რასთან გვაქვს საქმე, როცა მატარებლის გამცილებელი სინდისის პატიმრების მშობლების დანახვაზე პატრულს იძახებს? როცა პატრული მატარებლის გასვლას აყოვნებს 20 წუთით?
სწორედ ასეთი ინცინდენტი მოხდა 19 ივლისს, გუშინ – სინდისის პატიმრების მშობლები თბილისიდან ბათუმში მოდიოდნენ მატარებლით, მშობლებს თან ჰქონდათ თავიანთი პატიმარი შვილების ფოტოები და პლაკატები, რის გამოც რკინიგზის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა და მატარებელი 20 წუთის დაგვიანებით გავიდა თბილისის რკინიგზის სადგურიდან.
„შეეშინდათ იმის, რომ მატარებლით ჩვენი მგზავრობა რეაგირების გარეშე დაეტოვებინათ, რამეს ხომ არ აშავებდნენ? რამე ხომ არ ეშლებოდათ? ხელმძღვანელისგან მერე შენიშვნას ხომ არ მიიღებდნენ?
ამ ყველაფრის პარალელურად, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც უძლებს ამ წნეხს, სოლიდარულია და ზუსტად იცის ტყუილ-მართლის გარჩევა,“ – ამბობს დამოუკიდებელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, რომელიც თბილისი-ბათუმის მატარებელში გუშინ, 19 ივლისს ამ ინციდენტს შეესწრო.
„ბათუმელებმა“ თეონა ჭალიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი უფლებადამცველია, დამოუკიდებელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
- ქალბატონო თეონა, თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე, როცა მატარებლის გამცილებელი იმის გამო, რომ სინდისის პატიმრის მშობელი ატარებს ბანერს და შვილის ნახატი აქვს მაისურზე გამოსახული, იძახებს პოლიციას?
ჩემი აზრით, ეს არის რიგით ადამიანებზე ერთგვარი რეპრესიების გამოვლინება. რეპრესიაში ვგულისხმობ იმას, რომ სხვადასხვა სტრუქტურის თუ კერძო სამსახურის თანამშრომელი, რიგითი თანამშრომელი იმდენად არის დასტრესილი და დაშინებული, იმდენად აქვს სიფრთხილის განცდა გაათმაგებული, რომ ამგვარად მოქმედებს.
- თქვენი აზრით, ეს უფრო თვითცენზურა იყო?
როგორ ჩანს, მათთვის, ჯერ ერთი, მოულოდნელი იყო ჩვენი იქ გამოჩენა. ცოტა დაბნეულებიც კი იყვნენ, ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა.
ჩვენ მათ ბილეთები წარვუდგინეთ და პირველი კომუნიკაცია, რაც შედგა გამცილებელსა და მატარებლის ე.წ. გამყოლს შორის, რომელსაც თითქოს უფრო მაღალი თანამდებობრივი სტატუსი ჰქონდა, იყო ის, რომ გვითხრეს: გთხოვთ, ეს ბანერები მოიხსნათო. მე ეგრევე შევეპასუხე, უკაცრავად, რას გვთხოვთ-მეთქი. მიპასუხეს, რომ ეს არის თხოვნა. მე ვუთხარი, რომ თხოვნა გასაგებია, მაგრამ ამ თხოვნას გავითვალისწინებთ თუ არა, ჩვენი გადასაწყვეტია, ჩვენ წარმოგიდგინეთ ბილეთები, ვართ რიგითი მგზავრები, მივემართებით ბათუმში და როგორ გამოვიყურებით, რა გვაცვია და გულზე რა გვეკიდება, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი თავიდან ბოლომდე-მეთქი.

თეონა ჭალიძე
მეგონა, რომ ამით ამოიწურა ყველანაირი, ასე ვთქვათ, გაუგებრობა და ჩვენი გადაადგილება აღარანაირად არ შეფერხდებოდა. ვიფიქრე, რომ ადამიანურად რაღაც ვიღაცას შეეშალა, რაღაც გვითხრა და გავატარეთ.
ოცამდე მგზავრი ვიყავით ჯამში ერთობლივად. როცა უკვე მატარებელში ვინაწილებდით ადგილებს, მატარებელში ამოვიდნენ პოლიციელები. გავიხედეთ ფანჯარაში და ვხედავთ, რომ საპატრულოს ორი ეკიპაჟია მოსული.
ვიდრე ამ პოლიციელებს დავინახავდით, არ მინდა გამომრჩეს: ვაგონში ამოვიდა გამყოლი და ვაფიქსირებ, რომ ტელეფონით გვიღებს. შეჩვეულები ვართ, რომ მალულად სულ ვიღაც გვიღებს: ხან სუს-ის თანამშრომელი, ხან – ვინ. ის ხანდაზმული მამაკაცი ამ ტელეფონს ისე დილეტანტურად იჭერდა, რომ შეუმჩნეველი ვერც დაგვრჩებოდა და მივუთითეთ: ბატონო სანდრო [სახელი ეწერა გულსაკიდზე], რატომ გვიღებთ? „არა, არა, არ გიღებთო,“ – ძალიან უხერხულად შეიშმუშნა და ტელეფონი ჩაწია ეგრევე, თუმცა, რა თქმა უნდა, კადრი ჩართული ჰქონდა.

სინდისის პატიმრების მშობლები და მხარდამჭერები
შემდეგ გამოჩნდა სრულიად შავებში ჩაცმული კაცი. ის ტელეფონით გადასცემდა რაღაც ინფორმაციას და თან კადრებს იღებდა. ეს უკვე სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომელი იყო. ამ დროს გამცილებლები და გამყოლები ზევით-ქვევით შეშფოთებული დარბოდნენ.
პოლიცია როცა უკვე ამოვიდა ვაგონში, ეს კადრები ყველამ ნახა: გაოგნებული იყურებიან, რა ბანერზეა საუბარიო და ვაჩვენე ბანერი, რომელიც სინდისის პატიმარს აქვს მაისურზე გამოსახული, ვაჩვენე, რომ ყველა მშობელს თავისი შვილის ფოტო აქვს ჩამოკიდებული და ესაა ბანერები. ვკითხე პოლიციელებს: ამის გამო გამოგიძახეს და მოგაცდინეს კრიმინალთან ბრძოლას-მეთქი… ნახეთ, რომ მოწყვეტით ვაგონიდან გავარდნენ და კარგა ხანს მერე მანქანასთან ასე მოძრაობდნენ, რაღაცებს წერდნენ ფურცელზე იქვე.
ეს ყველაფერი გაგრძელდა დაახლოებით 35 წუთი და აქედან 20 წუთი უკვე იყო გასვლის დროზე გადაცილება. 20 წუთი მთელი მატარებელი ჰყავდათ გაჩერებული – 400 მგზავრი, როგორც თვითონ ამბობდნენ. ზოგიერთი გამცილებელი იძახდა: გაგვიშვან, კაცო, ასეთი რამ ჩვენ არ გვახსოვს, ერთი წუთის დაგვიანებითაც კი არ გადის ხოლმე მატარებელიო.
- სავარაუდოდ რა ხდებოდა ეს 20 წუთი? რას არკვევდნენ?
ეს თანამშრომლები დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებენ და მუდმივად ტელეფონზე არიან ჩამოკიდებული, მუდმივად რაღაცას ათანხმებენ ხელმძღვანელობას, ის ხელმძღვანელი კიდევ თავის ხელმძღვანელს უთანხმებს და ამ პროცესში დაიკარგა ეს დრო.
შეიძლება, მატარებელი გააჩერონ, მაგრამ სინდისის პატიმრების მშობლების და მათი ოჯახის წევრების ბრძოლას ვერ გააჩერებენ. გუშინდელი დღეც ამის დასტურია, რომ ჩვენ ისევ ბანერებით გახლდით მატარებელში, გადავადგილდებოდით და მშვენივრად ვიმგზავრეთ, ჩამოვედით აჭარაში და დღეს უკვე ხოფის ბაზრობაზეც დავარიგეთ ის გაზეთები, რაც იყო დაგეგმილი. ხვალ ვგეგმავთ ქობულეთს, ურეკს და გომის მთას.
რკინიგზის მხრიდანაც, ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთგვარი პრევენციული ქცევა რკინიგზის ადმინისტრაციისგან, ჩვენი იქ ყოფნა თუ პრობლემა გახდებოდა, ამით დაიზღვიეს თავი.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ რეპრესიები აისახა, მათ შორის, გამცილებლის ქცევაზე, რომელმაც პოლიცია გამოიძახა. რის შეეშინდა მას პრაქტიკულად?
შეეშინდათ იმის, რომ მატარებლით ჩვენი მგზავრობა რეაგირების გარეშე დაეტოვებინათ, რამეს ხომ არ აშავებდნენ? რამე ხომ არ ეშლებოდათ? ხელმძღვანელისგან მერე შენიშვნას ხომ არ მიიღებდნენ? ეს იყო მათი შიშის გამოვლინება, თორემ საერთოდ უხმაუროდ ჩაივლიდა ეს მგზავრობა.
სინამდვილეში, ეს ფოტოები ხომ იმიტომ გვეკიდა გულზე, რომ ტრადიციული ფოტოები გადაგვეღო.
- რომც გქონოდათ ყველას ბანერი მგზავრობის დროს, ეს ხომ გამოხატვის თავისუფლებაა და ამის უფლება გქონდათ.
რა თქმა უნდა, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ მატარებელში ბანერებით ყოფნას არავინ აპირებდა. რისთვის ატეხეს ეს ამბავი?
- თუ ესაუბრეთ გამცილებელს მას შემდეგ, რაც უკვე დაიძრა მატარებელი?
არ გვისაუბრია. ის იყო კეთილგანწყობილი მთელი მგზავრობის განმავლობაში. გვეკითხებოდა, რამე ხომ არ გვჭირდებოდა.
- შეიძლება ეს უკავშირდებოდეს „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მოწყობილ რეპრესიების ახალ ნაკადს? მაგალითად, გამცილებელმა ჩათვალა, რომ თუ წყევლის გამო ადამიანებს აჯარიმებენ, ხოლო ტროტუარზე დგომისთვის აპატიმრებენ, ვაგონში პოლიტიკური გზავნილებიც იქნებ დასჯადია და პრობლემა არ ვნახო?
დიახ. რიგით თანამშრომლებსაც შიშები აქვთ ზუსტად იმ რეპრესიების გამო, რაც ზოგადად არის ქვეყანაში. ყველა თანამშრომელზე და ყველა ადამიანზე აისახება ეს, გინდა არ გინდა, პირდაპირ თუ ირიბად.
არსებობს შიში, რამე შეცდომა არ დაუშვა, რამე საყვედური არ მივიღო, სისტემასთან წინააღმდეგობაში არ მოვიდე რა და რამე ისეთი არ გააკეთო, რაც შეიძლება აღმოჩნდეს მომავალში შენივე ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება.
- ეს რამდენად ართულებს წინააღმდეგობას, ბრძოლას დემოკრატიის გადასარჩენად?
როცა პროპაგანდის მსხვერპლია ადამიანი და შეშინებული, მეტი ადამიანი ექცევა ზეგავლენის ქვეშ.
სიმართლის მაძიებლისთვის და მორალური უპირატესობის მქონე ადამიანისთვის სამართლიანობისთვის ბრძოლის გზაზე ასე მეტი ბარიერი ჩნდება, მაგრამ საბედნიეროდ და ამ ყველაფრის პარალელურად, ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, რომელიც უძლებს ამ წნეხს, სოლიდარულია და ზუსტად იცის ტყუილ-მართლის გარჩევა.






