„ქართული ოცნების“ მთავრობა ახალ საკანონმდებლო ცვლილებას იღებს, რომლის მიხედვითაც მინისტრების, მერების და სახელმწიფო რწმუნებულების მოადგილეებს კანონით შეეძლებათ 12 თვეში ამ თვეების სახელფასო სარგოს გარდა, დამატებით პრემიის სახით, 3,5 თვის ხელფასი მიიღონ.
„ქართული ოცნება“ 2017 წლიდან გაუქმებულ კორუფციულ სქემას აბრუნებს“ – წერს ახალ კვლევაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
პარლამენტი განიხილავს „ქართული ოცნების“ მთავრობის ინიციატივას მინისტრების, მერების და რწმუნებულების მოადგილეებისთვის სახელფასო დანამატისა და ჯილდოს დანიშვნის შესახებ. კერძოდ, ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში.
კანონპროექტის ავტორების მთავარი არგუმენტი ამ თანამდებობის პირების დაბალი ანაზღაურებაა.
„კანონპროექტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ანაზღაურება ბოლო 4 წლის განმავლობაში 46%-ით გაიზარდა, მაგალითად, თბილისის მერის მოადგილის სარგო 6 765 ლარიდან 9 840 ლარამდე გაიზარდა
ამავე პერიოდში 70 წლამდე მოქალაქეების პენსია უფრო ნელი ტემპით, მხოლოდ 42%-ით გაიზარდა [260 ლარიდან 370 ლარამდე]
ჯილდო-დანამატის სრულად ათვისების შემთხვევაში კანონპროექტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს წელიწადში 3,5 თვის ხელფასის შესაბამისი თანხა დაემატებათ, რაც თბილისის მერის მოადგილის შემთხვევაში ანაზღაურების 9 840 ლარიდან 12 792 ლარამდე ზრდას ნიშნავს.
ჯილდო-დანამატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას უშუალო უფროსი იღებს ერთპიროვნულად, რაიმე სახის კრიტერიუმების, ფორმალური შეფასების და წესების გარეშე, საკუთარი სუბიექტური შეხედულებით.
ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად [2024] საჯარო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 1 680 ლარია.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ანაზღაურება განუხრელად იზრდება, კანონპროექტით შეიქმნება ანაზღაურების ალტერნატიული მატების გზები, რომელიც არის გაუმჭვირვალე, უკონტროლო და აჩენს კორუფციის ახალ არხებს,“ – წერს კვლევაში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.
TI წერს, რომ კანონპროექტით კანონის ორი მუხლი იცვლება:
სახელფასო დანამატი – მოქმედი რედაქცია მკაცრად კრძალავს დანამატის გაცემას ყველა სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირზე. კანონპროექტი ზოგად აკრძალვას ინარჩუნებს, თუმცა გამონაკლისს უშვებს მინისტრების, აფხაზეთისა და აჭარის მთავრობათა წევრების, სახელმწიფო რწმუნებულისა და მერის მოადგილეებისთვის – ანუ პოლიტიკურ თანამდებობებზე დანამატის ინსტიტუტი ფაქტობრივად ბრუნდება.
ფულადი ჯილდო – ანალოგიური ცვლილებაა ჯილდოს კუთხით. იმავე თანამდებობის პირები შეძლებენ მიიღონ პრემია „ფუნქციის სანიმუშოდ შესრულებისთვის“, „ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის“ ან „განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისთვის“.
- ვის და რა თანხებს შეეხება ცვლილება
„კანონპროექტი ფაქტობრივად აღადგენს მდგომარეობას, როდესაც პოლიტიკურ ხელისუფლებას ჰქონდა უფლება საკუთარი დანიშნული მოადგილეებისთვის გაეცა დანამატები და პრემიები.
შემოთავაზებული ცვლილება, საერთაშორისო პრაქტიკის შერჩევითი და არსით არასწორი წაკითხვის გარდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელზეც თავად განმარტებით ბარათში მოყვანილი მაგალითები მიუთითებს და ქმნის კორუფციის ახალ საფრთხეებს იქ, სადაც ეს რისკი 2017 წლიდან უკვე შემცირებული იყო,” – წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო კვლევაში.
2026 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონით საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარს შეადგენს.
კანონით დადგენილ კოეფიციენტებზე გადამრავლებით, კანონპროექტით განსაზღვრული თანამდებობების სარგო ასე გამოიყურება:

„კანონის მიხედვით, ერთჯერადი დანამატი არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში დანამატი არ უნდა აღემატებოდეს სარგოს 20%-ს, ჯილდო – 10%-ს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცვლილების ამოქმედების შემდეგ მინისტრის ან თბილისის მერის მოადგილემ ხელფასის გარდა შესაძლოა ერთბაშად მიიღოს დანამატად მთლიანი თვის სარგოს ოდენობის თანხა, ხოლო წლის განმავლობაში ჯილდო-დანამატის ჯამური ოდენობა მის 3,5 თვის სარგოს გაუტოლდეს.
მაგალითად, მინისტრის მოადგილემ რომელსაც 11 600 ლარი აქვს დარიცხული ხელფასი, შესაძლოა დამატებით თვეში 3 480 ლარი მიიღოს ჯილდოსა და დანამატის სახით.
ამას ემატება კანონის ჩანაწერი, რომელიც „განსაკუთრებულ შემთხვევაში“ მთავრობას უფლებას აძლევს, კანონისმიერი ზღვრის გაუთვალისწინებლად [10%-იანი ზღვრის მიღმა] მიანიჭოს ერთჯერადი ჯილდო, ამ დათქმას კანონპროექტი არ ცვლის, თანამდებობის პირთა წრის გაფართოებით კი მისი გამოყენების არეალი ფართოვდება,.“ – ნათქვამია კვლევაში.






