მთავარი,სიახლეები

„პუტინს შეუძლია ეს ომი გააგრძელოს 1-2 წელი მბჟუტავი ომის სტატუსით“ – რუსეთ-უკრაინის ომის მეხუთე წელი

23.02.2026
„პუტინს შეუძლია ეს ომი გააგრძელოს 1-2 წელი მბჟუტავი ომის სტატუსით“ – რუსეთ-უკრაინის ომის მეხუთე წელი

„ბოლო პერიოდში ზელენსკი უკვე სხვანაირად ალაპარაკდა. გასაგებია, რომ დასავლეთის მხარდაჭერა იზრდება, რუსეთის შესაძლებლობები კი თვალსა და ხელს შუა სუსტდება. ვერ ახერხებს რუსეთი შიდა სიცარიელის ამოვსებას ტექნოლოგიურად და ვერც ადამიანური რესურსით,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე, რომელიც უკვე 4 წელია აკვირდება ფრონტის ხაზს უკრაინაში.

ვახტანგ კაპანაძის აზრით, პუტინს სურს „გარკვეულ შედეგს მაინც მიაღწიოს“, უკრაინა კი, ძლიერდება. ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში მას დაკარგული ტერიტორიის დაბრუნების შესაძლებლობაც ექნება.

რა ეტაპზეა რუსეთ-უკრაინის ომი ამ ომის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ? – „ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო.

ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ზუსტად 4 წელი გავიდა, რაც რუსეთი ომობს უკრაინაში. რუსეთმა ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს, რაც ჰქონდა ან არ ჰქონდა გაცხადებული – გამოჩნდა, რომ რუსეთს უკრაინის მთლიანად ხელში ჩაგდება სურდა. რატომ განაგრძობს დღესაც პუტინი ამ ომს?

სხვა რა გამოსავალი აქვს პუტინს? განაგრძობს, იმდენად, რამდენადაც ამჟამად შეუძლია, რომ გარკვეულ შედეგს მაინც მიაღწიოს. ომის უშედეგოდ დასრულება იქნება მისი ხელისუფლებისთვის დამღუპველი. შესაბამისად, ის აკეთებს იმას, რაც ხელეწიფება – აგრძელებს ამ შეტევას, ცდილობს, რომ მცირედით მაინც დაასრულოს შეტევა წარმატებით. შემდეგ ეს უნდა გასაღდეს შიდა აუდიტორიისთვის წარმატებად.

რუსებს უნდათ, რომ დონბასი მაინც აიღონ, ან შექმნან ისეთი პირობები, რომ მოლაპარაკებებით გადაეცეს.

  • თუმცა რუსეთმა დაიპყრო გარკვეული ტერიტორია უკრაინაში, კონტრშეტევისთვის კი, უკრაინას ჯერ კიდევ არ ყოფნის ძალა… 

როგორ არის იცით საქმე? ფაქტობრივად, რუსეთი წინ ვერ მიდის.

ის ტერიტორიები, რომელიც რუსეთს დაკავებული აქვს, არ არის იმის მაჩვენებელი, რომ მან დამატებით რაღაც წარმატებას მიაღწია, პირიქით უფრო ჩანს.

რუსეთს ჰქონდა გაცხადებული, რომ მას მთლიანად უნდა დაეკავებინა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონბასის ტერიტორიები, ახლა კი შემცირებული აქვს ეს მოთხოვნები და დასულია დონბასამდე.

რუსეთს ამდენი დაღუპული ჰყავს, ამხელა რესურსები აქვს დახარჯული, ამდენი ხანია მიმდინარეობს ეს დაპირისპირება და დამატებითი წარმატება არ აქვს, პირიქით, გარკვეულ მიმართულებებზე უკრაინელებმა შეძლეს და გარკვეულ ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიეს, ამ პირობებში, რა თქმა უნდა, რუსეთს სურს მოლაპარაკების მაგიდაზე მაინც რაღაცას გამორჩეს.

დონბასი დათმოს უკრაინელებმა ბრძოლის გარეშე – აი, ეს არის პუტინის სურვილი ამჟამად.

  • ზელენსკიმ BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გამარჯვება ნიშნავს უკრაინელების დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებასთან და ადამიანების მკვლელობის შეწყვეტას, მაგრამ გაცილებით ფართო გაგებით გამარჯვება პუტინისგან მომდინარე გლობალური საფრთხის აღმოფხვრაა. რა გამოჩნდა ამ 4 წელიწადში დასავლეთის რეაქციით და უკრაინის მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერით? შეუძლია დასავლეთს რუსეთის, როგორც გლობალური საფრთხის აღმოფხვრა?

ძალიან შორს მიმავალი კითხვაა. რუსეთის, როგორც საფრთხის აღმოფხვრა, როგორ წარმოგიდგენიათ? რუსეთი სანამ იარსებებს, მუდმივად იარსებებს საფრთხე. შესაბამისად, დასავლეთი უნდა იყოს მზად ამ საფრთხესთან ერთად ცხოვრებისთვის.

ძლიერდება დასავლეთში თავდაცვა და დასავლეთი უკრაინას განიხილავს, როგორც დასავლეთის უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს.

დასავლეთი დიდი ცნებაა. გასაგებია, რომ სლოვაკეთი და უნგრეთი არ არის ერთიანი ამ საკითხში. დანარჩენი ქვეყნები, მთავარი მოთამაშეები, ერთიანები არიან. აქ ჩართულია ავსტრალია და იაპონიაც. სამხრეთ კორეა აპირებს უკრაინის დახმარების ჯგუფს შეუერთდეს. ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოზეა საუბარი – მსოფლიოს მოწინავე ნაწილზე.

  • თუმცა ეს ერთობა ამ ეტაპზე არ აღმოჩნდა საკმარისი, როგორც კონტრშეტევისთვის, ასევე უკრაინის სრული თავდაცვისთვის. წუხელაც დაარტყეს რუსებმა უკრაინას – ოდესაში 2 ადამიანი დაიღუპა. ფაქტია, რომ უკრაინა გადაარჩინა დასავლეთის მხარდაჭერამ, მაგრამ რამდენად შეიძლება ეს მხარდაჭერა აღმოჩნდეს გადამწყვეტი? 

რა თქმა უნდა, უკრაინის გაძლიერებისკენ მიდის პროცესი. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, 85%-ით გაიზარდა თავდაცვითი ხარჯები დასავლეთ სამყაროში.

რუსეთი რომ სუსტდება, ესეც ფაქტია.

უკვე მეხუთე წელი დაიწყო, რაც ომი მიმდინარეობს და ისევ კონსტანტინოვკასა და პოკროვსკიზეა ლაპარაკი. სხვა არაფერი დარჩენია რუსეთს იმის გარდა, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ურტყას, რაც მისთვის დამახასიათებელია და მიანიშნებს მის ტერორისტულ ხასიათზე.

რეალობა არის ის, რომ იფიტება რუსეთი. ახალს ვერაფერს ვეღარ აჩვენებს: ვერც შეიარაღებულ ძალებში და ვერც პოლიტიკაში. ამავე დროს, რუსეთი კარგავს თავის პოზიციებს შორეულ აღმოსავლეთში, ხომ? შვიდი მილიონი ჩინელია უკვე ოფიციალურად რუსეთში. ამ დროს იაპონია აშკარად აცხადებს თავის პრეტენზიებს კურილიის კუნძულებზე, რომელიც მას ეკუთვნის.

ერთადერთი მხარდამჭერი პუტინის, მე მგონი, ისევ ტრამპია.

ირანის საკითხიც თუ რაღაც გარკვეულწილად გადაწყდება, ან გართულდება, კიდევ ერთი მოკავშირე დააკლდება რუსეთს.

  • ჩინეთი რჩება რუსეთის მთავარ მოკავშირედ? 

ჩინეთი არ არის რუსეთის მოკავშირე. ჩინეთი ეხმარება რუსეთს, მაგრამ ეხმარება არა ისე, რაც რუსეთს წარმატებას მოუტანს. ჩინეთს თავისი ინტერესები აქვს შორეულ აღმოსავლეთში და რუსეთი ხდება ჩინეთის სატელიტი – ჩინეთზე უფრო და უფრო მეტად დამოკიდებული. აღარ არის რუსეთი „დიდი ძმა“ ჩინეთისთვის.

დღეს ჩინეთის მიზანია დასუსტებული რუსეთი. რაც უფრო მეტად იქნება რუსეთი ჩინეთზე დამოკიდებული, ეს არის ჩინეთისთვის მიზანი და არა ძლიერი რუსეთი, რომელმაც თავის დროზე „ოპიუმის ომების “პერიოდში [ისიც იმდენად, რამდენადაც დასავლეთის ქვეყნების მოკავშირედ გამოდიოდა], ჩინეთს წაართვა მთელი შორეული აღმოსავლეთი.

რატომღაც ყველას ავიწყდება 1927 წლის საბჭოთა საელჩოზე თავდასხმა პეკინში, 1929 წელს აღმოსავლეთ რკინიგზის კონფლიქტი, 1947-48 წლებში ბაიატიკ-ბოგდის კონფლიქტი, 1969 წლის დამანის შეტაკება მდინარე უსურზე… სხვათა შორის, დამანის კონფლიქტის დროს, როდესაც ჩინეთმა 1500-მდე კაცი დაკარგა, დღეს ეს კუნძული მშვიდობიანად გადაეცა ჩინეთს! და ეს ალბათ ბოლო ტერიტორია არაა, რომელსაც ჩინეთი დაისაკუთრებს რუსეთში.

მართლა არანაირად არ აწყობს ძლიერი რუსეთი ჩინეთს, თუმცა მას არც ამერიკის დაქვემდებარებული რუსეთი აწყობს. ჩინეთს აწყობს ისეთი რუსეთი, რომელიც იქნება მისი ნედლეულის ბაზა და მასზე დაქვემდებარებული ქვეყანა. ფაქტობრივად, ასეთი ქვეყანა ხდება კიდეც რუსეთი.

  • ამ ომის დაწყებიდან 4 წლის თავზე როგორია ომის დასრულების შესაძლებლობა? რუსეთის მოთხოვნაა დონბასის სრულიად გადაცემა, რასაც უკრაინა არ ეთანხმება. 

ამერიკის შეთავაზება იყო, რომ ორივე მხარე გადიოდა დონბასიდან, ანუ დონბასის დარჩენილ ტერიტორიიდან და იქ ჩადგებოდა სამშვიდობო ძალა. რუსეთს ეს არ აწყობს. რუსეთი ამბობს, უკრაინა გავიდეს და მე შევიყვან ეროვნულ გვარდიას, რათა წესრიგი დაამყაროსო. სინამდვილეში, იქიდან თუ გავიდა უკრაინა, რუსეთი ცოტა ხანში მოითქვამს სულს, მოახდენს გადაჯგუფებას, გაძლიერებას, გადაიარაღებას და ისევ გაახსენდება ხერსონი, ზაპოროჟიე და ეს იქნება მხოლოდ რიგითი და არა საბოლოო ცეცხლის შეწყვეტა.

შესაბამისად, ძალიან მეეჭვება, რომ ამ ეტაპზე მშვიდობისკენ მიახლოებული ნაბიჯი იქნება გადადგმული უახლოეს მომავალში.

ვინაიდან რუსეთისთვის უკრაინა უკვე წარმოადგენს სასიცოცხლოდ საშიშ მოწინააღმდეგეს, ბოლო პერიოდში ზელენსკი უკვე სხვანაირად ალაპარაკდა. გასაგებია, რომ დასავლეთის მხარდაჭერა იზრდება, რუსეთის შესაძლებლობები კი, თვალსა და ხელს შუა სუსტდება. თუ ჩაუღრმავდება ფინანსისტი, ან ეკონომისტი, ის ახსნის, რა მდგომარეობაშია რუსეთი. ვერ ახერხებს რუსეთი შიდა სიცარიელის ამოვსებას ვერც ტექნოლოგიურად და ვერც ადამიანური რესურსით.

რუსეთს შეუძლია გააგრძელოს ეს ომი ამ ტემპით კიდევ ერთი-ორი წელი მბჟუტავი ომის სტატუსით, ვიდრე უკრაინას არ ექნება ძალა, რომ პირიქით თვითონ გადავიდეს შეტევაზე და დაიწყოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება.

ცეცხლის შეწყვეტა დამოკიდებულია დღეს იმაზე, თუ რას მიიღებს რუსეთი.

სწორად განაცხადა ზელენსკიმ, რომ ტერიტორიის დათმობა ეს არის რეფერენდუმის საკითხი და ეს უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ამის სანაცვლოდ უკრაინას სჭირდება გარანტიები და არა სურვილები იდეების დონეზე.

  • ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება უკრაინისთვის რამდენად ახლო, ან შორეული პერსპექტივაა? 

ახლოს ვერ ვიტყოდი, მაგრამ საშუალოვადიანი ნამდვილად შეიძლება იყოს. თუ უკრაინა გააგრძელებს გაძლიერებას იმ ტემპით, როგორც ახლა ძლიერდება, ის ამას შეძლებს.

უკრაინამ უნდა მოახერხოს მის მიერ დაწყებული სამხედრო მოდერნიზების დასრულება, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს. მაგალითისთვის, თუ უკრაინამ მიიღო დაპირებული 250 თვითმფრინავი – 150 „გრიპენი“ და 100 ფრანგული „რაფალი“, ამას თუ დაემატა „მირაჟ 2000“, რომელსაც ჰპირდებიან და ალბათ უკვე შეავსებენ ერთ ესკადრილიას, ამას დაემატება F-16, საბოლოო ჯამში, უკრაინის საჰაერო ძალები იქნება მსოფლიოს საუკეთესო ათეულში საჰაერო ძალების სიძლიერის თვალსაზრისით.

  • თქვენ ახსენეთ სამხედრო რესურსების შემცირება რუსეთში. უკრაინაში რა ხდება არსებული დანაკარგების გათვალისწინებით? საერთო სურათი როგორია რუსეთის და უკრაინის ომის დაწყებიდან 4 წლის თავზე? 

ძალიან გაგიჭირდებათ მოძებნოთ ადამიანი, რომელიც იტყვის, რა ტექნოლოგიური სიახლე გამოიყენა რუსეთმა უკრაინის ფრონტზე ბოლო წლებში. დრონების რაღაც გადაკეთება-გადმოკეთება არ არის დიდი სიახლე. ეს არის გაგრძელება იმ ტენდენციის, რომელიც არსებობდა – ძირითადად მაინც ირანული ტექნოლოგიის გამოყენებით და არა რუსულის.

მე არც ახალი ტანკი მინახავს ბრძოლის ველზე, არც ახალი ჯავშანტექნიკა, არც ახალი საარტილერიო სისტემა და არც ახალი რაკეტები რუსეთის მხრიდან.

სამაგიეროდ, უკრაინის მხრიდან მე ამას ვხედავ.

ვხედავ, რომ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები მუდმივად უმჯობესდება. უკრაინას უკვე თავისი ფრთოსანი რაკეტები აქვს, დაწყებული „ფლამინგოდან“, დამთავრებული „ნეპტუნით“, ასევე „გრძელი ნეპტუნი“, „საპსანი“, „პალანიცა“ და ასე შემდეგ, რასაც თვითონ აწარმოებს უკრაინა.

დრონებზე აღარ ვსაუბრობ. თქვენთან ინტერვიუებში მაქვს აღწერილი, როგორ იზრდება ბრიტანელების, ან გერმანელების მხარდაჭერა სამხედრო მრეწველობის კუთხით.

დღეს ზოგიერთი სამხედრო ექსპერტი ცდება, როცა 21-ე საუკუნეში ახსენებს საბჭოთა კავშირის საწყობებში გამოტენილ ტექნიკას, ასევე საუბრობენ ადამიანების რაოდენობაზე. ადამიანების რაოდენობის თვალსაზრისით ინდოეთზე მომრევი ქვეყანა არ უნდა არსებობდეს მსოფლიოში, ხომ?! ან ისრაელი უკვე დიდი ხანია აღარ უნდა არსებობდეს როგორც სახელმწიფო.

  • არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უკვე გადასულია ე.წ. გამოფიტვის ეტაპზე, მსგავს ომებს კი, იგებს ის მხარე, რომელსაც დიდი ადამიანური რესურსი აქვსო…

ვინც ამას ამბობს, არის დილეტანტი. ამ ლოგიკით გამოდის, რომ ინდოეთია უძლიერესი, ჩინეთი კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე შეერთებული შტატები?!

21-ე საუკუნეში ყველაფერს წყვეტს ის, თუ ვის როგორი ტექნოლოგია აქვს, რამდენად პროფესიული შეიარაღებული ძალები ჰყავს, რამდენად მომზადებულია შეიარაღებული ძალები.

პროფესიული შეიარაღებული ძალები არ ნიშნავს ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობას – ამას საკონტრაქტო სისტემა ჰქვია. პროფესიული შეიარაღებული ძალები სხვა სტანდარტია. ეს მოიცავს ბევრ ფაქტორს, მათ შორის, რამდენად მომზადებული და ეფექტიანია უმცროს და საშუალო რგოლის ოფიცერთა და სერჟანტთა კორპუსი, რამდენად სრულყოფილად და სწრაფად მიიღება გადაწყვეტილებები, რამდენად ინტეგრირებულია ეს ქსელურ-ცენტრულ სისტემაში; როგორია მართვისა და კონტროლის სისტემა და ასე შემდეგ. ეს არის დღევანდელი ომის მთავარი მამოძრავებელი და არა ის, თუ ვის რამდენი ადამიანი ჰყავს.

ამას დაუმატეთ საბრძოლო სულისკვეთება, რომელიც უნდა გააჩნდეს ქვეყანას ომის მოსაგებად. რუსეთი აგროვებს ხალხს და უშვებს საზარბაზნე ხორცად – მიგრანტებიდან დაწყებული, ცეროზიანი პატიმრებით დამთავრებული.

უკრაინას შეიძლება უჭირს ადამიანური რესურსები, მაგრამ კატასტროფული მდგომარეობა არ არის. უკრაინაში ომში ისევ მიდიან მხოლოდ 25 წელს მიღწეული ადამიანები. 18 წლისა კი იმ შემთხვევაში მიდის ომში, თუ მას აქვს სურვილი და თუ თვითონ მოაწერს ხელს კონტრაქტს.

ზალუჟნი, მაგალითად, აგრესიულად მოითხოვდა ამას, რომ განხორციელებულიყო მობილიზაცია უფრო მკაცრი ტემპებით და დიდი რაოდენობით, მაგრამ ჯერჯერობით ზელენსკი არ ახორციელებს ამას. დისბალანსია ხალხის რაოდენობის შეფარდებით რუსეთთან, მაგრამ უკრაინა ამას ავსებს ტექნოლოგიური უპირატესობით, იგივე დრონებით.

როდესაც უკრაინა ტექნოლოგიურად გაძლიერდება კიდევ უფრო მეტად, ადამიანების შეფარდება არ იქნება გადამწყვეტი. როდესაც რაოდენობაზე ვსაუბრობთ, მაგალითად, დღემდე ისრაელი ომშია მეზობელ ქვეყნებთან. მას უფრო ნაკლები ადამიანური რესურსები აქვს, ვიდრე მის მეზობლებს, იგივე ირანს, რომელსაც პირდაპირ უწერია კონსტიტუციაში, რომ ისრაელი უნდა განადგურდეს.

  • თქვენთვის რა გამოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ 4 წელიწადში, რაც უკრაინაში ომი გრძელდება? რუსეთი ცდილობს, რომ გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე და ანგარიში გაუწიონ, ევროპა კარგად ხედავს საფრთხეს რუსეთის სახით, აშკარაა უკრაინის შეუპოვრობა და თავისუფლებისკენ სწრაფვა… 

რუსული ანდაზაა: სურვილი მავნებელი არ არის. უნდა და უნდოდეს. ერთია რუსეთის სურვილი, მეორეა ფაქტი. რუსეთი იმას ვერ ახორციელებს, რაც სურს.

ამ ომმა აჩვენა ყველაზე მთავარი ამ დაპირისპირებაში: უპირველესია ადამიანური ნება, უკრაინელი ადამიანების სურვილი – დაიცვან თავიანთი ქვეყანა და თავისუფლება. მზადყოფნა იდეალების გამო ბრძოლისთვის.

არის რაღაც, რისთვისაც ბრძოლა ღირს.

მხოლოდ მშვიდობა არ ნიშნავს ქვეყნის წარმატებას. მშვიდობა ჩრდილოეთ კორეაში რომაა, ისეთი უნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბედნიერი ხალხის წარმატებული ქვეყანაა ჩრდილოეთ კორეა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: