გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დაადასტურა გერმანიის ხელისუფლების ურყევი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვით ომში.
„ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ ყოველგვარი „თუ“-სა და „მაგრამ“-ს გარეშე“, – განაცხადა დღეს, 20 თებერვალს, შტუტგარტში, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პარტიულ ყრილობაზე გამოსვლისას მერცმა.
ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანია არასდროს შეეგუება იმ ფაქტს, რომ „დანაშაულებრივი რუსული რეჟიმი სისტემატურად აწარმოებს ომს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის, მოხუცების, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ“.
მერცმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიას თან ახლავს „აუტანელი ნაცისტური პროპაგანდა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ – ხალხის, რომლებიც იტანჯებოდნენ გერმანიისა და რუსეთის ტირანიის ქვეშ, როგორც მსოფლიოში თითქმის არავინ“.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში ლაკმუსის ტესტია ევროპული ღირებულებებისა და სიმტკიცისთვის.
ასევე, მერცმა განაცხადა, რომ ვინც დღეს „გულუბრყვილო პაციფიზმს“ მისდევს, ხვალინდელ ომებს უწყობს ხელს. „სიმშვიდე მშვიდობას არ ქმნის, ის მხოლოდ აგრესორს ამხნევებს“ – თქვა მერცმა.
„ფრიდრიხ მერცმა მოუწოდა პასუხის გაცემისკენ კითხვაზე, როგორ შეუძლია გერმანიას დაიცვას თავისი ღირებულებები, ინტერესები, თავისუფლება, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და სუვერენიტეტი. მისი აზრით, ეს პასუხი ევროპული სულისკვეთებით უნდა იყოს გაცემული, გერმანიის ყოფილი კანცლერების, კონრად ადენაუერის და ჰელმუტ კოლის ტრადიციისამებრ და „ღირებულებებით შეკრული რეალიზმის“ საფუძველზე. ამავდროულად, დაასკვნა მან, ევროპამ უნდა ისწავლოს „ძალის ენაზე საუბარი“ – წერს „დოიჩე ველე“.
______________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/RONALD WITTEK






