მთავარი,სიახლეები

დაზვერვის ყოფილი უფროსი ჩორჩანაზე: მთავრობის ვერსიით, ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჩამოშლილია

28.07.2025
დაზვერვის ყოფილი უფროსი ჩორჩანაზე: მთავრობის ვერსიით, ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჩამოშლილია

„შინაგან საქმეთა სამინისტროს რომც ჰქონოდა დიდი სურვილი, საქართველოს სხვა უწყებებისაგან ფარულად განეხორციელებინა ეს პროექტი [ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვა], ამის პრაქტიკული შესაძლებლობა არ არსებობდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა შალვა ლომიძემ. ის ამ თანამდებობაზე 2021-2024 წლებში მუშაობდა.

თუ დავუშვებთ, რომ რიგი სახელმწიფო უწყებები ვერ ხედავდნენ რას აკეთებდა შსს საოკუპაციო ხაზზე, მაშინ დღესაც შეიძლება რამე ხდებოდეს და ისევ „არაფერი იცოდნენ“ ამ უწყებებმა? ვინ და როგორ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ქვეყნის უსაფრთხოებას, „თუ არავინ არაფერი არ იცის“? – ჩორჩანას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, არსებულ კითხვებზე და გამოწვევებზე „ბათუმელები“  საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილ უფროსს, გენერალ-მაიორ შალვა ლომიძეს ესაუბრა.

შალვა ლომიძე ამჟამად “ჯეოქეისის” მრჩეველია უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხებში.

  • ბატონო შალვა, როგორც საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, როგორ აფასებთ ჩორჩანას საგუშაგოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს?

სახელმწიფოს მიერ საკუთარ ტერიტორიაზე საგუშაგოს განთავსება არის მისი სუვერენული და ლეგიტიმური უფლება. ცხადია, ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება ერთპიროვნულად და საჭიროებს უსაფრთხოების სისტემაში შემავალი უწყებების, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა ინფორმირებას, მათთან კონსულტაციას და კოორდინაციას.

აუცილებელია საკითხს შევხედოთ ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან.

გვაქვს საკითხის აღწერის ორი ვერსია: პირველი – 2025 წელს სახელმწიფო აცხადებს, რომ 2019 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედა საოკუპაციო ზოლზე, რამაც მათივე განცხადებით გამოიწვია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში.

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება გაკეთდა ფაქტის დადგომიდან 6 წლის მერე და იგივე პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში.

მეორე ვერსიით: საკითხი წარმოადგენდა სახელმწიფო უწყებებს შორის შეთანხმებულ პროცესს, ეს ფაქტი ემსახურებოდა საოკუპაციო ზოლზე „ბორდერიზაციის“ პროცესის პრევენციას და დღეს შედეგი არის ის, რაც იყო განსაზღვრული თავდაპირველი ამოცანით.

მნიშვნელოვანია შევეხოთ რამდენიმე საკითხს: ოკუპაციის პრობლემა, შესაბამისად მასთან დაკავშირებული ქვესაკითხები, არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის განსაკუთრებული კვლევისა და შესწავლის ობიექტი, იგი წარმოადგენს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელ საკვანძო ელემენტს.

შესაბამისად, საოკუპაციო ზოლზეც არსებული ვითარება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და მასზე ერთდროულად მუშაობს მრავალი უწყება, მათი უფლებამოსილების ფარგლებში.

ოკუპაციის ზოლზე არსებული ვითარების ფიზიკური კონტროლი, არსებულ ინციდენტებზე რეაგირება და პრევენცია წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირდაპირ ამოცანას, ხოლო ოკუპაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროფილის საკითხის ირგვლივ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და რეაგირება, ასევე არის სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამინისტროების, უწყებებისა თუ სპეციალური სამსახურების ამოცანა.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს, რომელიც ადგილზე პროცესებს ამონიტორინგებს.

წარმოუდგენლად მეჩვენება შინაგან საქმეთა სამინისტროს საოკუპაციო ზოლზე განეხორციელებინა მსგავსი მასშტაბის პროექტი და ამის შესახებ ქვეყანაში არ ჰქონოდა ინფორმაცია აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელს. შინაგან საქმეთა სამინისტროს რომც ჰქონოდა დიდი სურვილი საქართველოს სხვა უწყებებისაგან ფარულად განეხორციელებინა ეს პროექტი, ამის პრაქტიკული შესაძლებლობა არ არსებობდა.

ეს შემიძლია განვაცხადო დარწმუნებით.

ვფიქრობ, ამის შესახებ ინფორმირებული იქნებოდა ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. სხვა საკითხია რომელ უწყებებს და რა დოზით ჰქონდათ ინფორმაცია პროექტის არსის, ამოცანის, მასში ჩართული სუბიექტების, ვადების და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ. უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებითი სირთულეების თავიდან აცილების მიზნით, საკითხის ამგვარი ჩაშლა ასევე სწორ და ტაქტიკურად გამართლებულ ნაბიჯად მიმაჩნია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არავის არაფერი არ უნდა სცოდნოდა, განსაკუთრებით, მათ ვინც პასუხისმგებლები იყვნენ ცალკეულ საკითხზე.

შეფასების ნაწილში ვიტყოდი, რომ ჩორჩანას საკითხის ირგვლივ ასეთი საჯარო განხილვები, არანაირად არ ჯდება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში, სასურველია საკითხი განხილულიყო დახურულ ფორმატში. ამით ჩვენ თავიდან ავიცილებდით ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში შესაძლო არსებული ხარვეზებისა თუ გამოწვევების თაობაზე საჯარო დისკუსიებს, სამომავლოდ მეტად დავაზღვევდით უსაფრთხოების საკითხებს და საზოგადოების არ გაუღრმავებდით დაუცველობის განცდას.

  • თქვენი აზრით, ზიანდება თუ არა სახელმწიფო ინტერესები იმ პროცესით, რასაც ახლა საზოგადოება ადევნებს თვალს (ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვები პროკურატურაში და მათი საჯარო უარყოფა, რომ არაფერი იცოდნენ საგუშაგოს შესახებ) და თუ ზიანდება, კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს ზიანი?

უპირობოდ ზიანდება. ის, რასაც დღეს ვადევნებთ თვალს, წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის დისკრედიტაციის უმწვავეს პროცესს. თუ გავყვებით სამთავრობო ვერსიას, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჩამოშლილია და ასე იყო მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში.

ანუ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის ირგვლივ მიმდინარეობდა პროცესი, რომლის მონიტორინგი არ ხდებოდა და საერთოდ ადგილი ჰქონდა თვითნებობას. სახელმწიფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არ ჰქონდა ინფორმაცია ურთულეს და უმწვავეს პროცესზე, ხოლო ინფორმაციის მიღების შემდეგ, არ გადადგეს შესაბამისი ნაბიჯები, მასზე სწორი, სამართლებრივი რეაგირებისათვის. საინტერესოა რამ განაპირობა ეს მდუმარება.

თუ გავყვებით მეორე მხარის ვერსიას, მივალთ დასკვნამდე, რომ ყველა შესაბამისი პირი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო ინფორმირებული დასაშვებ ფარგლებში, ისინი მოქმედებდნენ მათი კომპეტენციის ფარგლებში ამოცანის გადაწყვეტისათვის, შესაბამისად შემდგომში ბუნებრივია არ და ვერ ექნებოდათ  არანაირი მწვავე ან კრიტიკული რეაქცია, ვინაიდან მათი თანამონაწილეობით მოხდა პროცესი.

ეს ვერსია უფრო დამაჯერებლად ჟღერს ჩემთვის. ვთვლი, რომ სწორედ ასეთ პროცესთან გვექნებოდა საქმე. სხვაგვარად ძნელად ასახსნელია, ინფორმაციის გაგების შემდგომ (საგუშაგოს გახსნა და გამოწვეული რეაქციები ოკუპანტების მხრიდან) როდესაც გაირკვა, რომ თურმე ადგილი ჰქონდა დიდ ტერიტორიაზე კონტროლის დაკარგვას, ასევე სხვა პრობლემებს უსაფრთხოების ჭრილში, რატომ არ მიიღეს შესაბამისი ზომები სახელმწიფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელთაც სამართლებრივად მოეთხოვებათ ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე რეაგირება.

  • როდესაც ყოფილი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ სუს-მა არ იცოდა, რას აკეთებდა შსს ჩორჩანაში, ასევე არც სხვა უწყებებმა, რამდენად დამაჯერებელია ეს? რას ეუბნება ამით სახელმწიფო თავის მოქალაქეებს? მაშინ როგორ არის დაცული ქვეყნის უსაფრთხოება, თუ უწყებებს შორის კოორდინაცია არ არსებობს?

პირადად ჩემთვის სრულიად არადამაჯერებლად გამოიყურება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ იცოდა მიმდინარე პროცესის შესახებ და ეს მათთვის ცნობილი გახდა პოსტფაქტუმ.

აქვე უნდა ავღნიშნო: უსაფრთხოების სამსახური არის სპეციალური სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია საოკუპაციო ზოლზე ოპერატიული ვითარების მონიტორინგსა და ოკუპაციასთან დაკავშირებული რიგი საკითხების მართვაზე. იგი წარმოადგენს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში არსებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უწყებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულია საოკუპაციო ზოლზე მიმდინარე პროცესის მონიტორინგში და, შესაბამისად, აქვს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების ვალდებულება, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. შეუძლებელია რამდენიმე დღის განმავლობაში საგუშაგოსკენ მიმავალი საგზაო მონაკვეთის მშენებლობა, სამშენებლო ტექნიკის გადაადგილება, საპოლიციო ძალების რიცხობრივი ზრდა, პროცესთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები, შეუმჩნეველი გამხდარიყო უსაფრთხოების სამსახურისთვის. ასეთი ტიპის ინფორმაციის ფლობა მისი პირდაპირი ამოცანაა და ამისათვის მას გააჩნია შესაბამისი ძალებისა და საშუალების (მათ შორის ფარული) გამოყენების ვალდებულება.

თუ დავუშვებთ, რომ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმ კონკრეტულ მომენტში ვერ ასრულებდა საკუთარ ფუნქციას, ჰქონდა ჩავარდნა მინიმუმ საოკუპაციო ზოლის ოპერატიული მომსახურების ნაწილში და სამსახური გამოიყურება არაკვალიფიციურად ყველაზე კარგ შემთხვევაში.

ძნელად წარმოსადგენია მიმდინარე პროექტის თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და არ ყოფილიყო მათი მხრიდან შესაბამისი კომუნიკაცია უსაფრთხოების სამსახურთან. აქვე მინდა აღვნიშნო ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ვალდებულება – მიმდინარე პროცესის თაობაზე მათ უნდა შეაგროვონ ინფორმაცია და აცნობონ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებას, დადგენილი წესით. მათ შორის, პირველ რიგში გუბერნიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, წარმოუდგენლად მეჩვენება საოკუპაციო ზოლზე ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება შეუმჩნეველი გამხდარიყო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.

თუ დავუშვებთ, რომ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, სახელმწიფოს მართვის მექანიზმები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში იყო მორღვეული, გაუმართავი და გაჯერებული უამრავი ხარვეზით. ეს შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო უწყებრივი თუ ადამიანური სისუსტეებით. ამის დაჯერება ძალიან რთულია. თუმცა, ნათელი სიგნალია საზოგადოებისთვის, რომ ქვეყანას აქვს პრობლემა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დაცვისა და მისი მართვის ნაწილში, რაც შემაშფოთებელია.

აქვე საყურადღებოა, რომ პოსტფაქტუმ ეს საკითხი ცნობილი გახდა რიგი უწყებებისათვის, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში შემავალი უწყებებისათვის. მაინტერესებს, რა ნაბიჯები გადაიდგა მათი მხრიდან ახალი მინისტრთა კაბინეტისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირობებში საკითხის სრულფასოვანი შესწავლის, არსებული ხარვეზების გამოვლენის, შესაბამისი რეაგირების, შესაძლო გადაცდომებზე სამართლებრივი რეაგირებისათვის.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი უწყებების იმ პერიოდში პირველი პირების განცხადებას თუ მივიღებთ სარწმუნოდ და გავყვებით მათ ლოგიკას, შეგვიძლია დავასკვნათ: უწყებათაშორისი თანამშრომლობა პრაქტიკულად არ არსებობდა, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იყო უფუნქციო, არ არსებობს სამართლებრივი რეაგირების მექანიზმი, არ მოქმედებს საპარლამენტო ზედამხედველობა ან თუ მოქმედებს სიმბოლური დატვირთვით, აზრს კარგავს უსაფრთხოების საკითხებზე საკომიტეტო მოსმენები, ასევე ნდობის ჯგუფის ფორმატში საქმიანობა და ა.შ.

დაუჯერებელია მინიმუმ შემდგომ წელს პარლამენტის შესაბამის კომიტეტზე ან ნდობის ჯგუფის ფორმატში უსაფრთხოების სამსახურს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონოდა მოხსენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან მის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე და ამ საკითხების ჩამონათვალში არ მომხდარიყო ჩორჩანას საკითხი.

თუ ეს საკითხი არ მოხვდა, რატომ? და თუ იქნა განხილული, რა დასკვნამდე მივიდა საქართველოს პარლამენტი. ასევე საინტერესოა, როდესაც ჩორჩანას საკითხის რეალიზაციის შემგომ შედგა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველივე შეხვედრა, იყო თუ არა ამ საკითხზე მსჯელობა, მათ შორის გაჟღერდა თუ არა საბჭოს წევრი უწყებების ხელმძღვანელთა მხრიდან მათი დღევანდელი პოზიცია…

თუ ხელისუფლების დღევანდელი ვერსიით ვიმსჯელებთ, იმ დროისათვის მინიმუმ ადგილი ჰქონდა შს ყოფილი მინისტრის მხრიდან თვითნებურ მოქმედებას საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელმაც გამოიწვია დამატებითი ტერიტორიების დაკარგვა…. სად იყო რეაგირება ამ ერთობ მნიშვნელოვან საკითხზე… რა ტიპის მოხსენებები არსებობს სხვადასხვა უწყების ანგარიშებში? ხომ არ გვაქვს საქმე რაიმე სხვა გარემოებასთან..

რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების რეაგირების საკითხს – ცხადია, ეს პროცესი აუცილებლად გახდებოდა საქართველოს სახელმწიფოთი დაინტერესებული მეზობელი ქვეყნებისა თუ სხვა სახელმწიფოების მზარდი დაკვირვების საგანი.

დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ თემის მიმართ იქნება გაკეთებული სხვადასხვა სახის შეფასება და ძირითადად აქცენტი გაკეთდება სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის საქმიანობის შესახებ, იმაზე თუ როგორ მოქმედებდა ქვეყანა უმწვავესი პრობლემის პირობებში, რა მექანიზმი მოქმედებს ინფორმაციასა თუ პროცესზე რეაგირების ნაწილში, გავლენის ფიგურები, გადაწყვეტილებების მიმღები პირები, საზოგადოებრივი რეაქციები, საექსპერტო შეფასებები და ა.შ.

ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობით დაინტერესებული სტრატეგიული პარტნიორები შეეცდებიან სარეკომენდაციო ხედვის ფორმირებას, თუ როგორ შეუძლია საქართველოს მოაგვაროს უსაფრთხოების სისტემის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები.

ჯანსაღი ურთიერთობების შემთხვევაში, დასავლელი პარტნიორებისაგან იქნება შემოთავაზება დახმარების აღმოჩენისა და სისტემის გამოსწორების თაობაზე.

რაც შეეხება მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს თუ აქტორებს, ისინი მიიღებენ ყოველივე არსებულ ინფორმაციას მხედველობაში და საქართველოსთან მიმართებით დაგეგმილი სხვადასხვა პოლიტიკური თუ სპეციალური სვლების დროს შეეცდებიან იხელმძღვანელონ გამოვლენილი ხარვეზებითა და მისი თავისებურებებით.

ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ეს ერთობ უცნაური პროცესი ვერ იქნება აღქმული ჯანსაღ პროცესად და გამოიწვევს მრავალ კითხვას, სამომავლოდ ასეთი ხარვეზების მქონე სახელმწიფოსთან სენსიტიურ საკითხებზე თანამშრომლობის ნაწილში.

ეს პროცესი საგრძნობლად აზიანებს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს ჩვენი მეგობრების თვალში, ქმნის ქვეყნის მიმართ უნდობლობის ზრდის რისკებს, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორმატებში და უხერხულ მდგომარეობაში აყენებს უსაფრთხოების სისტემაში დასაქმებულ საზოგადოებას.

წლების განმავლობაში ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობის გაძლიერებაში ჩადეს კოლოსალური რესურსი.

წარმოიდგინეთ თავი მათ ადგილას, როდესაც ამხელა რესურსი გაქვს ქვეყანის უსაფრთხოებაში ჩადებული და ხედავ, რომ ის დრო, რესურსი და კაპიტალი ტყუილად იქნა გახარჯული. ბუნებრივია, ეს გამოიწვევს მათში დიდ ფრუსტრაციას და გულისტკენას.

  • საჯარო კომენტარების მიხედვით, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ერთადერთია, ვინც დაადასტურა, რომ ის ფლობდა ინფორმაციას ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის შესახებ. რამდენადაც ცნობილია, საოკუპაციო ხაზზე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტი. სტრუქტურული მოწყობის რეალური მოდელი როგორია? თეორიულად რა შანსი არსებობს, რომ ინფორმაცია, რომლის ცოდნა შედიოდა სუს-ის კომპეტენციაში, ამ უწყებას არ სცოდნოდა და საქმის კურსში ყოფილიყო ინფრასტრუქტურის სამინისტრო?

პროექტი თავისი არსით მოიცავდა მათ შორის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელიც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ლოგიკურია, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება იქნებოდა ინფორმირებული და ჩემი სუბიექტური აზრით არამარტო დედაქალაქში, არამედ კონკრეტულ რეგიონშიც.

თუ დავუშვებთ იმ გარემოებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პროექტს ახორციელებდა თვითნებურად, მინიმუმ სამუშაოების დაწყებისათანავე ეს ინფორმაცია ცნობილი უნდა გამხდარიყო უსაფრთხოების სამსახურისათვის სხვადასხვა არხებიდან შემოსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. და თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ იმ კონკრეტულ მომენტში უსაფრთხოების სამსახური პრაქტიკულად იყო უფუნქციო და პროფესიულად მძიმე ვითარებაში.

და თუ ჰქონდა ინფორმაცია, მაშინ საინტერესოა, შედგა თუ არა კომუნიკაცია პრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ჩატარდა თუ არა სამუშაო შეხვედრა, განხილული იქნა თუ არა პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები, გამოიკვეთა თუ არა ის პრობლემატიკა, რამაც დღეს იჩინა თავი და ა.შ.

თუ საკითხი იყო შესწავლილი და დადგინდა პრობლემები, მაშინ რატომ არ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი პროცესის შეჩერებისათვის, ხოლო თუ პროექტი იმ დროს მიჩნეული იქნა გამართლებულად (სავარაუდოდ ეს ასეც იყო), მაშინ დღეს რამ გამოიწვია საკითხის ასეთ ჭრილში განხილვა და რატომ გახდა უსაფრთხოების მრავალი ფაქტორის შემცველი საკითხი, ამჯერად საჯარო განხილვის საგანი.

  • თუ გავყვებით ყოფილ მაღალჩინოსანთა ლოგიკას, რომ „სახელმწიფო უწყებები ვერ ხედავდნენ რა ხდებოდა საოკუპაციო ხაზზე“, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ახლაც ხდებოდეს რამე საოკუპაციო ხაზზე, რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთის ან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის  მხრიდან, რასაც ქართული მხარე ვერ ხედავს?

თუ ამ ლოგიკას გავყვებით, შეიძლება მივიდეთ კატასტროფულ დასკვნებამდე. საოკუპაციო ზოლის მონიტორინგი და, ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს მზარდი დაინტერესებისა და რეაგირების საკითხს.

ეს პროცესი არის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში შემავალი ნომერ პირველი საკითხი. შესაბამისად, სწორედ ოკუპაცია და ოკუპაციით გამოწვეული პრობლემები განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ჩვენი ქვეყნის განვითარების ტრაექტორიას და მომავალს.

თუ ვიხელმძღვანელებთ ბოლო დროს ჩორჩანას საკითხის ირგვლივ წარმოქმნილი პოლიტიკური თუ სამართლებრივი ბატალიებით, ადვილად დასაშვებია, რომ განვლილი წლების განმავლობაში, ამჟამად და შესაძლოა მომავალშიც იქნება ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემური თემები, საკითხები, რომელზეც ვერ მოხდა სათანადო რეაგირება, საკითხები, რომლებიც ვერ მოხვდა ყურადღების ცენტრში, ან საკითხები, რომელთა რეალიზებაც შედიოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში და არ იქნა განხორციელებული.

სრულიად ლოგიკურია, რომ რუსეთის ფედერაციას თუ თვითმარქვია ხელისუფლებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გააჩნიათ რიგი ინტერესები საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციას. მისი ძირგამომთხრელი/მტრული საქმიანობის პრევენცია და შესაბამისი რეაგირება, შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში თუ არსებობს სახელმწიფოს ნება გასწიოს ასეთი ტიპის წინააღმდეგობა, თუ სახელმწიფოს გააჩნია ასეთი წინააღმდეგობის გაწევის რეალური მექანიზმები, თუ სახელმწიფოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები შესაბამისი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით და თუ ქვეყანა რეალურად ნომერ პირველ პრობლემად ხედავს ოკუპაციის საკითხს.

  •  თუ ისევ გავყვებით ყოფილ მაღალჩინოსანთა ლოგიკას, რომ „რიგი სახელმწიფო უწყებები ვერ ხედავდნენ რას აკეთებდა შსს საოკუპაციო ხაზზე“. დღესეც შეიძლება რამე ხდებოდეს და არაფერი იცოდნენ?

დიახ, სრულიად სწორი და მართებული შეფასებაა. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, გამოდის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში არსებული ხარვეზებზე, ან საერთოდ არ რეაგირებენ ან რეაგირებენ წლების შემდეგ, დაგვიანებით, მაშინ როდესაც ეს შესაძლებელი იყო მომხდარიყო მყისიერად და ის შედეგი არ დამდგარიყო, რაზეც დღეს არის საუბარი.

ამავე ლოგიკით, ჩვენ შესაძლოა წლების შემდგომ შევიტყოთ სხვა პრობლემური საკითხების შესახებ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ახლო წარსულში, ან ადგილი აქვს ამჟამად და რეაგირება არ ან ვერ ხდება რიგი პოლიტიკური მიზანშეუწონლობისა თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით.

თუ მივიჩნევთ ჩორჩანას საკითხში გამოკვეთილ გარემოებებს როგორც დადგენილ ფაქტებს, რომელიც მხარეების მიერ იქნა გაჟღერებული ბოლო პერიოდში, მივალთ დასკვნამდე, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, ისეთი თემები, რაც ტერიტორიული მთლიანობას ეხება, ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, თავდაცვისუნარიანობა და ა.შ. დამოკიდებულია არა ეროვნულ ინტერესებზე, არამედ სხვა გარემოებებზე:

სახელმწიფო მოხელეები მოქმედებენ ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, ან არ არსებობს ეფექტიანი კოორდინაციის სისტემა, უსაფრთხოების თემები ეწირება სხვადასხვა პოლიტიკურ მდგენელებს და წლების განმავლობაში ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ჩატარებული რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები, სამსახურების გაძლიერების მიზნით გადადგმული სხვა ნაბიჯები, იყო ფუჭი, არაეფექტური და ახლა ქვეყანა საჭიროებს ახალ ეტაპს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გაჯანსაღებისათვის.

  • ვინ და როგორ იცავდა ქვეყნის უსაფრთხოებას თუ „არავინ არაფერი იცოდა“? რას ეუბნებიან ამ ამბით ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოს მოქალაქეებს?

მოსახლეობამ გააკეთა დასკვნები ამ საკითხის ირგვლივ. შესაბამისად, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ იდეალური უსაფრთხოების სისტემის შექმნა რთულია, მით უმეტეს ერთობ ტურბულენტურ გარემოში, თუმცა არა შეუძლებელი. ამის პრაქტიკული მაგალითები არსებობს და არის ამის განხორციელების კარგი შესაძლებლობები, თუ: ქვეყანას ექნება მიზანი შესაბამისი პოლიტიკური ნებით, თუ რა ტიპის უსაფრთხოების სისტემა უნდა რომ შექმნას, ეცოდინება ვინ არის პარტნიორი და ვინ მტერი, მუდმივად იქნება რეფორმები და ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები, სამართლებრივი რეაგირებები, სრულფასოვანი და მრავალმხრივი თანამშრომლობა დასავლელ პარტნიორებთან, შეიქმნება სხვადასხვა უსაფრთხოების ქოლგები სხვადასხვა მიმართულებებზე და ა.შ. ჩამონათვალი ძალიან დიდია.

არაფერი შეუძლებელი ამ საკითხში არ არსებობს, მერწმუნეთ. სურვილის, მზაობის და პოლიტიკური ნების შემთხვევაში, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს გამართული უსაფრთხოების სისტემა, რეგიონში წარმოადგენდეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ნაწილში პროგრესირებად სახელწიფოს. ცხადია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კეთილი ნება.

  • უნდა დადგეს თუ არა იმ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამბობს, რომ არ იცოდა ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობის ამბავი, თუმცა მათი მოვალეობა იყო რომ უნდა სცოდნოდათ.

ცნობილია, რომ საქართველო გენერალური პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას ამ საკითხზე და მოსალოდნელია, რომ გამოძიება მივა გარკვეულ შედეგებამდე. ამ საკითხის საჯარო განხილვებმა წარმოაჩინა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ხარვეზები, სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები და ქართულ საზოგადოებაში გაზარდა უნდობლობა უსაფრთხოების სისტემის მიმართ, გააჩინა ან გაზარდა მათი და ქვეყნის დაუცველობის განცდა.

სწორედ ამ ვითარების გამოსწორებისა და სამომავლოდ მსგავსი გადაცდომებისა თუ დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე გამართული უსაფრთხოების სისტემის მშენებლობისთვის, სახელმწიფო ვალდებულია ობიექტური გამოძიების პირობებში განახორციელოს ყველა სახის მოქმედება. პირველ ეტაპზე სიცხადე უნდა შევიდეს არსებულ ვითარებაში, გამოკვეთოს ის პირები, რომელთაც ნებსით თუ უნებლიეთ, საკუთარი მოქმედებითა თუ უმოქმედობით ზიანი მიაყენეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

სახელმწიფო ვალდებულია დასვას მათი პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი გახდა საჯარო განხილვის თემა და მოხდა საზოგადოების დეტალური ინფორმირება (პირადად მე ამას არ მივესალმები) ისეთი თემების ირგვლივ, რომელიც შესაძლოა არ წარმოადგენდა მისი პირდაპირი მომეტებული ინტერესის საგანს, სახელმწიფო ვალდებულია დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას გამოძიების შედეგების შესახებ.

აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება რა ტიპის ზომები იქნა მიღებული გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით, რა ტიპის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა პროცესში სხვადასხვა ფორმით მონაწილე საჯარო მოხელეთა მიმართ, რომლებმაც გავრცელებული ვერსიების მიხედვით, რიგ შემთხვევაში იმოქმედეს თვითნებურად, ან რიგ შემთხვევაში ჯეროვნად ვერ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები და წლების განმავლობაში თვალს ხუჭავდნენ ეროვნული უსაფრთხოების პრობლემატიკაში შემავალ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ასევე წარმოადგენს მზარდი ინტერესის საგანს.

ამავე თემაზე:

როგორ გაიხსნა ჩორჩანას საგუშაგო, რის გამოც გახარია შესაძლოა დააკავონ – ინტერვიუ შაიშმელაშვილთან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: