„ჩემი მეუღლის ბიულენთ ბაქირელის საქართველოდან გაძევების შემდეგ, მე და ჩემი 7 წლის ალექსი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით.
დავრჩით შემოსავლის გარეშე. აღარ გვაქვს საკვების, წამლის, ქირის ფული. იცით, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს განსაკუთრებული კვება სჭირდებათ კუჭ-ნაწლავის პრობლემები რომ არ შეექმნათ.
ალექსის ძილის პრობლემებიც აქვს და ყოველდღიურად ვაძლევ „ვალოდორმის“ წვეთებს, რომ დაიძინოს. ისე ვერ იძინებს. კვირაში ერთხელ უნდა შევიძინო ეს წამალი, რაც 31 ლარი ღირს.
საკუთარი ბინა არ გვაქვს, ქირაში 600 ლარს იხდიდა ჩემი მეუღლე. ბინის მეპატრონემ გამიწია შეღავათი და 500 ლარზე ჩამომიყვანა ქირა. 12 სექტემბერს მიწევს ბინის ქირის გადახდა და ფული არ მაქვს. ხან ვის ვთხოვ 10-15 ლარს და ხან ვის. დავიღალე ძალიან. მოგვაქციოს ხელისუფლებამ ყურადღება, ნუ დატოვებენ ჩემ შვილს უმამოდ“, – ამბობს სოფო ასამბაძე-ბაქირელი.
სოფოს შესახებ „ბათუმელებმა“ 25 აგვისტოს გამოაქვეყნა მასალა, სადაც სოფო გვიყვებოდა, როგორ დარჩა მარტო აუტისტური სპექტრის მქონე შვილთან ერთად, მისი მეუღლის გაძევების შემდეგ.
იქიდან მოყოლებული, სოფო ბაქირელი ცდილობს ხმა მიაწვდინოს საემიგრაციო სამსახურს, კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ჯერჯერობით, ვერსაიდან იღებს პასუხს.
მეუღლის გაძევების შემდეგ კი სოფოს და ალექსის ფინანსურადაც გაუჭირდათ.
„ჩემი მეუღლეც ვერ მეხმარება, რადგან ისიც მძიმე მდგომარეობაშია. საზღვართან ახლოს, მეჩეთს აფარებს თავს, სამუშაო არ აქვს და, ბუნებრივია, ჯერ ვერ გვეხმარება ფინანსურად. აქ რესტორანში მუშაობდა და ისე გვარჩენდა.
მე ვერ შევძლებ მუშაობას, რადგან ალექსის აუტიზმი აქვს და იცით, რომ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. მუდმივად მასთან ვარ. გესმით ხომ, ახლაც ტირის. არ ვიცი რა გზას დავადგე“, – ამბობს სოფო.
ის ამბობს, რომ საემიგრაციო სამსახურში განცხადება დაწერა და ითხოვს მეუღლის ქვეყანაში შემოშვებას.
„ეს ალექსისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მამასთან დაშორებას ძალიან განიცდის – სულ ეძებს, ტირის, ნერვიულობს. მიჩვეული იყო მამაზე და ახლა ძალიან უჭირს“, – ამბობს სოფო.

სოფო ასამბაძე-ბაქირელი და მისი ოჯახი.
ალექსი წელს პირველ კლასში შედის. „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყველა პირველკლასელი ვალდებულია სასკოლო ფორმა ატაროს. განათლების სამინისტრომ ფორმები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყიდა, თუმცა პირველკლასელთა მშობლებს მაინც უწევთ ფორმის ყიდვა. ფორმის ღირებულება 95 ლარია.
სოფო ამბობს, რომ მას ამ ეტაპზე სასკოლო ფორმის შეძენა არ შეუძლია.
„წავედი ფორმის ასაღებად სკოლაში. ჩემი ბავშვი არის ფიზიკურად დიდი, სკოლის ფორმა აღმოჩნდა პატარა, არ მოერგო. ქალი მეუბნება, შეაკერვინეო. ქალბატონო, მე ვერ შევუკერავ ბავშვს ფორმას, რადგან ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში ვარ-მეთქი. თითქოს მიმანიშნა, რომ მაშინ ვერ მოვა სკოლაში, ფორმის გარეშე არ შეიძლებაო, მითხრა.
ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ალექსის აუტიზმი აქვს და ტანზე მჭიდროდ მოდგმულ ტანსაცმელს ვერ იტანს. „გახიე, გახიე“ – ასე მეუბნება ხოლმე და ცდილობს მოიშოროს, რაც აცვია და კოსტიუმს გაუძლებს? მე ხომ ვიცი ჩემი შვილის მდგომარეობა, არა?
პედაგოგს ვუთხარი, ვუყიდი ლურჯ შარვალს და თეთრ პერანგს-მეთქი. იმედია ამაზეც არ შეგვიქმნიან პრობლემას“, – ამბობს სოფო.
მისი თქმით, ასე დაუგეგმავად, ვერც თვითონ წავა მეუღლესთან, რადგან ალექსისთვის გარემოს უცაბედი ცვლილება დამატებითი სტრესი იქნება.
„ბევრი ვიშრომე და ძლივს წამოიღო სიტყვები, მესამე პირში ლაპარაკობს, მაგრამ მაინც. ახლა, რომ თურქულად დავუწყო ენის სწავლება, ძალიან დიდ სტრესს მიიღებს და მთელი შრომა წყალში ჩამეყრება.
მინდა, რომ ჩემს მეუღლეს მისცენ საზღვრის კვეთის უფლება, შემოვიდეს ქვეყანაში და დავიწყოთ ბინადრობის მიღების პროცედურები. ალექსისთვის ძალიან რთულია უცხო გარემოში მოხვედრა.
რამდენი ხანია ვცდილობ ხმა მივაწვდინო ხელისუფლებაში მყოფ პირებს, რომ ჩემი და ალექსის გასაჭირი გულთან მიიტანონ.
წერილები გავუგზავნე ირაკლი კობახიძეს, ვცდილობ ხმა მივაწვდინო ბიძინა ივანიშვილს, რომ დამეხმაროს. ნუ ჩააგდებენ ჩემს შვილს მძიმე მდგომარეობაში, მეც ძალიან მიჭირს უკვე.
მისცენ ჩემს მეუღლეს ბინადრობის უფლება, 8 წელია ქორწინებაში ვართ, აქ დაიბადა ჩემი შვილიც, ნუ გაგვაძევებენ საკუთარი ქვეყნიდან. ალექსი აქ არის ყველაფერს შეჩვეული, ეს არის ჩვენი ქვეყანა.
ამდენი წელია ცდილობს ჩემი მეუღლე ბინადრობის მიღებას და იქნებ ახლა მაინც მისცენ ამის შესაძლებლობა.
გააკეთონ ეს ჩემი შვილისთვის, რომელსაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვს და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდ, მისთვის ნაცნობ გარემოში ყოფნა და განვითარება.
დაუბრუნონ ალექსის მამა სახლში. როგორ ვიცხოვრო აქ მარტო, აუტიზმის მქონე ბავშვთან ერთად, როგორ მოვუარო და დავაპურო. დამეხმარონ“, – ამბობს სოფო ასამბაძე-ბაქირელი.
თურქეთის მოქალაქე, ბიულენთ ბაქირელი საქართველოდან 12 აგვისტოს გააძევეს. როგორც მისი მეუღლე, საქართველოს მოქალაქე სოფო ასამბაძე-ბაქირელი გვეუბნება, ბიულენთ ბაქირელი მოულოდნელად დააკავა პოლიციამ და ისე გააძევეს ქვეყნიდან, რომ მას ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს.
სოფოსა და მისი 7 წლის შვილის დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ ანგარიშზე:
თიბისი ბანკი: GE61TB7084845068100012
მიმღები: ქეთი გოგიტიძე.





