მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ დეპუტატი, საკრებულოს წევრი და ვიცე-მერი ათენში კონცერტზე – სამინისტრო ხარჯებს მალავს

25.11.2025
„ოცნების“ დეპუტატი, საკრებულოს წევრი და ვიცე-მერი ათენში კონცერტზე – სამინისტრო ხარჯებს მალავს

აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები 2025 წლის ოქტომბერში საბერძნეთში, ქალაქ ათენში იმყოფებოდნენ.

სამინისტროს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ათენში, მარია კალასის საკონცერტო დარბაზში, კონცერტი გამართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა.  „მუსიკალური ბათუმი ათენში“ – ასე ერქვა კონცერტს, რომელიც ოდისეი დიმიტრიადის ხსოვნას მიეძღვნა. პროექტი განხორციელდა აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და ათენის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის, „ოპანდას“ მხარდაჭერით.

ფოტოების მიხედვით, რომლებიც სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე განთავსდა, ათენში იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი არჩილ ბერიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ არჩილ გოგიტიძე და ასევე, ბათუმის ვიცე-მერი, სოფო ხალვაში.

ეს საჯარო მოხელეები თავად მონაწილეობდნენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კონცერტში, როგორც შემსრულებლები.

„ოცნების“ კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, „ოცნების“ დეპუტატი“ არჩილ ბერიძე და საკრებულოს წევრი არჩილ გოგიტიძე ათენში.

„ბათუმელებმა“ აჭარის კულტურის სამინისტროს ოფიციალურად მოსთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ლარი იყო გამოყოფილი ბიუჯეტიდან ამ ღონისძიების გასამართად.

ასევე, მოვითხოვეთ იმ პირთა ზუსტი ჩამონათვალი, ვინც ამ ღონისძიების ფარგლებში ათენში იმყოფებოდა. ვინ რა სტატუსით ესწრებოდა აღნიშნულ ღონისძიებას და იყო თუ არა ბიუჯეტიდან დაფინანსებული, მაგალითად, „ოცნების“ დეპუტატების, ასევე ვიცე-მერის მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები. აიღეს თუ არა რაიმე ჰონორარი კონცერტში მონაწილეობისთვის „ოცნების“ დეპუტატმა არჩილ ბერიძემ და საკრებულოს წევრმა არჩილ გოგიტიძემ?

საჯარო ინფორმაციის მოწოდებისთვის გათვალისწინებული ვადები აჭარის კულტურის სამინისტრომ დაარღვია. სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია არც სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ მოგვაწოდეს.

ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ არჩილ გოგიტიძე ათენში, კონცერტზე.

რატომ მალავს ღონისძიების ხარჯებს აჭარის კულტურის სამინისტრო და რატომ არ აწვდის საზოგადოებას ამ ინფორმაციას? – უკვე მეორედ დავუსვით ეს კითხვა „ოცნების“ კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის პრესსამსახურს, თუმცა მათი პასუხი უცვლელია – „გასაგებია. კარგი, დაგიბრუნდებით“.

ამ ხარჯებთან დაკავშირებით, ერთადერთი დოკუმენტი რაც იძებნება, ორი ცალი სუფრის შესყიდვის საფასურია, რომლებიც ასკაციანმა დელეგაციამ საჩუქრად ჩაუტანა მასპინძლებს ათენში.

ესაა ორი ერთეული სუფრა ქართული ელემენტებით, რომელთა საერთო ღირებულება 140 ლარია.

„ოცნების“ ხელისუფლება, რომელმაც სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ არაერთი რეპრესიული (რუსული) კანონი მიიღო, თითქოსდა „გამჭვირვალობის“ მიზნით, თავად არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე და არ ასაჯაროებს ინფორმაციას ბიუჯეტიდან გახარჯული თანხის შესახებ.

___________________

მთავარ ფოტოზე: არჩილ ბერიძე და სოფო ხალვაში, კონცერტზე ათენში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: