„ევროპამ დაასრულა ხანგრძლივი შვებულება მსოფლიო ისტორიიდან“ – განაცხადა დღეს, 13 თებერვალს, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. „დოიჩე ველეს“ ცნობით, მერცმა გამოიყენა გერმანელი ფილოსოფოსის, პეტერ სლოტერდაიკის ციტატა.
გერმანიის კაცლერმა განაცხადა, რომ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი წარსულს ჩაბარდა და დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ მსოფლიოში თავისუფლება საფრთხის ქვეშაა. მან ამის მაგალითად რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი დაასახელა.
„დიდი სახელმწიფოების ეპოქაში ჩვენი თავისუფლება აღარ იგულისხმება თავისთავად. ის საფრთხის ქვეშაა. ამ თავისუფლების დაცვა მოითხოვს სიმტკიცეს და ნებისყოფას. ეს მოითხოვს, რომ მზად ვიყოთ ცვლილებებისთვის, ადაპტაციისთვის და, დიახ, მსხვერპლისთვისაც კი. და არა ოდესმე, არამედ ახლავე“, – ციტირებს „დოიჩე ველე“ გერმანიის კანცლერს.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, მერცმა ხაზი გაუსვა, რომ ნატოს წევრობა კონკურენტული უპირატესობაა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ ეს უპირატესობაა ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც და აშშ-ის მუშაობა შესთავაზა ნდობის აღსადგენად.
მერცი თავისი გამოსვლის იმ ნაწილში, რომელიც პირდაპირ ვაშინგტონისადმი იყო მიმართული, ინგლისურ ენაზე გადაერთო და თქვა, რომ „დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის ეპოქაში, შეერთებული შტატებიც კი არ იქნება საკმარისად ძლიერი, რომ მარტომ იმოქმედოს“.
„ჩვენი მეგობრები შეერთებულ შტატებში ტემპს აჩქარებენ. ისინი მიხვდნენ, რომ ჩინეთს ჩამორჩებიან… ჩვენ, ევროპელები, ასევე ვიღებთ ზომებს ამ ახალ დროში, თუმცა, ჩვენ მივდივართ აშშ-ის ადმინისტრაციისგან განსხვავებულ შედეგებსა და დასკვნებამდე“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
თავისი გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი კიევს. მან თქვა, რომ მხარს უჭერენ უკრაინას რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და იყენებენ ფინანასურ, დიპლომატიურ და სამხედრო გზებს ამისათვის.
მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენცია დღეს, 13 თებერვალს დაიწყო და 15 თებერვალს დასრულდება.






