„მიმდინარეობს სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა“ – მოგვწერეს სახალხო დამცველის აპარატიდან იმ საქმისწარმოების შესახებ, რომელიც მზია ამაღლობელისთვის სამედიცინო სერვისის მიწოდებას ეხება.
ჟურნალისტის და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის მხედველობა საგანგაშო ნიშნულზეა. საიას მიმართვის შემდეგ სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე საქმისწარმოება 2025 წლის 26 ნოემბერს დაიწყო. ამ დრომდე ლევან იოსელიანის უწყებას სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა არ დაუსრულებია.
„მზია ამაღლობელის საქმეზე გრძელდება საქმის წარმოება, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა, ასევე გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია მკურნალობის საკითხზე,“ – მოგვწერეს დღეს, 5 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატიდან.
საიამ 2025 წლის 24 ნოემბერს მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში [„ნიუ ჰოსპიტალის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ან „კავკასიის სამედიცინო ცენტრი“] მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე და კვლევების გათვალისწინებით დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად.
საიამ ასევე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, დაუყოვნებლივ წერილობით შეაფასოს: სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების უფლება.
იუსტიციის სამინისტროში „ბათუმელებს“ 5 დეკემბერსაც არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რა რეაგირება მოჰყვა მზია ამაღლობელის ადვოკატების მიმართვას.
- მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის უკანონო პატიმრობაშია თითქმის 11 თვე. საიამ 2025 წლის 24 ნოემბერს მიმართა შესაბამისი კვლევების და მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრს და სახალხო დამცველს. მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ საგრძნობლად გაუარესდა და საგანგაშო ნიშნულზეა.
ამ თემაზე:
მზია ამაღლობელის მხედველობა საგანგაშო ნიშნულზეა – ომბუდსმენმა საქმისწარმოება დაიწყო






