„მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს….“ – ამ ფრაზით იწყება საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადება, რომელსაც იგი ბერლინის კედლის დაცემის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. ანალოგიური შინაარსის ტექსტს ავრცელებს გერმანიის საელჩო სხვა ქვეყნებშიც.
რა დამოკიდებულება ჩანს ამ განცხადებით: როგორია გერმანიის, როგორც დასავლეთის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს პოზიცია „მშვიდობიანი რევოლუციის“ მიმართ? – „ბათუმელები“ ამ თემაზე პუბლიცისტს, ზაალ ანდრონიკაშვილს ესაუბრა:
- ბატონო ზაალ, თქვენ კარგად იცნობთ როგორც საქართველოს დღევანდელობას, ისე გერმანიას. თქვენთვის რა გზავნილია ბერლინის კედლის დაცემის დღესთან დაკავშირებით გერმანიის საელჩოს განცხადება, რომელიც ამ ფრაზით იწყება: „მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს…“
მე გერმანიის განცხადების ინტერპრეტაციას ვერ დავიწყებ, რადგან ყველას შეუძლია თავისი აზრი გამოიტანოს ამ განცხადებიდან. მე შემიძლია ვილაპარაკო კონტექსტზე.
9 ნოემბერი ბერლინის კედლის დაცემის დღეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა გერმანიის ისტორიაში, რადგან ამ დღიდან დაიწყო გერმანიის გაერთიანების ისტორია, დაიწყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დასასრული, რომელიც ისევე, როგორც საბჭოთა კავშირი, იყო უსამართლობაზე დამყარებული.
ეს იყო დიქტატორული სახელმწიფო, რომელსაც სპეცსამსახურების უზარმაზარი აპარატი ჰქონდა. მაშინ მილიონობით ადამიანი არაფორმალურად თანამშრომლობდა ამ დაწესებულებებთან. ეს რეჟიმი 40 წელი არსებობდა და ბერლინის კედელი 1961 წლიდან 1989 წლამდე ყოფდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინს, ეს იყო ხილული სიმბოლო ცივი ომის, სიმბოლო გერმანიის განაწილებისაც.
მიუხედავად ყოველივე ამისა, ბერლინის კედელი დაეცა და დაეცა სწორედ, ერთი მხრივ, ამ მშვიდობიანი რევოლუციის წყალობით, გერმანელები გამოვიდნენ ქუჩაში, არ შეუშინდნენ დრაკონულ რეჟიმს, რომლისაც ძალიან ეშინოდათ, მიაღწიეს კედლის გარღვევას და გერმანია ჩამოყალიბდა, როგორც ერთიანი, დემოკრატიული სახელმწიფო.
რამდენად არის ეს ამბავი ჩვენთვის მნიშვნელოვანი? ჩვენთვისაც ეს იყო გაკვეთილი, რადგან 1989 წელი ჩვენთვისაც არ არის უცხო წელი – გვახსოვს 9 აპრილი რით დაიწყო და მანამდე ეროვნული მოძრაობის გაღვივება, გაძლიერება. არავის ეგონა, მაგალითად, 1987 წელს, როდესაც პირველი ნიშნები ჩნდებოდა ეროვნული მოძრაობისა, რომ გიგანტური მონსტრი, პოლიციური სახელმწიფო თავისი უძლეველი „კაგებეთი“, ბირთვული არსენალით, შეიძლება ჩამოშლილიყო სულ რამდენიმე წლის შემდეგ.
მაშინ ძალიან დიდი გამბედაობა იყო ადამიანების მცირე ჯგუფისა, რომელიც იზრდებოდა ნელ-ნელა მიტინგებზე… 1989 წლის აპრილში უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ამ აქციებში. ამ სახალხო აღზევების ერთ-ერთი დიდი დამსახურება ის იყო, რომ დაინგრა საბჭოთა კავშირი.
არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა მაინცა და მაინც იმის გამო, რომ საქართველოში მასობრივი აქციები მიმდინარეობდა, მაგრამ არ იყო მარტო საქართველო – მაშინაც გამოჩნდა, რომ საქართველოსა და გერმანიაში მიმდინარე მოვლენები, უნგრეთსა და პოლონეთში, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე მოვლენები, ასევე ბალტიის ქვეყნებში, იყო ერთიანი პროცესი, გათავისუფლების პროცესის დასაწყისი.
ცხადია, ამას ხელი შეუწყო დიდმა საერთაშორისო კონიუნქტურამაც, იმან, რომ საბჭოთა კავშირში იყო მთავრობა, რომელიც წავიდა დათმობაზე, დასავლეთთან დაიწყო „ცივი ომის“ დასარული. ეს იყო გადამწყვეტი ცვლილებები.
ამ სახალხო გამოსვლების, ეროვნული მოძრაობის და დიდი ერთიანობის გარეშე ეს ყველაფერი ნამდვილად არ მოხდებოდა. 1989 წლიდან საქართველო იყო აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესების არა მხოლოდ ნაწილი, არამედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, ჩვენ ავანგარდშიც ვიდექით ამ ცვლილებების. საქართველომ მაშინაც კი დაადასტურა, რომ ის იყო ამ ერთიანი პროცესების ნაწილი.
- ეს მხოლოდ ისტორიაა, თუ გერმანია, როგორც დასავლეთის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო, დემოკრატიულ შესაძლებლობად დღევანდელობაშიც უშვებს „მშვიდობიან რევოლუციას“? რა პათოსი ჩანს გერმანიის საელჩოს განცხადებაში?
ეს არის ისტორიის ნაწილი, რომ მშვიდობიან რევოლუციას შეუძლია მოიტანოს ცვლილებები, გერმანიის შემთხვევაში კი, შეიცვალოს ავტორიტარული რეჟიმი დემოკრატიით. ეს საერთო გამოცდილებაა და გერმანია გვახსენებს თავის ისტორიას. ჩვენ როგორ წავიკითხავთ ამ ისტორიას, რა შთაგონებას ვნახავთ მასში, ჩვენი გადასაწყვეტია. გერმანია გვახსენებს ჩვენს საერთო ისტორიას. ისტორია ისეთი რაღაც არის, რომელიც შეიძლება განმეორდეს სხვადასხვა ფორმით.
ქართველი ხალხის ბედი არის ქართველი ხალხის ხელში. ქართველი ხალხის გარდა, არ არსებობს არავინ და არაფერი, ვინც ქართველ ხალხს მოუტანს თავისუფლებას და კეთილდღეობას. მშვიდობიანი რევოლუციის აზრი კი მდგომარეობს იმაში, რომ ის მოხდა არა კანონზე, არამედ უკანონობაზე დამყარებულ სახელმწიფოებში.
მშვიდობიანი რევოლუციები საბჭოთა კავშირში და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც მოხდა არა ისეთ ქვეყნებში, სადაც არსებობდა კანონის უზენაესობა, არამედ ისეთ ქვეყნებში, რომლებიც იდგნენ უკანონობაზე. ეს იყო არადემოკრატიული, ავტორიტარული, დიქტატორული, საბჭოთა კავშირის შემთხვევაში კი, ტოტალიტარული რეჟიმები. იქ, სადაც კანონიერი სახელმწიფო არსებობს, იქ რევოლუცია საჭირო არც არის, რადგან ხალხის ნების გამოხატვის კანონიერი ფორმები არსებობს, მაგალითად, არჩევნები.
ისეთ ქვეყანაში, სადაც მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება, რომ თავიანთი ნება გამოხატონ არჩევნების გზით, სადაც მთავრობა არ წარმოადგენს ხალხს, არის უცხო ხალხისთვის, სადაც დიქტატორული რეჟიმებია, ასეთ ქვეყნებში ხდება მშვიდობიანი რევოლუციები. ამას გნებავთ ისტორიის კანონზომიერება დაარქვით, გნებავთ სტრუქტურული აუცილებლობა.
ისეთ ადგილას, სადაც ხალხს არ აქვს გამოხატვის თავისუფლება და თავისი ნების დაფიქსირების შესაძლებლობა, რაც არ უნდა დიდხანს გაგრძელდეს რეჟიმი, ის ოდესღაც ყოველთვის მთავრდება, რადგან, საბოლოო ჯამში, ხალხი უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი რეჟიმი. ეს რეჟიმი შეძლება გაგრძელდეს 10 წელი, 20, ან 30 წელი, 40 წელი ისევე, როგორც ეს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შემთხვევაში იყო, მაგრამ მაინც ბოლოს აი, ეს ბერლინის სიმბოლური კედელი ინგრევა.