მთავარი,სიახლეები

„გზა აყარეს და აღარავინ ჩანს“ – მოსახლეობა ფერიაში ხიდის მშენებლობის განახლებას ითხოვს

03.08.2026
„გზა აყარეს და აღარავინ ჩანს“ – მოსახლეობა ფერიაში ხიდის მშენებლობის განახლებას ითხოვს

ბათუმის გარეუბანში, სოფელ ფერიაში მოსახლეობა ხიდის მშენებლობის განახლებას ითხოვს. სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, თუმცა ბათუმიდან დაახლოებით 15 წუთის სავალზეა.

მიმდინარე წლის მაისში ფერიაში დაანგრიეს ხიდი, რომელიც მოსახლეობას ბათუმთან აკავშირებდა. როგორც ადგილობრივები „ბათუმელებს“ უყვებიან, ხიდის დანგრევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროექტი კორექტირებას საჭიროებდა.

კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა და უკვე ორ თვეზე მეტია მოსახლეობა ითხოვს პასუხს კითხვაზე – როდის აშენდება ახალი ხიდი, თუმცა – უშედეგოდ.

სოფელ ფერიაში მცხოვრები თამუნა აბაშიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ 15 წუთის გზა, რომელიც სოფელს ბათუმთან აშორებდა იქცა 45 წუთიან გზად, იმის გამო, რომ მოსახლეობას შემოვლითი გზებით უწევს სოფლიდან გამოსვლა.

„როდესაც გზის რეაბილიტაცია დაიწყო, მოვიდნენ და გაგვაფრთხილეს – ორი-სამი თვე დასჭირდება ხიდის მშენებლობასო. გზა აყარეს, ხიდი დაანგრიეს და მის შემდეგ არავინ არ ჩანს. ორი თვეა ასე ვართ. აღარავინ მოსულა ხიდის დაგნრევის შემდეგ, რომ ეთქვა რა მოხდა – როდის აშენდება ხიდი და როდის მოგვხედავენ,“ – ამბობს თამუნა აბაშიძე.

მისი თქმით, მოსახლეობამ გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშებისგან შეიტყო, რომ ხიდის რეაბილიტაციის თავდაპირველი პროექტი გადასაკეთებელი აღმოჩნდა და ახლა ყველა ამ პროექტის გადაკეთებას ელოდება.

იგივე უთხრეს „ბათუმელებს“ ფერიის გზის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმაც. მათი თქმით, როგორც მათთვის ცნობილია, პროექტს სჭირდება კორექტირება და სწორედ ამის გამო შეფერხდა მშენებლობა.

სოფელ ფერიაში მცხოვრებლები შიშობენ, რომ შეჩერებული სამუშაოების გამო ხიდის მშენებლობა სკოლის დაწყებამდე ვერ დასრულდება, ხიდის გარეშე კი ბავშვებს სკოლამდე სახიფათო გზის გავლა მოუწევთ.

გზა, რომლის გავლაც ბავშვებს მოუწევთ, თუკი სწავლის დაწყებამდე ფერიაში ხიდი არ აშენდება

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ-ერთი დაპირება იყო ამ სოფლის გზის მოწესრიგება. ახლა არის უფრო ცუდი მდგომარეობა. რეაბილიტაციის დაწყებამდე ჭირდა გადაადგილება, მაგრამ მაინც შეიძლებოდა.

ახლა კი შეუძლებელია სოფელში მისვლა.

ეს რამ გამოიწვია? იმან, რომ სანამ სამუშაოები დაიწყებოდა, არ მომზადდა გეოლოგიური დასკვნა, არ შეისწავლეს ფერდის დახრილობა, რამდენად ჩაკეტავდა კალაპოტს და შესაბამისად ამან გამოიწვია დაგუბება. ეს დაგუბება დამატებით პრობლემას გამოიწვევს, რადგან გვერდით სოფლის წყაროა, რომელიც ზიანდება,“ – ამბობს მუხრან გორგაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“.

 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, „31 დეკემბრის ქუჩა – ფერია – მნათობი“ მონაკვეთზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 722 ათას 812 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა 6-მა კომპანიამ მიიღო. ეს კომპანიებია: შპს „კოხტა ძირი 2010“, „ზიმო-7“, „გზა“, შპს „პალადა“, „პარალაინი“ და შპს „არ სი ქონსთრაქშენი“.

გამარჯვებულად შპს „პალადა“ გამოაცხადეს და 1 669 999 ლარზე გაუფორმეს ხელშეკრულება. კომპანიამ ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება, რომ სამუშაოებს 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შეასრულებდა.

„ბათუმელებმა“ კომენტარისთვის მიმართა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 31 დეკემბრის ქუჩა – ფერია – მნათობის მიმართულებით, 1,4-კილომეტრიან მონაკვეთზე, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის მიხედვით აშენდება სამი საავტომობილო ხიდი და მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი.

სამივე ხიდის მშენებლობისთვის ამჟამად მიმდინარეობს პროექტის კორექტირება. სამუშაოები უახლოეს დღეებში განახლდება.

ამ ეტაპზე აღნიშნულ საავტომობილო გზაზე, სავალ ნაწილზე მიმდინარეობს გრუნტის შეცვლის სამუშაოები. ასევე, ეწყობა სანიაღვრე არხები და წყალგამტარი მილები.

სამუშაოებს ახორციელებს შპს „პალადა“, – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის გზების დეპარტამენტში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.