სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი წესით გაყიდვა ან/და გაცვლა 12 იანვრიდან იმ „წინაპირობების“ საფუძველზე გაგრძელდება, რომელიც „ოცნების“ მთავრობამ დაადგინა. ეს „წინაპირობები“ კი საკმაოდ მოცულობითია.
არადა, 2025 წლის ივნისში „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა დასრულდა“, თუმცა, ამ წესით ქონების გასხვისებას მაინც აგრძელებდა.
არაკონსტიტუციურმა პარლამენტმა კი, 2025 წლის 11 ნოემბერს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც პირდაპირი მიყიდვის წესი კი არ გაუქმდა, არამედ დააკონკრეტეს, რომ სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვა ან/და გაცვლა შესაძლებელი იყო „მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება, „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 30 დეკემბერს მიიღო და ის 2026 წლის 12 იანვრიდან ამოქმედდება.
„წინაპირობები განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია, განხორციელდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება.“ – წერია დადგენილებაში.
- ამავე დადგენილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შესაძლებელია, განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:
„საპრივატიზებო უძრავ ნივთზე არანაკლებ 100 მილიონი ლარის [დღგ-ს გარეშე] ოდენობის ინვესტიციის განხორციელების პირობით;
თუ საპრივატიზებო უძრავი ნივთი წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავე ქონებას, დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ შესაბამის უძრავ ნივთზე განხორციელებულია არანაკლებ 100 მილიონი ლარის ინვესტიცია/დანახარჯი და საპრივატიზებო უძრავი ნივთის გამოყენება იგეგმება დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების/გაფართოების მიზნით;
სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვიდან გამომდინარე, სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტისათვის ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის პირობით;
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული/საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ასევე სახელმწიფო უწყების/მუნიციპალიტეტის მონაწილეობით, საქართველოს საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავის [იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება] ან საარბიტრაჟო დავის დასრულების მიზნით;
სახელმწიფო უწყების/მუნიციპალიტეტის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე: სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით; ფიზიკური პირების/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საცხოვრებლით უზრუნველყოფის/საცხოვრებელი/ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთათვის [ეკომიგრანტთათვის] უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით;
სახელმწიფო/ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია ენერგეტიკული, წყალმომარაგების, საგზაო/სატრანსპორტო [მათ შორის, საბაგირო] ან ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან;
იმ პირებზე, რომელთა მიერ განხორციელდა სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების იძულებით დათმობა შესაბამისი ქონების პრივატიზების მიზნით;
მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში;
უძრავი ნივთის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის პრივატიზებისას.“
[„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზების შემთხვევებისა) შემძენს, რომელიც შეიძლება იყოს – „საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, სახელმწიფოს ან სხვა სუბიექტის მიერ დაფუძნებული ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისას − აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.“]
- რაც შეეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლის წინაპირობებს, დადგენილებაში წერია, რომ, „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა შესაძლებელია, განხორციელდეს:
თუკი ქონების გაცვლის საჭიროება გათვალისწინებულია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმით;
სახელმწიფო უწყების/მუნიციპალიტეტის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით.“
ამ თემაზე:
სახელმწიფო ქონებას პირდაპირი წესით ისევ გაყიდიან – პირობებს მთავრობა დაადგენს






