2025 წელს ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა 31 700-ზე მეტმა, გამოცდები ვერ ჩააბარა, დაახლოებით 7 300-მა აბიტურიენტმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს აბიტურიენტებმა ცუდი შედეგები დადეს მათემატიკის გამოცდაზე. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 15.83%-მა.
გამოცდაზე მიღებული მაქსიმალური ქულა მათემატიკაში, ეროვნულ გამოცდებზე არის 51, თუმცა გამსვლელი ქულა არის 11. ეს იმაზე მიანიშნებს, თუ რამდენად დაბალია ბარიერი.
ამის მიუხედავად, აბიტურიენტების დიდი ნაწილი ამ ბარიერსაც ვერ ძლევს.
ცენტრის მონაცემებით, აბიტურიენტების გარკვეული ნაწილი დამატებით საგნად ირჩევს მაგალითად ისტორიას, გეოგრაფიას და არა მათემატიკას. რაც ასევე მეტყველებს იმაზე, რომ მათემატიკა ისევ რჩება აბიტურიენტებისთვის გარკვეულ ბარიერად.
რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა მათემატიკაში, რომელიც უმაღლესში აბარებს გამოცდას? ან ისეთ სპეციალობაზე აბარებს, რომელიც მათემატიკის ცოდნას საჭიროებს?
ამ თემაზე „ბათუმელები“ მათემატიკის მასწავლებლებს ესაუბრა.
სულხან სოლომონიძე, მათემატიკის მასწავლებელი მიიჩნევს, რომ პროგრამულად პრობლემა არც წელს ჰქონია ტესტებს, უბრალოდ, უფრო მეტი საკითხი მოვიდა მაგალითად ტრიგონომეტრიიდან, ვიდრე მოელოდნენ აბიტურიენტები.
„წელს იყო ბევრი კომენტარი იმაზე, რომ რთული იყო წელს მათემატიკა და უპრეცედენტოდ ბევრი ჩაიჭრა. წინა წლებში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. ამ ნაწილში ვეთანხმები მათ, რომ წელს უფრო მეტი ჩაიჭრა, ვიდრე წინა წლებში, მაგრამ არ ვეთანხმები იმ ნაწილში, როცა ამბობენ, რომ რთული იყო პროგრამა ან პროგრამას აცდენილი იყო საკითხები.
წინა წლების და ახლანდელ ტესტებს თუ შევადარებთ, ნახავთ, რომ წელს ტრიგონომეტრიაზე მეტი წილი კითხვები წამოვიდა, ვიდრე წინა წლებში და შეიძლება ეს არ იყო ბევრისთვის მოსალოდნელი.
აქედან გამომდინარე იძახიან, რომ რთული იყო, მაგრამ საერთოდ არ ყოფილა პროგრამას აცდენილი. „მართლა მწვავედ განვიცდი და ვწუხვარ ნებისმიერი იმ აბიტურიენტის გამო, რომლებმაც სამწუხაროდ, ვერ შეძლეს ბარიერის გადალახვა, მაგრამ ეს არის ფაქტი და ვხედავთ რეალობას“, – ამბობს სულხან სოლომონიძე.

სულხან სოლომონიძე/მათემატიკის მასწავლებელი.
მისი თქმით, აბიტურიენტებს ხშირად აქვთ წინასწარი მოლოდინები, რაც იწვევს მათ იმედგაცრუებას.
„პროგრამაზე რომ ვიმსჯელოთ, ტრიგონომეტრია ხომ დევს პროგრამაში, არა? ხომ ველოდით, რომ მოვიდოდა აქედან საკითხები. ამას მართლა ვერ დავაბრალებ კონკრეტულ პედაგოგს ან სისტემას, არავის უთქვამს, რომ ორ კითხვაზე მეტი არ შეგხვდებათ ტრიგონომეტრიიდანო“, – ამბობს სულხან სოლომონიძე.
მას ვკითხეთ, – როცა აბიტურიენტი ვერ ლახავს 11%-იან ბარიერსაც კი, რა ტიპის პრობლემას აჩვენებს ეს?
მისი აზრით, პრობლემა კომპლექსურია, რომელიც იწყება სკოლის დაბალი საფეხურებიდან და გრძელდება წლების განმავლობაში.
„ეს მიუთითებს საბაზისო, ფუნდამენტური ცოდნის კატასტროფულ ნაკლებობაზე. როდესაც მოსწავლეს ელემენტარული არითმეტიკული მოქმედებები უჭირს, მაშინ 11 ქულის აღებაც კი ურთულესი ამოცანა ხდება. პრობლემა არის მოსწავლეების მომზადების დონეში და არა ტესტის სირთულეში.
ტესტი ამოწმებდა ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას, რაც მათემატიკის მთავარი არსია. ზეპირად დასწავლილი ფორმულებით ფონს გასვლა წელს რთული იყო, საჭირო იყო მასალის გააზრება.
ვფიქრობ, განათლების სისტემამ მეტი აქცენტი უნდა გააკეთოს არა მხოლოდ მასალის მიწოდებაზე, არამედ მოსწავლეებში აზროვნების უნარის განვითარებაზე.
საჭიროა, სკოლამ შეძლოს საგნის სიყვარულის გაღვივება, რათა მათემატიკა არ იყოს მხოლოდ იძულებით ასათვისებელი, მოსაწყენი საგანი. სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა“, – ამბობს სულხან სოლომონიძე.
მაია ძაძამია, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია და ის წლებია ასწავლის მათემატიკას სტუდენტებს.

მაია ძაძამია/ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი
ისიც ეთანხმება აზრს, რომ მათემატიკა არ არის ის საგანი, რომელსაც ერთ ან ორ წელში მომზადების შედეგად ჩააბარებ უმაღლესში.
„მათემატიკის სწავლა არის ხანგრძლივი პროცესი. ერთ ან ორ წელიწადში ამოდენა ცოდნის მიღება შეუძლებელია. ამისთვის არის სკოლა, რომ ეს ყველაფერი 12 წელიწადში უნდა იყოს გაწერილი. ბავშვმა უნდა შეისისხლხორცოს მათემატიკური უნარები, ჩვევები, ცოდნა და მერე შეძლოს ამათი გამოყენება გამოცდაზე.
ბევრს ჰგონია, რომ იმ ერთ წელიწადში და ორ წელიწადში, რასაც ემზადებიან, რაღაც გარკვეულ ცოდნას მიიღებენ, მერე გავლენ გამოცდაზე და ამ ცოდნით რაღაც მიზანს მიაღწევენ. ეს არ ჰყოფნის მათემატიკას.
მაშინ უნდა გქონდეს რაღაცა განსაკუთრებული ნიჭი. არსებობენ ასეთი ფენომენალური ადამიანებიც, რომლებიც ერთ წელიწადში საოცარ შედეგს დებენ, მაგრამ ეს უკვე ადამიანის ტალანტზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ ადამიანებს, წლების შრომა სჭირდებათ შედეგზე გასასვლელად.
მაგრამ 25-30 ქულამდე შედეგები, ვფიქრობ ნორმალური შედეგია, საშუალო ქულა გამოდის და ამ ცოდნით უნივერსიტეტშიც ძალიან კარგად ისწავლი“, – გვეუბნება ის.
ხშირად გვესმის კომენტარები სფეროში მომუშავე ადამიანებისგან, რომ პირველკურსელებს არ ესმით პროცენტი, ვერ ხსნიან კვადრატულ განტოლებას და ასე შემდეგ, სკოლის რომელი დონის საკითხებია ეს? – ვეკითხებით მაია ძაძამიას.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, ანუ აიღო 11 ქულა, 84.17%-მა/ naec-ის მონაცემები.
მისი თქმით, პროცენტის გამოთვლას ბავშვები მეექვსე კლასში სწავლობენ, კვადრატული განტოლების ამოხსნას კი მეცხრე კლასში.
„მაგრამ ნახეთ რა ხდება, შეიძლება მეექვსე კლასში მასწავლებელმა ძალიან კარგადაც ასწავლა და იმ ბავშვმაც ძალიან კარგად გაიგო, მაგრამ მერე ამ თემასთან შეხება აღარ ჰქონია. ანუ, რაღაც არის გადასახედი სკოლის პროგრამაში.
ამიტომ, ბავშვობაში მიღებული ცოდნა, რომელიც მერე აღარ ღრმავდება და არ მეორდება წლების განმავლობაში, ვერ იყენებს ადამიანი. სხვადასხვა კლასში უნდა ხდებოდეს ამ ცოდნის გამეორება. თვითონ თუ არ მოისურვა ბავშვმა და თავისით არ დაძებნა ეს ინფორმაცია“, – ამბობს მაია ძაძამია.
ინტერნეტისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ბუნებრივია ადამიანები საჭიროებენ ციფრულ უნარებს. ბოლო პერიოდში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებად სახელდება ის მეცნიერებები, რომლებიც ციფრულ ტექნოლოგიებს უკავშირდება.
ამიტომ, რამდენად შეძლებს მათემატიკის 11 ქულაზე ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტი ამ მეცნიერებების კარგად სწავლას და ამ სფეროში განვითარებას? – ვკითხეთ მაიას. მისი აზრით, დაბალი დონის მათემატიკური უნარების შემთხვევაში, სტუდენტებს ციფრული მეცნიერებების კარგად სწავლა გაუჭირდებათ.

ეროვნული გამოცდების მონაცემები მათემატიკაში/naec-2025
„რა თქმა უნდა, გაუჭირდება სწავლა, რადგან ჩვენც ხომ გვყავს ამ მიმართულებებზე სტუდენტები და ძალიან უჭირთ მაგალითად კომპიუტერულ მეცნიერებებზე სწავლა. რამდენიმე სემესტრი უწევთ მათემატიკის სწავლა და ბევრი უნივერსიტეტში სწავლობს მათემატიკას.
ამიტომ, არ ვიცი რამდენად გამოიყენებენ ისინი იმ პროფესიას რასაც სწავლობენ, ვისაც უჭირს უნივერსიტეტში სწავლა“-გვეუბნება მაია ძაძამია.
არის შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტების დიდი ნაწილი მეოთხე საგნად არა მათემატიკას, არამედ ჰუმანიტარულ საგნებს ირჩევს. რამდენად გამართლებულია ეს?
მაია ძაძამიას თქმით, იყო წლები, როცა აბიტურიენტებს ტექნიკურ მიმართულებებზეც შეეძლოთ მათემატიკის სხვა საგნით ჩანაცვლება, თუმცა ეს ბოლო წლებში ასე აღარ არის.
„ტექნიკურ მიმართულებებზე უკვე აღარ შეუძლიათ მათემატიკის ჩანაცვლება. ხელოვნურ ინტელექტზე, ინჟინერიაზე, მათემატიკის და ფიზიკის ჩაბარების გარეშე ვერ მოხვდები“-გვეუბნება ის.
წლების წინ, აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე უნარების ტესტებს აბარებდნენ, თუ ეს მოთხოვნა მიხელ ბატიაშვილის განათლების მინისტრობის დროს გაუქმდა. უნარების გამოცდას ბევრი აბიტურიენტი ვერ აბარებდა და ჩაჭრის მაჩვენებელიც იყო მაღალი.
რამდენად სწორი იყო ამ გამოცდის გაუქმება? – ვკითხეთ მაია ძაძამიას.
მისი აზრით, როცა აბიტურიენტები ზოგად უნარებს სწავლობდნენ, ბევრად მაღალი იყო მათი აზროვნების უნარები.
„როდესაც უნარების გამოცდა ბარდებოდა, საშუალო ქულა მათემატიკაში უფრო მაღალი იყო, რადგან აზროვნებაზე იყო ეს უნარები გათვლილი და მერე ეს მათემატიკაშიც ეხმარებოდათ. როგორც კი უნარები ამოიღეს, საშუალო ქულა წამოვიდა დაბლა.
შესაბამისად, ნაკლები აქვთ საფიქრალი და სააზროვნო აბიტურიენტებს. ვფიქრობ, არ უნდა ამოეღოთ ეს გამოცდა.
დღეს ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ ბავშვებს უჭირთ ტექსტის გააზრება და ეს უშლის ხელს მათემატიკის სწავლასაც, რადგან ამოცანის პირობებს ვერ იაზრებენ ისე, როგორც საჭიროა.
გამოცდაზეც დაძაბული არიან, დრო აქვთ შეზღუდული და ისე სწრაფად ვერ ახერხებენ ტექსტის გააზრებას. არ არიან მიჩვეული კითხვას და იმიტომ.
ეს არის სერიოზული პრობლემა.
ამიტომ, პირველ რიგში, კითხვასთან და ტექსტის სწორედ გააზრებასთან გვაქვს სამუშაო. ამას სჭირდება სკოლაში, სისტემაში რაღაცების ცვლილება და ბევრი შრომა, რომ ეს პრობლემა გამოსწორდეს“, – ამბობს მაია ძაძამია.





