თურქეთში უკვე მეოთხე დღეა გრძელდება საპროტესტო აქციების ტალღა, რომელიც მოჰყვა 19 მარტს სტამბოლის ოპოზიციონერი მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებას „კორუფციისა და ტერორისტული კავშირების“ გამოძიების ფარგლებში. პროკურატურამ ასევე გასცა 100 სხვა ადამიანის დაკავების ორდერი.
მედიის ცნობით, 22 მარტს, დილას, თურქეთში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ გუშინ, 21 მარტს განაცხადა, რომ მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე 97 ადამიანი დააკავეს.
თურქული ოპოზიციური მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის ძირითადად არიან უნივერსიტეტის სტუდენტები და მემარცხენე ჯგუფების წევრები.
თურქული გამოცემა „ბიანეტი“, იურისტთა ასოციაციაზე (ÇHD) დაყრდნობით წერს, რომ პოლიციამ ანკარაში რეიდების დროს რამდენიმე სტუდენტი დააკავა და ორგანიზაციის ადვოკატთან ერთად.
ახალგაზრდულმა ორგანიზაცია Sol Genç-მა („მემარცხენე ახალგაზრდობა“) განაცხადა, რომ მისი სამი წევრია დაკავებული.
ასევე, თურქეთის ერთ-ერთ მემარცხენე მოძრაობასთან, „სახალხო სახლთან“ დაკავშირებულმა ახალგაზრდულმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე ადამიანი დააკავეს 21 მარტს აქციებზე პოლიციასთან შეტაკების შემდეგ.
თურქეთის მუშათა პარტია (TİP) კი იტყობინება, რომ პარტიის რამდენიმე წევრის სახლი დაარბიეს ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში.
21 მარტს, პარასკევს, თურქეთის დედაქალაქში, ანკარაში, იმამოღლუს რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) აქცია გაიმართა. ანკარის მერმა, მანსურ იავაშმა სიტყვით მიმართა ხალხს:
„უნივერსიტეტის სტუდენტები მოედანზე არიან, ხალხი – ქუჩებში, რადგან ამ ქვეყანაში უკანონობაა. დემოკრატია უგულებელყოფილია”.
სტამბოლში საპროტესტო აქციების ცენტრია სარაჩჰანეს მოედანი, მუნიციპალიტეტის შენობის წინ. „ბიანეტი“ წერს, რომ ყოველ საღამოს იქ ათასობით ადამიანი იკრიბება. 21 მარტს ამ მოედანზე შეტაკება მოხდა პოლიციასა და მომიტინგეებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ მსვლელობას ტაქსიმის მოედნისაკენ. პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
„ბიანეტი“ წერს, რომ რესპუბლიკური სახალხო პარტიის [CHP] ერთ-ერთმა ლიდერმა, ოზგურ ოზელმა სიტყვით მიმართა მოედანზე შეკრებილ დემონსტრანტებს:
„როცა ტაქსიმზე ყოფნის დრო მოვა, ჩვენ ტაქსიმზე ვიქნებით“.
სტამბოლში მდებარე ტაქსიმის მოედანი თურქეთში პროტესტის ცნობილი ადგილია 2013 წლიდან, როცა გეზის პარკის დასაცავად დაწყებული აქცია ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ მძლავრ დემონსტრაციად იქცა.
____________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/ERDEM SAHIN
ამავე თემაზე:
„ახალგაზრდებისთვის სტამბოლის მერის დაკავება ბოლო წვეთი აღმოჩნდა“ – ინტერვიუ თურქოლოგთან






