მთავარი,სიახლეები

ბანკიდან 100 მლნ ევრო გაიტანეს – ყველაზე დიდი ძარცვა გერმანიის ისტორიაში

06.01.2026
ბანკიდან 100 მლნ ევრო გაიტანეს – ყველაზე დიდი ძარცვა გერმანიის ისტორიაში

დეკემბრის ბოლოს, ახალი წლის წინა დღეებში, გერმანიაში ბანკი გაძარცვეს. ამ შემთხვევას მედიამ გერმანიის ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვა უწოდა. ზარალი შესაძლოა 100 მილიონ ევროს აღემატებოდეს.

შემთხვევა ქალაქ გელზენკირხენში მოხდა. საშობაო არდადეგების დასრულების შემდეგ, 29 დეკემბერს, ორშაბათს, ბანკ Sparkasse-ის ფილიალის დაცვამ აღმოაჩინა, რომ გატეხილია ბანკის საცავი, დაახლოებით 3200 სეიფი, რომლებშიც ნაღდი ფული, ოქრო და სხვა ძვირფასი ნივთები ინახებოდა.

მძარცველებმა ბანკში შენობის მიმდებარე ავტოსადგომიდან, კედლის გამონგრევის შედეგად შეაღწიეს.

გერმანულია მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ მძარცველებმა მიწისქვეშა ავტოსადგომიდან თავდაპირველად არქივის განყოფილებაში შეაღწიეს, იქიდან კი, სპეციალური ბურღის გამოყენებით ბანკის საცავის რკინაბეტონის კედელში უზარმაზარი ხვრელი გააკეთეს.

უცნობია მიზეზი, თუ რატომ არ ჩაირთო სიგნალიზაცია.

ბანკის ცნობით, დამნაშავეებმა 3 250 მომხმარებლის შემნახველი სეიფების 95 პროცენტი გატეხეს. უცნობია, ზუსტად რა ოდენობის თანხა და ძვირფასეულობაა გატანილი, რადგან შემნახველ სეიფებში მომხმარებლები თავად ტოვებდნენ ფულსა და ძვირფასეულობას. თუმცა, პირველადი ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 100-მდე მილიონ ევროზე. ამჟამად ბანკი სეიფების მფლობელებს წერილებს უგზავნის, სადაც ინვენტარიზაციის სიას და სეიფების შიგთავსის დამადასტურებელ დოკუმენტებს ითხოვს, მაგალითად, ფოტოების სახით.

6 იანვრის მონაცემებით, პოლიცია მძარცველების კვალზე ჯერ არ გასულა, თუმცა 5 იანვარს, გერმანულმა საინფორმაციო სააგენტო dpa-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამომძიებლებმა ამოიღეს სანომრე ნიშნები, რომლებიც, როგორც ჩანს, მძარცველების მანქანას ეკუთვნის.

სანომრე ნიშნები დორტმუნდში იპოვეს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, ეკუთვნოდა თუ არა ის რეალურად მძარცველებს.

ტაბლოიდი „ბილდი“ წერს, რომ სანომრე ნიშნები დორტმუნდის რკინიგზის სადგურთან მდებარე ტაქსის გაჩერებასთან ახლოს ნაგვის ურნაში იყო დატოვებული და ამის შესახებ პოლიციას ტელეფონით თვითმხილველმა აცნობა.

პოლიციამ დამნაშავეების იდენტიფიცირების მიზნით ვიდეოთვალთვალის კამერებიდან აღებული რამდენიმე სურათი გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახულია ეჭვმიტანილი, რომელსაც ბალაკლავა და მწვანე ხელთათმანები აცვია და ავტოსადგომის ბარიერთან დგას.

პოლიცია კვლავ ეძებს მოწმეებს, რომლებმაც ბოლო დღეებში საეჭვო ხმა გაიგონეს ან რამე დაინახეს დანაშაულის ადგილზე.

_____________

ფოტოზე: ბანკის სეიფის გამონგრეული კედელი. ფოტო: „დოიჩე ველე“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: