საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევარები 20 ოქტომბერს დღის 12 საათზე, რუსთაველის გამზირზე, ილიასა და აკაკის ძეგლის მიმდებარედ ბრიფინგს გამართავენ.
„ჩვენ, აკადემიური საზოგადოება, ვიკრიბებით საგანგებო ბრიფინგზე, რათა ერთხმად დავგმოთ ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი განათლების რეფორმა, რომელიც აძლიერებს სოციალურ უთანასწორობას, ზღუდავს უნივერსიტეტების აკადემიურ თავისუფლებას და განათლებას უქვემდებარებს პარტიულ ინტერესებს,“ – ნათქვამია პლატფორმა „ქართული განათლება საფრთხეშიას“ განცხადებაში.
„ქართული განათლება საფრთხეშია“ აანონსებს, რომ ისინი საღამოს 6 საათზე სტუდენტების აქციას შეუერთდებიან, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროსთანაა დაგეგმილი.
„ვუერთდებით სტუდენტების აქციას განათლების სამინისტროსთან – რათა ერთი ძლიერი ხმა გავხადოთ ჩვენი მოთხოვნა: თავისუფალი, კრიტიკული და დამოუკიდებელი განათლება ყველასთვის,“ – წერია განცხადებაში.
განათლების სამინისტროსთან აქციის შემდეგ კი საღამოს 8 საათზე პლატფორმის წევრები პირველი გიმნაზიის ეზოში ფორუმს გამართავენ.
„20 ოქტომბერი დასრულდება ფორუმით ილიასა და აკაკის ძეგლთან, სადაც ადამიანები შეძლებენ საკუთარი აზრი გამოთქვან დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით. მოდით ერთად – ლექტორებო, მასწავლებლებო, მკვლევრებო, სტუდენტებო, მოსწავლეებო. სიჩუმე საფრთხეა, ხოლო სოლიდარობა – ძალა,“ – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც პლატფორმა „ქართული განათლება საფრთხეშია“ ავრცელებს.
„ქართული განათლება საფრთხეშია“ არის საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევარების გაერთიანებას, რომელიც ქმნის პლათფორმას განათლებისა და მეცნიერების წინაშე არსებული საფრთხეების და გამოწვევების წინ წამოსაწევად და განსახილველად.






