მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომა გრძელდება

01.08.2025
მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომა გრძელდება

დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 საათზე მეტია მიმდინარეობს მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა, რომელიც ამ დრომდე [18:30] გრძელდება.

დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარეს უსმენს.

ადვოკატებმა დამატებით რამდენიმე საათი მოითხოვეს დასკვნითი სიტყვისთვის, რასაც მოსამართლე დაეთანხმა.

მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი დეტალურად განიხილავს მზია ამაღლობელის საქმის ყველა დარღვევასა და ნიუანსს.

უცნობია, დღეს გამოაცხადებს თუ არა განაჩენს მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის საქმეზე.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი უკვე 202 დღეა უკანონო პატიმარია. პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.

მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

____________

ფოტოზე: მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: