხლსასროლი იარაღი ზევიდან ქვევით, დაახლოებით 30 გრადუსის დახრილობით ეჭირა ხელში. პირველი გასროლის შემდეგ მკვლელმა ერთი ნაბიჯი მარჯვნივ გადგა და ისე განაგრძო სროლა.

„ზევიდან ქვემოთ იყო მიმართული ყველა გასროლა. 5 გასროლა გვაქვს სახეზე,“ – თქვა მოწმემ და ხელი იმგვარად მოიმარჯვა ნაფიცი მსაჯულების მიმართულებით, როგორც, მისი დასკვნის მიხედვით, სავარაუდოდ მკვლელს ეჭირა ხელში იარაღი.

მნიშვნელოვანი დეტალი: ამ დრომდე მკვლელობის იარაღი არ არის ნაპოვნი. ექსპერტის, რომან ბერიძის თქმით, მას არ შეუძლია დაკონკრეტება, კონკრეტულად რომელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა.

„დენთის კვალი სად შეიძლება დარჩეს?“ – ჰკითხა პროკურორმა გიორგი მუჯირმა ექსპერტს.

„ყველაზე ხშირად ტანისამოსზე და ხელზე რჩება,“ – თქვა მოწმემ.

„10 დღის განმავლობაში თუ რამდენჯერმე დავიბან ხელს, რა მოხდება?“ – პროკურორს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ამ საქმის მასალების მიხედვით, დენთის კვალს პროკურატურამ ვერ მიაკვლია, მკვლელობაში ბრალდებული კაცი კი, მკვლელობიდან 10 დღის გასვლის შემდეგ დააკავეს.

„უმეტესწილად არ დარჩება,“ – თქვა მოწმემ და პაუზის შემდეგ დასძინა – 10 დღის კი არა, მეორე დღესაც არ დარჩენილა ზოგჯერ დენთის კვალიო.

პროკურორმა მოწმეს ასევე დააკონკრეტებინა, რას გულისხმობდა „ხელის დამუშავებაში“. ექსპერტის თქმით, საპნით ხელის დაბანითაც შეიძლება ჩამოირეცხოს დენთის კვალი ადამიანმა.

„შეგიძლიათ გვითხრათ, რა მანძილიდან მოხდა გასროლა?“ – ექსპერტს ამჯერად მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ მიმართა.

ექსპერტმა ადვოკატს უთხრა, რომ მანძილის დადგენაზე მას არ უმუშავია და არც მკვლელობის შემთხვევის ადგილის დათვალიერებას დასწრებია. ბალისტიკურ ექსპერტს დაცხრილული ავტომანქანა უკვე დალუქულ მდგომარეობაში დაუთვალიერებია – ხელვაჩაურის პოლიციის შენობის ეზოში.

„დამიზნებით ესროლა, თუ უმისამართოდ?“ – ნაფიცი მსაჯულის მორიგი შეკითხვა ამოიკითხა მოსამართლემ. მოწმემ თქვა, რომ ამის დაზუსტებით თქმა არ შეუძლია. მსაჯულებმა ბალისტიკის ექსპერტს ასევე ჰკითხეს, რა მანძილზე უნდა ისმოდეს ავტომატიდან გასროლის ხმა და ასევე ჰკითხეს – შეიძლებოდა ხმის ჩამხშობის გამოყენება?

საქმის მნიშვნელოვანი დეტალი: ღამის სამ საათზე ავტომატის სროლის ხმა არავის გაუგონია. მოკლული კაცის და მდინარეში გადაგდებული ავტომანქანა დილით ნახეს.

„მასრებით ვერ დაადგენ, ხმის ჩამხშობი იყო თუ არა გამოყენებული,“ – აღნიშნა მოწმემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ უშუალოდ იარაღის დათვალიერებაა საჭირო იმის დასადგენად, იყო თუ არა გამოყენებული ხმის ჩამხშობი.

ექსპერტის განმარტებითვე, გასროლის ხმის რადიუსის დაფარვა ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული, მათ შორის, ადგილმდებარეობასა და ქარის მიმართულებაზე.

მოგვიანებით პროკურორმა გიორგი მუჯირმა ექსპერტს ფურცელი მიაწოდა: იქნებ, დაუხატოთ მსაჯულებს, თქვენი დასკვნის მიხედვით, რა მიმართულებით ესროლეს ავტომანქანასო. ექსპერტი მსაჯულებს მიახლოვდა და მათ წინ, მაგიდაზე შეუდგა ესკიზის შედგენას.

„იქნებ თქვენც დახატოთ, თქვენი წარმოსახვით როგორ მოხდა ეს?“ – პროკურორს ირონიით მიმართა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

„მე გოგისაც [ბრალდებული] მივახატავ და არ გირჩევთ“, – უპასუხა ადვოკატს პროკურორმა.

ამასობაში, ექსპერტმა თავისი ნახატი გადააწოდა მსაჯულებს.

ნაფიცმა მსაჯულებმა ფურცელს დაუწყეს თვალიერება. დარბაზში მსხდომებიც დაშორდნენ საზურგეებს, ოდნავ წინ გადაიხარნენ და ფურცელზე დახატული ესკიზისთვის თვალის შევლება სცადეს.

სასამართლო დარბაზის პირველ რიგში მოკლული კაცის დედა და და სხედან. ოჯახის წევრები და ახლობლები თითქმის მთლიანად იკავებენ მთელ რიგს. მეორე მხარეს კი, მკვლელობაში ბრალდებულის რამდენიმე ახლობელი ზის.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ნაფიც მსაჯულებს ასევე წარმოუდგინა ამ საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თამაზ შ.-ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ჩანაწერი, ასევე ჩანაწერები, რომლითაც ჩანს, სად გადაადგილდება მკვლელობის ღამეს თამაზ შ.

გამოძიების ვერსიით, თამაზ შ. – მ მკვლელობის ღამითვე დეტალურად იცოდა ჩადენილი მკვლელობის შესახებ.

„ნახეთ, ჩანს, რომ ყოველ 20 წუთში ერთხელ ათვალიერებს ამ გვერდებს და ეცნობა, რა ინფორმაცია ქვეყნდება… დასკვნა თქვენ თვითონ გააკეთეთ,“ – ნაფიც მსაჯულებს გახედა პროკურორმა გიორგი მუჯირმა და შემდეგ დეტალურად აღწერა, როგორ ეცნობოდა იმ დღეს მკვლელობის შესახებ გამოქვეყნებულ ყველა სიახლეს თამაზ შ. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული ინფორმაციაა ხელვაჩაურში მომხდარი სასტიკის მკვლელობის შესახებ.

საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

ამ თემაზე:

ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილული კაცის საქმე – რა უთხრა მოწმემ ნაფიც მსაჯულებს?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: